ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა მძიმე რეალობაში ცხოვრობს.
“14 წლის გოგომ მამას უთხრა, რომ გააუპატიურეს და რა ქნა მამამ? ადგა და ისე სცემა, ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. ჯერ რამხელა ტანჯვად დაუჯდებოდა მამასთან მისვლა და ამის თქმა და მაინც გაბედა, მივიდა ადამიანთან, ვინც ყველაზე დიდ მცველად ეგულებოდა, ამ კაცის მსგავსმა კიდევ საკუთარი თავი კი არ დაადანაშაულა, რომ შვილი ვერ დაიცვა, ან მოძალადესთან კი არ გავარდა სამაგიეროს გადასახდელად, რაც ყველა ნორმალური მშობლის ინსტინქტი იქნებოდა, ადგა და ბავშვი სცემა. ხო, კიდევ ვიღაც სულჩამპალი დეიდები ფბ-ზე ენას ილესავენ და ბავშვს ადანაშაულებენ, მათი აზრით, 14 წლის გოგო სულ იმაზე ოცნებობს, რომ ვიღაც შუახნის პედოფილმა გააუპატიუროს. ამის მერე გვიკვირს, რატომ ვერ იღებენ ხმას ძალადობის მსხვერპლები.
იქეთ 8 წლის გოგო გახდა ბიძისგან ძალადობის მსხვერპლი და აქაც მამა როგორ იქცევა? – ოჯახის არარსებულ ღირსებას იცავს, ძმას ესარჩლება და დედას ტყუილში ადანაშაულებს. სახლი უნდოდა თურმე და ამიტომ მოიგონა ეგ ამბავი. არადა ბავშვი სისხლდენით კლინიკაში იყო გადაყვანილი და ძლივს გადაარჩინეს ექიმებმაო, თვითმხილველი წერდა.
ეს ამბები საკმარისი არ აღმოჩნდა დღევანდელი დღისთვის და კიდევ ერთი უბედურება – 12 წლის გოგომ 16 წლის ბიჭისგან შვილი გააჩინა. “დეიდების” ნაწილი აქაც ბავშვს ადანაშაულებს, ნაწილი ძაან “კეთილია” და 12 წლის დედას ღირსეული შვილის გაზრდას უსურვებს.
ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და ერი ერთი კვირაა ჯერ იმას არკვევდა “ყატარი” იყო სწორი ფორმა, თუ “კატარი” და ახლა იმას იძიებს ხვიჩა კვარაცხელიამ სამეგრელოში ყველა მეზობელს ჩამოართვა ხელი და მოიკითხა გულმხურვალედ, თუ უკვე “აუვარდა თავში”.
ვაი, მართლა ჩვენს პატრონს!”
კომენტარები