2021-22 წლებში თეთრიწყაროს მერიამ გზების ცუდად რეაბილიტაციაში ₾2.6 მლნ გადაიხადა – “ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელებული 2,358,000 ლარის სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც სოფელ გოლთეთში მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას ემსახურებოდა.
ტენდერი თეთრიწყაროს მერიამ 2021 წლის 11 მარტს გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით 2,692,732 ლარი. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა ფასი ჰქონდათ დაფიქსირებული, კერძოდ:
- შპს იბერი – 2,267,044;
- შპს როუდ სოლუშენს – 2,154,187;
- შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ – 2,154,186;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო – 2,154,186.
აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ-მა. კომპანიას მის წინ მდგომ პრეტენდენტზე ზუსტად 1 ლარით ნაკლები თანხა ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო სიაში მის შემდგომ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ტენდერიდან დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ხარვეზის გამო. ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო დისკვალიფიკაცია კომპანიისთვის კონკურენტის ჩამოშორების ყველაზე გავრცელებულ გზაა. 1 ლარით ნაკლების შეთავაზება მის წინ მდგომ შპს როუდ სოლუშენ-ზე დამატებით საეჭვო გარემოებას წარმოადგენს, რადგან ერთ-რაუნდიანი ელექტრონული ტენდერების დროს პრეტენდენტები იმგვარად აფიქსირებენ მომსახურების ფასებს, რომ არ აქვთ წვდომა სხვა პრეტენდენტთა მიერ დასახელებულ ფასთა მაჩვენებლებზე. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე აქაც ხშირია შემთხვევები, როდესაც შემსყიდველის ფავორიტი კომპანიები ინფორმირებულები არიან სხვა კომპანიათა შეთავაზებულ ფასებზე და განგებ მცირედით დაბალი შეთავაზებით შედიან ტენდერში.
საბოლოო ჯამში ხელშეკრულება შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ-თან 2,154,186 ლარის ოდენობით გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულებაში რამდენიმე თვეში შევიდა ცვლილება და 215,400 ლარით გაიზარდა, შესაბამისად 2,369,604 ლარი გახდა. ცნობისთვის, ეს თანხა 102,000 ლარით აღემატება ამ ტენდერში ერთ-ერთი პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს, რომელთანაც ხელშეკრულება მათ შორის მაღალი ფასის შეთავაზების გამო არ გაფორმდა.
სამუშაოები თავდაპირველი ხელშეკრულებით 2021 წლის 7 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დასრულების ვადამ სამჯერ გადაიწია და ის 2022 წლის 20 თებერვლით განისაზღვრა.
2023 წლის ივლისის თვეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული და ასფალტის საფარს აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი ბზარები. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგი იყო, რომელთა გამოვლენის ვალდებულება მერიის მუდმივმოქმედ ინსპექტირების ჯგუფსა და შესაბამის საექსპერტო დაწესებულებას ეკისრებოდა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს მათი პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
საეჭვო გარემოებაში ჩატარებული ტენდერი და თეთრიწყაროს მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის სათანადოდ შეუმოწმებლობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული ტენდერი მორგებული პირობებით ჩატარდა და სახეზეა კორუფციის მაღალი რისკები.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 5 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ სხვა პროექტებზეც, რომელთა ღირებულება 949,600 ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. მათ შორის კვლავ მილენიუმ ბილდერ გრუპმა გაიმარჯვა სოფ. ჯორჯიაშვილში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში, რა დროსაც მასთან გაფორმდა 249,600 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ამ შემთხვევაშიც კომპანიამ კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა ტენდერში. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით გზის ეს მონაკვეთიც დაზიანებული და დაბზარულია.
კომპანია
აღსანიშნავია თავად კომპანიის საქმიანობის ისტორიაც. კომპანია 2014 წელს დაფუძნდა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ბუტიკაშვილია. კომპანიას ჯამში 94 ტენდერი აქვს მოგებული, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ კი 111,898,346 ლარი შეადგინა.
შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპმა” თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიბაზავრის) და ხარაძის ქუჩებზე, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, 2020 წელს გზის საფარის რეაბილიტაციაც გააკეთა. შესრულებული სამუშაოს ლაბორატორიული კვლევით (რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიამ აწარმოა) დადგინდა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაო ნაწილობრივ არ აკმაყოფილებდა ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს.
- შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” იყო აგრეთვე ის კომპანია, რომელიც წერეთლის გამზირის ორ მონაკვეთზე ახორციელებდა გზის საფარის რეაბილიტაციას. თბილისის მერიამ 2023 წელს მასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა ჯამური ღირებულებით 22,230,750 ლარი. როგორც ყველასთვის ცნობილია, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში ვერ მოესწრო. კომპანია ჯამში 18-ჯერ დაჯარიმდა სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო და 2024 წლის იანვარში თბილისის მერიამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
დასკვნა
2021-22 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 3,307,900 ლარი გადაიხადა 6 ინფრასტრუქტურულ პროექტში, ისე რომ არ მოახდინა შესრულებული სამუშაოების ხარისხის ადეკვატური მონიტორინგი და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, რითაც არაეფექტურად განკარგა საბიუჯეტო სახსრები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ 2,588,700 ლარი მიიღო შპს მილენიუმ ბილდერ გრუპმა, რომელმაც ტენდერებში საეჭვო პირობებში გაიმარჯვა, ხოლო დაკისრებული სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, თუმცა ამისთვის პასუხი არანაირი ფორმით არ უგია.
ამავე დროს ეს კომპანია აღნიშნულ შესყიდვებამდეც იყო შემჩნეული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში, კერძოდ 2020 წელს გლდანში გზების უხარისხოდ რეაბილიტაციისთვის. ხოლო 2023 წელს სწორედ ამ კომპანიამ ვერ შეასრულა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში.
2014 წლიდან დღემდე კომპანიამ 111 მილიონი ლარის ტენდერების და 2 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიუხედავად, ის სახელმწიფო ტენდერებში მაინც იმარჯვებდა.
კომენტარები