ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
თეზა რომ ერეკლე მეორე არის “მოღალატე” იმიტომ რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.
ცოტა უტრირებულად, მაგრამ ეს იგივეა, რაც მაგალითად დავით აღმაშენებლისთვის გენდერული თანასწორობის დაუცველობა და კლიმატური ცვლილებებისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულება რომ დაგვებრალებინა.
მეორე მხრივ, ერეკლეს დამცველები მას ექომაგებიან არგუმენტით, რომ მეფემ ამდენი იომა, ამდენჯერ დაიჭრა და მასზე აბა როგორ ვლაპარაკობთო. ესეც, მე-20 და 21-ე საუკუნეთა არგუმენტებია. რა შუაშია ომი და დაიჭრა, როცა პროცესი და ეპოქა გვაქვს გასაანალიზებელი?
ხშირად მითქვამს, ილიას გვაინტერესებს არა როგორც ბანკისა და წერა კითხის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებელი, როგორც ივერიისა და მოდერნული ქართველი ერის არქიტექტორი, არამედ როგორც 1907 წელს მოკლული კაცი. ისტორიკოსებმა ათზე მეტი წიგნი დაწერეს მის მკვლელობაზე და არც ერთი მის სრულ ბიოგრაფიაზე. ასეა ერეკლეზეც, არა პროცესი, არამედ ჭრილობები.
ერეკლეზეს და გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ კრიტიკული დასკვნები გულისხმობს იმას, რომ 1783 წლისა და 2022 წლის რუსეთი ერთი ჭირია. აი ეს დამოკიდებულება ნასაზრდოებია იმით რომ ჩვენი ისტორიოგრაფია არა აზროვნების, არამედ ნაციონალიზმის სამსახურში დგას. იქ არიან კარგი და ცუდი კაცები, შავი და თეთრი ფერები. ფარნავაზზე და ფარსმან ქველზეც მეოცე საუკუნის გადმოსახედიდან ვლაპარაკობთ.
1783 წლის საქართველო არის სპარსეთის გარეუბანი. კულტურულად, პოლიტიკურად, განათლებისა და თავისი ეპოქის მხრივ. ამ დროს დასავლეთში ჯორჯ ვაშინგტონს მოგებული აქვს ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომი, ბრიტანეთში მომხდარია ინდუსტრიული რევოლუცია, საფრანგეთში ექვს წელიწდში ხდება დიდი რევოლუცია, რომელიც მსოფლიო ისტორიას ცვლის. საქართველო ძალიან შორს არის ამ მოდერნიზაციისგან, ძალიან. ის რამდენიმე საუკუნით ჩამორჩება თავის თანადროულ მსოფლიოს, არის აღმოსავლეთში და იქაც არის პროვინცია.
მეორე მხრივ, როგორც ისტორიკოსები ზოგადად უწოდებენ ხოლმე, საფრანგეთის რევოლუციიდან იწყება “იმპერიების ეპოქა”. ქრებიან პატარა სახელმწიფოები და მათ იკავებენ დიდი იმპერიები. შეუძლებელია საქართველოს მეცხრამეტე საუკუნე დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსით გამოევლო. დახედეთ მეცხრამეტე საუკუნეში მსოფლიო პოლიტიკური რუკის ევოლუციას და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ.
რუსეთის იმპერია, პეტრე დიდიდან ლენინამდე, იყო შედარებით ჩამორჩენილი, დისკრიმინაციული, რეპრესიული, მაგრამ მაინც დასავლური სახელმწიფო. ის დასავლური იყო კულტურულად, საგანმანათლებლო სისტემით, გეოპოლიტიკით და ა.შ. ეს არ იყო “ძველი ევროპა”, მაგრამ იყო დასავლეთი. საქართველოს მოდერნიზაცია მოხდა ამ სივრცეში და ყველაფერი ის, რითაც ვამაყობთ, გაჩნდა ამ დროს. ალბათ გაგიგიათ, რამე მოდაში რომ შემოვიდოდა პარიზში, ერთ კვირაში ის პეტერბურგში ეცვათ და ორ კვირაში ტფილისშიო. ასეა.
რუსი სამოციანელების (შესტიდესიატნიკების) კვალდაკვალ, საქართველოში ჩნდება თერგდალეულთა თაობა. რანაირად გაჩნდებოდა ილია ჭავჭავაძე სპარსეთის პროვინციაში? ანდა, 1919 წლის საყოველთაო არჩევნებით რომ ვამაყობთ და მასში ქალთა ჩართულობით (უფრო ადრე, ვიდრე ამერიკა და 52 წლით ადრე ვიდრე შვეიცარია), ეს იდეები თქვენი აზრით საქართველოში იშვა? არა, სუფრაჯიზმი (ქალთა საარჩევნო უფლება) ევროპიდან შევიდა რუსეთში და რუსეთიდან ჩვენთან. პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური იდეები და ის დემოკრატიული კონსტიტუცია რომელ პოლიტიკურ სივრცეში დაიბადა? რა უნდოდა ლიბერალურ დემოკრატიას და სუფრაჯიზმს ოსმალეთსა და სპარსეთში?
შორს ვარ რუსეთის იმპერიის აპოლოგიისგან. ის დისკრიმინაციული და ბოლოსკენ უკვე შოვინისტური სახელმწიფო იყო. გაუთავებლად შეიძლება მისი კრიტიკა, მაგრამ არ ყოფილა არაფერი იმაზე განსაკუთრებით უარესი, რაც მისი თანადროული იმპერიები იყვნენ. საბოლოო ჯამში, ამ იმპერიის სივრცეში დაიწყო თანამედროვე ქართველი ერის ერთიან სხეულად ჩამოყალიბების პროცესი, მისი მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია. აი ამ გარემოდან გამოსული საქართველოს ხალხის თავისუფალი შვილები 1921-1938 წლებში მოკლა და გადაასახლა საბჭოთა კავშირმა. წითელმა იმპერიამ დაწვა ყველა ხიდი დასავლეთთან და აღმართა მაღალი ღობეები, რომელსაც კულტურულად ჯერ კიდევ ვერ გადავახტით.
თუ მეფის რუსეთი, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა, იყო მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის წყარო, პუტინის რუსეთი გეოპოლიტიკურად ცდილობს მთელი მსოფლიო გადაისროლოს წარსულში, “იმპერიების ეპოქაში”, სადაც ნეორეალიზმი იქნება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ერთადერთი ფორმა.
კონკრეტულად ჩვენს რეგიონთან მიმართებაში ის ცდილობს არ დაუშვას ჩვენი საზოგადოებების ვესტერნიზაცია, მოდერნიზაცია, ეკონომიკური განვითარება.
ჰოდა როგორ შეიძლება პუტინსა და, მაგალითად, ალექსანდრე მეორეს შორის ტოლობის ნიშნის დასმა?! ესაა ისტორიის პროფანაცია.
ის რომ პატრიოტთა ალიანსები და ტელეიმედები თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ ერეკლეს, ეს რა ერეკლეს ბრალია?! ეს იმის ბრალია, რომ ისტორიაში მსჯელობა ჩვენში არა მარტო მათ უჭირთ ვინც სკოლაში ისწავლა ისტორია, არამედ უჭირთ ეს თავად ისტორიკოსებსაც.”
კომენტარები