თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
დაკავებულების ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს. თუმცა, მისი თქმით, ახალი მოწმეები ისევე ვერ დაამტკიცებენ ბრალდებულების ბრალეულობას, როგორც აქამდე დაკითხული მოწმეები.
„განხილული იქნება ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიას, ზურაბ ბუდაღაშვილისა და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე. ეს არის 20 ივნისის საქმე, ე.წ. გავრილოვის პატიმრები. უკვე ტრადიციად იქცა და ბრალდების მხარე წარმოგვიდგენს თავიანთ მოწმეებს, რომლებიც პრინციპში, ვერც ვერაფერს ადასტურებენ. ცალსახად შემიძლია აღვნიშნო, რომ ვერ ადასტურებენ თამლიანის, ბუდაღაშვილის, კუპრეიშვილისა და სოსელიას ბრალეულობას. 90-95% მოწმეებისა პოლიციელები არიან ამ საქმეში და შესაბამისად, დღესაც ველოდებით პოლიციელებს, რომლებიც განსაკუთრებით ვერაფერს მიუთითებენ ამ საქმესთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ ფორმით და პერიოდში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებულს არაფერს ველით, ველით უბრალოდ ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული ვერ იქნება ვერც თამლიანთან, ვერც ბუდაღაშვილთან. მოგეხსენებათ რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. თუ ვიხმართ არაიურიდიულ ტერმინს, „შეკერილი“ საქმეა და მისი წარმოდგენა ხდება პროცესზე. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული შუამდგომლობა მომზადებული“,- განაცხადა ადვოკატმა.
კომენტარები