18 მეეზოვე, რომელსაც 8 ხელმძღვანელი ჰყავს – საუბარია მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრზე, სადაც აუდიტი ჩატარდა და დადგინდა, რომ შტატები სავარაუდოდ ხელოვნურადაა გაზრდილი.
აუდიტი 2018-2019 წლების პერიოდის საქმიანობას მოიცავს და ის 29 იანვარს გამოქვეყნდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ა(ა)იპ – მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრში ამ პერიოდში დასაქმებული იყო 73-80 პირი.
საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 18 მეეზოვე, ხოლო მათზე ზედამხედველობა ევალებოდა 8 თანამშრომელს
საშტატო ნუსხის შესწავლით გამოვლინდა, რომ ორგანიზაციაში დასუფთავების ღონისძიებების მიმართულებით, ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულია 8 თანამშრომელი, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ 18 მეეზოვის საქმიანობას. ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტაცია, კონტროლის ჯგუფის ამ რაოდენობით არსებობის აუცილებლობის შესახებ” ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 6 მეველე, რომლებსაც ევალებოდათ მარტვილის ცენტრის დაცვა მოხეტიალე პირუტყვისაგან, თუმცა ამ პირების მიერ, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება.
“შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ა(ა)იპ-ის საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას” – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
წყარო – მთავარი
კომენტარები