აშშ-ში მცხობრები ექიმი, ზურაბ გურული:
,,2008 წლის აგვისტოს სამამულო ომს მიუხედავად დამარცხებისა ჰქონდა ერთი დიდი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი საქართველოსათვის. ეს იყო რუს ჯარისკაცთან დაპირისპირების ფსიქოლოგიური სტიგმის გადალახვა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რუსებთან ომის შიშის დაძლევა. ამ ფაქტს ყველაზე კარგად სწორედ რუსები მიხვდნენ, ამიტომ დაიწყეს ჰიბრიდული, ფსიქოლოგიური ომი ორი მიმართულებით: 1. ომის გაშარჟება და მე-2, ამ ფსიქოლოგიური სტიგმის დამძლევი, გამორჩეული ქართველი სამხედროების ფიზიკური განადგურება. ორივე მიზანს წარმატებით მიაღწიეს; დამარცხება უკვე გაფორმებული და დასრულებულია. შეიძლება უსასრულოდ ვიკამათოთ, გულში ხელი ვიბრახუნოთ, ვიტრაბახოთ რომ კიდევ არიან ქართველები, ვისაც ბრძოლის ჟინი შერჩენია და ა.შ., მაგრამ ისევ და ისევ, დრო ინახავს არა პროცესს, არამედ შედეგს. შედეგი კი არის ის, რაც დღეს გვაქვს ქართული „საკონტროლო პაკეტის“ ნების აღსრულების შედეგად.
შოვის ტრაგედიის დამთხვევა სამამულო ომის მე-15 წლისთავზე, ამ პროცესის დასრულების ერთგვარი ფატალური სიმბოლიკაა. დავმარცხდით. დავმარცხდით საკუთარ სულმოკლეობასთან, სილაჩრესთან, სიბრიყვესთან და სიხარბესთან.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელ პირებს იმდენი ინტელექტიც არ გააჩნიათ, მიხვდნენ, ასეთი მასშტაბური ტრაგედიების დროს რატომ გადადგებიან ხოლმე უხმოდ ნორმალური ქვეყნების თანამდებობის პირები. იმიტომ, რომ საზოგადოების ფსიქოლოგიური ტრავმა შეამსუბუქონ. როდესაც სულიერი ტკივილი განუზომელია, გონება სასოწარკვეთას აგრესიად აქცევს, რადგან ეს არის ერთადერთი დაცვითი მექანიზმი უზარმაზარი უარყოფითი მუხტის გასანეიტრალებლად. გამწარებულ ადამიანს მეხამრიდად სჭირდება ტრაგედიის მიზეზის მოძებნა. ასეთ დროს, შეგნებული, განათლებული თანამდებობის პირები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, თუნდაც ეს მათ ირიბად ეხებოდეთ. ეს სჭირდება საზოგადოებას, განსაკუთრებით ჭირისუფლებს. ამით ისინი გარკვეულ კმაყოფილებას, ვალის მოხდას გრძნობენ თავიანთი დაღუპული ახლობლების მიმართ, რადგან ტკივილის პროექციის საშუალება ეძლევათ.
მაგრამ ამ ყველაფერს კლასი სჭირდება; კლასის ჩამოყალიბებას და დახვეწას კი განათლება. მდაბიოთ ეს არ შეუძლიათ. მდაბიო თავს იმართლებს, ან სხვა მდაბიოები ამართლებენ, ეფერებიან.
როდის დავკარგეთ კლასი? ალბათ მაშინ, როცა უკლასო საზოგადოების აშენება დავიწყეთ 1921-ში, რუსული გემოვნებითა და ინტელექტით.”
კომენტარები