ადვოკატი, გელა მამუკაშვილი:
“2004 წლის შემოდგომა იდგა. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ერთი ახალგაზრდა კაცი ტროტუარზე სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. ეს ახალგაზრდა ყურით მოთრეული მიზეზის გამო “კადრების განკარგულებაში” გადაცემული ყოფილი პოლიციელი იყო.
ლუკმაპურის საშოვნად დროებითი სამუშაო მოძებნა დოლიძეზე და სამსახურში მიიჩქაროდა. მაღალი, ლამაზი, ღონიერი, სპორტული აღნაგობის კაცი იყო, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა. ტროტუარზე ერთმანეთის სიახლოვეს ორი ავტომანქანა იდგა გაჩერებული. ბრგე აღნაგობის კაცს მათ შორის გავლა მოუწია, გვერდულად დადგა, მაგრამ მაინც სივიწროვე იყო. ინსტიქტურად ერთ-ერთი მანქანის, “მერსედესის” გარე სარკეს ჩაეჭიდა და…სარკე გაიბზარა, ვერ გაუძლო ღონიერი კაცის ტორების სიმძიმეს.
“მერსედესში” სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ორი ჯეელი იჯდა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახლადშექმნილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. სარკის გატეხვისთანავე სალონიდან გადმოხტნენ და სახტად დარჩენილ “დამნაშავეს” დაეძგერნენ…
ბიჭებო, პოლიციელი ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, შემთხვევით მომივიდა, ახალ სარკეს გიყიდით… არაფერმა გაჭრა, ტრადიციისამებრ მანქანის კაპოტზე გადააწვინეს, თირკმელებში ურტყეს, ხელბორკილები დაადეს, ფოტოები გადაუღეს და დიღმის გზას გაუყენეს კპზ-ში მოთავსების მიზნით.
აქვე განვმარტავ, რომ “მერსედესის” სარკეს მექანიკური მოქაჩვით ვერ მოხსნი, რადგან “შურუპებით” არის დამაგრებული. დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ თავად “დამნაშავესაც” მერსედესი ჰყავდა, რასაც მოგვიანებით გაუსვა ხაზი სასამართლო პროცესზე. …
ორ დღეში საქალაქო სასამართლო, დამამცირებელი ცხაური და მსჯელობა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. რა თქმა უნდა, პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს. ჩემი შუამდგომლობა გირაოა 5 000 ლარის ოდენობით. განსაკუთრებული იმედი არ მაქვს. მოპაექრე მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სიტყვას აძლევს დაკავებულს…
ამ დროს დაკავებული ხმამაღლა მოთქმას იწყებს, ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა, მუხლებზე დაეცა და პირჯვრის წერას შეუდგა…არ ჩამიდენია, არ გამწიროთ; ციხის არ მეშინია, მაგრამ ციხეში დაუმსახურებლად წასვლა ცხოვრებაზე ხელს ამაღებინებს, მომსპობს, გამანადგურებს… სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ცხაურში მუხლმოდრეკილი კაცის ქვითინის და ლოცვის ხმა ისმოდა. ბადრაგი ისე დაიბნა, რომ დაკავებულთან მისვლა და ფეხზე წამოდგომის თხოვნაც კი დაავიწყდათ. მოსამართლე პროკურორს დამნაშავის გამომეტყველებით მიაჩერდა…თავადაც ადამიანია, ქვის გული არც მას აქვს.
ბატონო პროკურორო, თქვენ რას იტყვით…
მოსამართლეს თავადაც ოჯახი აქვს, ახალგაზრდა კაცია, შვილები ჰყავს გასაზრდელი. კარგად იცის რა დროა, ნებართვა პროკურორისგან უნდა აიღოს… პროკურორია რეალური მოსამართლეც და “უზენაესი მსაჯულიც”. პროკურორი სისტემაში ჯერ კიდევ შემორჩენილი “ძველი კადრია”, 53-55 წლის ჭაღარა კაცი. უჭირს მასაც პასუხის გაცემა, თან ცოტა დაბნეულია. ცხაურში პატიმარი ისევ მუხლებზე დგას და ლოცვის თანხლებით ხვეწნა-მუდარას განაგრძობს, ქვის გული იქ მყოფთაგან არცერთს არ გვაქვს.
–ბატონო მოსამართლე, თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც თქვენ იტყვით,– პროკურორმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მოსამართლეს. განჩინება…10 000 ლარი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, მაგრამ ამას ვინ ჩივის, ორ დღეში პატიმარი გარეთ იყო.
ალბათ გაინტერესებთ, რა ბედი ეწია პროკურორს… რამდენიმე დღეში ის სამსახურიდან “მგლის ბილეთით” გაუშვეს, რა თქმა უნდა, პერსონალური პენსიის გარეშე. სამიოდ წელიწადში ეს ადამიანი გარდაიცვალა. ჰო, მართლა, სიკვდილსაც დავიწყებია ის ორი ბეჯითი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი… ორივეს ჩინი მოუმატეს, ალბათ პრემიაც გამოუწერეს. მადლობას გიხდით მძიმე შინაარსის წერილის ბოლომდე წაკითხვისთვის.”
კომენტარები