დიდი ბრიტანეთში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არბალეტით შეიარაღებული 19 წლის მამაკაცი ბუკინგემის სასახლეში შეიჭრა.
გასულ შაბათს, ლონდონის დროით დილის 08:30-ზე, პოლიციამ ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე 19 წლის მამაკაცი დააკავა. სწორედ აქ შეხვდა დედოფალი ელისაბედ II ქრისტეშობის დღესასწაულს. მამაკაცის თქმით, მას დედოფლის მოკვლა ჰქონდა განზრახული და ამით 1919 წლის 13 აპრილს, ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში მომხდარი ფაქტის გამო იძიებდა შურს. როგორც ცნობილია, 1919 წელს დიდი ბრიტანეთის იმპერიის ჯარმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.
Sunday Mirror-ის ცნობით თავდამსხმელი მალევე დააკავეს, ის სასახლის დაცვამ მონიტორებზე დაინახა და სასახლეში შეჭრა ვერ მოასწრო.
„ეს ადამიანი დავაკავეთ და გაიარა ფსიქიკური შემოწმება. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში იძულებით გადავიყვანეთ“, – განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა.
ცნობილია, ბრიტანეთის დედოფალთან შეჭრის ერთი ფაქტი -1982 წელს დედოფალ ელისაბედ II-სთან შეღწევა მაიკლ ფეგანმა შეძლო.
ის ლუდის ბარიდან ბრუნდებოდა და შემთხვევით ბუკინგემის სასახლესთან აღმოჩნდა. მაიკლი 4-მეტრიან გალავანზე გადაძვრა, შეაღწია სასახლეში და სანამ დედოფლის საძინებელში აღმოჩნდებოდა, დარბაზების დათვალიერება და ხელოვნების ნიმუშებით ტკბობაც მოასწრო.
როგორც შემდეგ მაიკლმა თქვა, სასახლეში პირველი შეჭრისას, ის პრინც ჩარლზის ოთახშიც შევიდა, სადაც ნახევრად დაცლილი ღვინის ბოთლი დაინახა და თან წაიღო. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფეგანი სასახლის ბაღში აღმოჩნდა. ის დააკავეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ფეგანმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შეჭრილიყო სასახლის ტერიტორიაზე.
მან კიდევ ერთხელ მოახერხა ბუკინგემის სასახლეში შეპარვა, ამჯერად ის სახურავზე აძვრა და სასახლეში ფანჯრიდან შეიპარა. ყველასთვის შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო, ფეგანმა ფეხსაცმელი გაიხადა და დერეფანში ხეტიალის შემდეგ, დედოფლის საძინებელშიც აღმოჩნდა.
დაცვის წევრი, რომელსაც დილის 6 საათზე ცვლა უნდა გადაებარებინა, ამ დროს კართან არ იდგა. სწორედ ასე მოხვდა ფეგანი დედოფლის ოთახში.
როგორც ფეგანი იხსენებს, ელისაბედ II ლოგინში იწვა, თუმცა არ ეძინა. უცხო მამაკაცის დანახვაზე მან ყვირილი დაიწყო. დაცვის გამოსაძახებელ ღილაკსაც დააჭირა, თუმცა არავინ უპასუხა, შემდეგ ტელეფონით სასახლის დაცვას დაუკავშირდა, ამ დროს 07:18 წუთი იყო, ისინი კი დედოფალთან 6 წუთში მივიდნენ. ამ ხნის განმავლობაში ფეგანი დედოფლის ოთახში იმყოფებოდა.
ცნობილია ისიც, რომ დედოფალმა მაიკლს სასტუმრო ოთახში გასვლა სთხოვა და უთხრა რომ სიგარეტით გაუმასპინძლდებოდა. ფეგანი სამართალდამცველებმა დააკავეს, ის ამტკიცებდა, რომ დედოფალი უყვარდა და სურდა მისი ნახვა.
კომენტარები