პოლიტიკოსი, 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ნოდარ ნონიაშვილი:
“პატრიარქთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსენდება, რომლის მოწმე და მონაწილეც თავად გახლდით.
1991 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ, პირადად დამავალა საპატრიარქოში ჩასვლა და მისი თხოვნის გადაცემა…საპატრიარქოს ტელეფონი ეტყობა გათიშულია. მთელი დღეა ვრეკავთ და ვერ ვუკავშირდებით. ჩადი და პირადად პატრიარქს მოახსენე: რუსთაველიდან მთავრობის სახლში ქუჩის ოპოზიციონერები შემოიჭრნენ. უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა. მდგომარეობა მეტად საშიშია და კატასტროფული. ჩემი და უზენაესი საბჭოს სახელით სთხოვე, ამობრძანდეს და აღელვებული ხალხი დააწყნაროსო.
ჩემს კოლეგას, უზენაესი საბჭოს წევრს მირიან მირიანაშვილს ვთხოვე გამომყოლოდა და ორივენი ფეხით გავეშურეთ საპატრიარქოსკენ.
ჭიშკართან შემოჯარული მლოცველთა წრე გავარღვიეთ და პირდაპირ სიონის ტაძარში შევედით.
პატრიარქი საპატრიარქო სავარძელში იჯდა და მლოცველებს სათითაოდ იღებდა. გავიკითხე და მითხრეს, ბატონი შოთა დაგეხმარებათო. კარგად აღარ მახსოვს, მგონი პატრიარქის ძმა იყო. მისი საშუალებით ჩემი მისვლის მიზეზი მოვახსენე და მიღება ვთხოვე.
ილია მეორემ კარგა ხნის შემდეგ ტაძრის საკურთხეველში მიმიწვია. დიდი მოწიწებით მივეახლე და პრეზიდენტის დანაბარები გადავეცი. ისიც დავუმატე, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა და ერთადერთს თქვენ შეგიძლიათ, აღელვებულ ხალხს სიმშვიდისაკენ მოუწოდოთ, თორემ თუ უეცრად რომელიმე მხრიდან შემთხვევით თოფი გავარდა, ამ ამბავს საშინელი რამ მოჰყვება და მერე იმას აღარაფერი ეშველება მეთქი.
პატრიარქი ერთხანს დუმდა. მერე უარი განაცხადა. ვერსად წამოვალ, მღვდელმთავრის საქმე არაა მიტინგებზე სიარულიო…
დიდხანს ვეხვეწე და ვემუდარე: თქვენო უწმინდესობავ, ერის მშვიდობა თქვენს ხელთაა. ქვეყნის მომავალი ბეწვზე ჰკიდია და მოიღეთ მოწყალება, მთელ მრევლს თქვენი იმედი აქვს მეთქი.
თხოვნა-მუდარა იმდენჯერ გავუმეორე, ვგრძნობდი, მის გვერდით მდგომ მღვდელმსახურებსაც თავი შევაბეზრე, მაგრამ რაკი პატრიარქმა ბოლოს და ბოლოს თხოვნაზე ცივი უარი გამოაცხადა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: თქვენო უწმინდესობავ, კომუნისტებმა რომ გთხოვეს, ცხრა აპრილს ხომ დათანხმდით და ახლა თავს რატომ იკავებთ მეთქი?…
ამასობაში მისმა ამალამ უკვე მერამდენედ მაგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო. ისღა ვთქვი ბოლოს, თუ მრევლი ერთმანეთს დაერევა და სისხლი დაიღვრება, დავიღუპებით…ვეღარც ეს ტაძარი გვიშველის, ვეღარც ის ჩვენი სარწმუნოება მეთქი და იქაურობას ცოცხალ-მკვდარი გამოვეცალე.
სამწუხაროდ, შემდგომმა მოვლენებმა საქვეყნოდ გამოაჩინა ჩვენი პატრიარქის ნამდვილი სახე. შევარდნაძის პუტჩში მან უჩვეულო აქტიურობა გამოიჩინა, მერე და მერე კი არაერთხელ დალოცა და გადაეფოფრა…ჯაბა იოსელიანს და თენგიზ კიტოვანს ხომ მთლად გულში იხუტებდა, სანთლებს უნთებდა და გზებს ულოცავდა. ასე რომ, ერის სულიერ მამობაზე მან პრინციპულად თქვა უარი და საბოლოოდ დარჩა “ივერიელად”. ჭეშმარიტად “საწუხ არს ესე…”
კომენტარები