შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბათუმში დაკარგული 16 წლის ლუკა აბულაძის საქმესთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს.
უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ერთ დაკავებულს არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო ორს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. – ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი.
ლ.ა. – ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
ზ.ს. – ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. – მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.
მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. – სთან ერთად სვლა განაგრძო.
წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა. – ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ლუკა აბულაძეს ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს. 16 წლის ბიჭის ბიძა აცხადებდა, რომ ბიჭმა ცურვა არ იცოდა.
კომენტარები