“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანს, 63 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით და ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. მედია აქვეყნებს შიდა ქართლში მომხდარი საზარელი დანაშაულის საქმის მასალებს. მათი ცნობით, სასამართლოში უახლოეს პერიოდში, 12 წლის გოგო უნდა დაკითხონ. ძალადობის მსხვერპლი კი მანამდე გამოძიებას შემზარავ ფაქტებს უყვება და ამბობს, რომ მეგობრის მამამ მისი გაუპატიურება სცადა და ამისთვის, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე ემზადებოდა.
პედოფილიაში მხილებული 63 წლის მამაკაცი ტაქსის მძღოლია. მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე მეზობლად ცხოვრობდნენ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი გაურკვეველი მიმართულებით საკუთარი ტაქსით გაიტყუა.
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებით სარგებლობს. მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.
მედიის ცნობით, სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ, საქმეში მოწმეების ჩვენებები დევს. საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება. ბრალის დადგენილებაში კი წერია:
“ბრალდებულმა იცოდა, რომ გოგონა იყო 12 წლის. ასაკიდან გამომდინარე, მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა მისი გაუპატიურება. მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.”
მძიმე ბრალდებით, 63 წლის ტაქსის მძღოლი 2 თვის წინ დააკავეს. წარდგენილი საბრალდებო მუხლის საფუძველზე მას უვადო პატიმრობა ემუქრება. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის საქმის არსებით განხილვას გორის სასამართლო რამდენიმე დღეში, დახურულ კარს მიღმა დაიწყებს.
კომენტარები