ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
გადაცემის ავტორების მტკიცებით, საუბარში, რომელიც, მათი ვარაუდით, 2016 წელს შედგა და რომლის ზუსტი თარიღიც უცნობია, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც მონაწილეობს, რომელთანაც ჩანაწერში ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშსწორების გეგმას ცალ-ცალკე განიხილავენ.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ანგარიშსწორების გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და მას ამბის დეტალებს აცნობს. ბიძინა ივანიშვილის შვილი მოქმედ პრემიერმინისტრს ეუბნება, რომ ჩუბინიძის რაზმმა მსხვერპლი ისე შეაშინა, რომ მისთვის ფეისბუქკომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს.
სავარაუდო სატელეფონო საუბრისას, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ასევე უყვება, რომ ფეისბუქპოსტზე მისი შეურაცხყოფის გამო, ჩუბინიძის დაჯგუფებამ სკოლის მოსწავლე, მიზანმიმართულად, ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის მიზნით, მეზობლების თვალწინ დაამცირა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ღარიბაშვილს უყვება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.
ჩანაწერში ბერა ღარიბაშვილს ხუმრობით ურჩევს, zoomer-ზე სახელი გადაირქვას იმისთვის, რომ მინისტრებს ზარისას ღარიბაშვილის სახელის ნაცვლად მეტსახელი “ტრი” დახვდეთ – ჩანაწერში ბერა ივანიშვილის ღარიბაშვილს ამ მეტსახელით არაერთხელ მოისხენიებს.
კომენტარები