ქალაქ ბესლანში (ჩრდილოეთ ოსეთი) №1 სკოლის მოსწავლეების მძევლად აყვანა ისლამისტი სამხედროების ჯგუფის მიერ 2004 წლის 1 სექტემბერს მოხდა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები.
სკოლის აღება შტურმით დაიწყო რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, წამოწყებული შტურმი შედეგად 350 მძევალი დაიღუპა.
მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო.
500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს.
2007 წლის ნოემბერში დაღუპულების ოჯახის წევრებმა და გადარჩენილებმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. 2011 წელს კი მეორე სარჩელი შეიტანეს ტრაგედიის დროს გადარჩენილმ 55 პირმა.
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 334 დაღუპული პირის ნათესავებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის დროს ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაღუპული პირები. ამასთანავე, მან ვერ შეძლო აღეკვეთა ბესლანის ტრაგედია და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. სასამართლოს განაჩენში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შეტევა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე სასამართლოს მიერ ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო, რომ მან ვერ აღკვეთა ტერორისტების შეხვედრები და მათი გადაადგილება შეტევის დღეს. ასევე, მან ვერ უზრუნველყო სკოლის უსაფრთხოება და არ გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ბესლანის ტერაქტის განმავლობაში კრემლი მკაცრად აკონტროლებდა ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, არ ასაჯაროებდა მძევლების ზუსტ რაოდენობას, არ აცხადებდა ტერორისტების მოთხოვნებს და არც მათ იდენტობას აღწერდა.
რუსული არხები პირდაპირ ეთერში არ გადასცემდნენ ბესლანში მიმინარე მოვლენებსა და საბრძოლო მოქმედებებს ნახევარ საათზე მეტი ხნის მანძილზე. მედია მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა და თავს არიდებდა სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებას. შესაბამისად, საზოგადოებამ არ იცოდა რეალურად რა ხდებოდა ბესლანში. პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც განცხადება გააკეთა ბესლანში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რუსეთის დუმის დეპუტატი მიხაილ მარკელოვი იყო. მას შემდეგ რაც მოწმეებმა განაცხადეს, რომ სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა 800 ადამინაზე მეტი, მარკელოვმა მყისიერად რადიოში გამოაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ 100 ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი.
კრემლის მხრიდან კიდევ ერთი საშუალება მედიის კონტროლისა, რეპორტიორების ბესლანში არშეშვება იყო. რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც კრემლის რისხვა ჩეჩნეთის ფრონტიდან მწვავე რეპორტაჟების შედეგად დაიმსახურა, ბესლანში მიმავალ გზაზე ცუდად გახდა. მისი მტკიცებით ეს ყოველივე მოწამლული ჩაის შედეგი იყო. ანდრეი ბაბიცკი, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი, დააპატიმრეს ყალბი საბაბის საფუძველზე მოსკოვის აეროპორტში. რუსეთის ხელისუფლების მიერ ასევე მკაცრად კონტროლდებოდა ბეჭდური მედია. მოსკოვის ყოველდღიური გაზეთის „იზვესტიას“ რედაქტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს გაზეთში დაბეჭდილი ფოტოს გამო, სადაც ბესლანელ მშობლებს სისხლიანი შვილები ეკავათ ხელში.
თავად პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდა ტელევიზიაში და ეთერში დაიფიცა, რომ მიმდინარე სიტუაციაში ხელისუფლების ძირითადი მიზანი რასაკვირველია მძევლების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლის გადარჩენა იყო.
რაც შეეხება კრიზისის ბოლო დღესა და უცნაური აფეთქებებს, რუსულმა მედიამ ყოველივე ეს მხოლოდ ერთი საათის შემდგომ გააშუქა, მაშინ როდესაც ბრძოლას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ BBC და CNN. პირველმა არხმა მოლოდ 6 წუთი დაუთმო ბესლანის საკითხს და შემდგომ ბრაზილიური სერიალის ჩვენება გაანგრძო. მხოლოდ ერთადერთი დამოუკიდებელი მაუწყებელი რადიო სადგური „Эхо Москвы“ ამეორებდა CNN-ის გადაცემას იმისათვის, რომ მსმენელებისთვის შეეტყობინებინა თუ რა ხდებდა რეალურად ბესლანში, რადგან მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო არხები გადასცემდნენ ინფორმაციას ბესლანზე, ისინი არ აჩვენებდნენ იქ არსებულ რეალურ ვითარებას.
4 სექტემბერს ბესლანში ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციამ დააპატიმრა რუსთავი 2-ის რეპორტიორი ნანა ლეჟავა დაა ოპერატორი ლევან თეთვაძე. დაკავებისას პოლიციამ იმ ვიდეოკასეტების კონფისკაცია მოახდინა, სადაც ბესლანის მაცხოვრებელების ინტერვიუები იყო ჩაწერილი. ჩრდილეოთ ოსეთის პოლიციის ოფიციალური პირების განცხადებით, ლეჟავას და თეთვაძეს ბრალი ედებოდათ საზღვრის უკანონო კვეთაში, რადგან არ ჰქონდათ რუსული ვიზები ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური პრესის საშვები.
8 სექტემბერს ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე გაათავისუფლეს. მათზე სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
კომენტარები