ქვეყნის 5 დიდ ქალაქში 20 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე სრულად გადავიდა, 55 სკოლაში კი მხოლოდ ცალკეული კლასები. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
თბოილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში 1-დან მე-6 კლასის 132 422 მოსწავლიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი 10 000-მა მოსწავლემ გამოთქვა.
„4 ქალაქის, (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე.
ჩვენს ხელთ არსებული ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი.
იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.
სკოლა მაშინვე უკავშირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. სკოლას უტარდება დეზინფექცია, თუ საჭიროა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდ-ინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის“, – აცხადებს დგებუაძე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.
კომენტარები