გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ კიდევ ერთი ყოფილ ძალოვანი დაუკავშირდა, რომელიც სკანდალურ ისტორიას გვიყვება, გასაგებ მიზეზთა გამო, მას არ სურს ვინაობის გამხელა.
მისი გვარი ასევე „ვერ მოხვდა“ სუს-ის სავარაუდო ფაილებში, ის თვლის, რომ მისი საუბრების თემა იმდენად მძიმე იყო, მისი გახმოვანება არც ხელისუფლების სურვილი იქნებოდა და არც ოპოზიციის, აი, როგორ მოხდა, რომ მათი გემოვნება თანხვედრშია, ამ კითხვას თავადაც სვამს.
-სუს-ის სავარაუდო ფაილების გავრცელება ძალიან მაგონებს 2012 წელს, მაშინაც ის ინფორმაცია იქნა გაცემული, რომლიც გაცემაც აწყობდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ვგულისხმობ საქართველოს გაყიდულ აგენტებს რუსეთში! დიახ, ეს ოპერაცია დაიწყო 2012 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში და გაგრძელდა ნოემბრის დასაწყისამდე. შედეგად მივიღეთ ის, რომ 26 აგენტი გაქრა უგზო-უკვლოდ.
– მათი ოჯახები რას ამბობენ?
– არაფერს. ზოგმა ისიც არ იცის, ცოცხალია, თუ არა, მათი ოჯახების უმეტესობას არც მათ სამუშაოზე ჰქონდა წარმოდგენა. მათ ვინაობას ამჯერად ვერ გავამხელ, იმას ვიტყვი, რომ ეს ის 26 ადამიანია, რომელთა გაქრობაზე მე მაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ყველაზე არც მე მქონდეს ინფორმაცია. მათგან 2 ქალია, ორივე ქალბატონი ეროვნებით რუსი იყო, თუმცა, საქართველოზე მუშაობდნენ.
– თქვენი აზრით ყველა დაღუპულია?
– ვერ გეტყვით, შესაძლოა, ზოგმა მოახერხა თავის დაღწევა, შესაძლოა, მაგალითად, არ იყო იმ დროს „ველზე“, გაუმართლა და როცა ნახა, „დაიწვა“, უკან აღარ დაბრუნდა, თუმცა, ასეთი იღბლიანი შემთხვევები, სამწუხაროდ, უმეტესად ფილმებში ხდება. გარდა იმისა, რომ ადამიანურად ძალიან ცუდი რამ მოხდა, ეს იყო უდიდესი დანაკარგი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ასეთი კადრების გამოზრდას ათეულობით წელი სჭირდება და ვინღა უნდა გამოზარდოს, ისიც საკითხავია. მინიმუმ 20-30 წელი ისინი, ისევ გამოადგებოდნენ საქართველოს და უამრავ კარგ საქმეს გააკეთებდნენ. დამიჯერებთ, რომ გითხრათ, მზეა, წვიმა, თოვლი, თუ ქარი, დილაა, საღამო, თუ ღამე, მხოლოდ ამ ადამიანებზე ვფიქრობ, ვერასოდეს ვაპატიებ ამის გამკეთებელს…
– გაქვთ ვინმეზე ეჭვი?
– ვიცი ვინცაა… ჩინოვნიკი იყო წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ჩინოვნიკია. ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია რომ შეიქმნება, ალბათ, მერეც ჩინოვნიკი იქნება, ამაშია საქმე! პირდაპირ მითხრა ერთმა იქაურმა (გულისხმობს რუსეთს), მე არ ვიცი სამომავლოდ რა გექნებათ და რას იზამთ, მაგრამ ასეთი „ერთგულება“ თუ გაქვთ, სახელმწიფო როგორ გექნებათო. ეს იმდენად დიდი ბოროტება იყო, იმათაც ვერ დაფარეს გაოცება. მოღალატე არავის უყვარს.
– რა იყო მიზეზი ამ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემის? ფული? პირადი ინტერესი?
– ხელისუფლების გადაბარება მიდიოდა მაშინ, სურდა გარანტიები ახალ ხელისუფლებასთან, გარდა ამისა, სჭირდებოდა იმის გარანტიაც რომ არავინ ჩაუშვებდა. ის თავად ეწევა ორმაგ თამაშს, რუსეთთანაც თანამშრომლობს და ამერიკასთანაც. 2012 წელს რუსებს გაუგორა კოჭი და ახლა, 2021 წელს ამერიკელებს. ამის შემოქმედი ახლა თავს საკმაოდ კარგად გრძნობს, მსუყედ. როგორც 2012 წელს მოიშორა მისთვის არასაჭირო ადამიანები, მგონია, ასე მოიქცა ახლაც, გარანტიები მომავალი ხელისუფლებიდან და ამჯერად უკვე, ამერიკისგან სჭირდება.
– თქვენ როგორ გადარჩით?
– რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული ჩემი გადარჩენა, რასაც ახლა პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ მოვყვები, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ხის დამალვა ყველაზე ადვილი ტყეშია. რა მივიღეთ ამ ადამიანების გაქრობით? დღეს იმაზე რთული მდგომარეობაა საქართველოსა და რუსეთს შორის, ვიდრე მაშინ იყო. ახლა, დღეს, ვინმეს ეს უნდა, თუ არ უნდა, ხელისუფლება იცვლება, ამის ყველა ნიშანი სახეზეა. მაგრამ „პრობლემა“ ნახეთ რა არის – რუსეთი ხედავს, რომ ჩასანაცვლებლად მას არ ჰყავს მისი მოსაწონი ძალა, ამერიკა უყურებს და ვერც ის ხედავს მის მოსაწონ ძალას ქვეყანაში, სწორედ, ამიტომ გაიწელა გასული წლიდან მოყოლებული აქამდე ხელისუფლების შეცვლა. ახლა ამერიკა და რუსეთი, ორივე ცდილობს მისი მოსაწონი სიმბიოზი შექმნას კოალიციის სახით. თუ ამ ეტაპს მშვიდობიანად გადავივლით, შემდეგი პრობლემა ის იქნება, რომ საქართველოს რეალობაში კოალიცია ვერ იმუშავებს, თუ შიდა შეთანხმება არ შედგა და ერთი რომელიმე მხარე არ იქნება დომინანტი, ვის დაუთმობენ დომინანტობას და დაუთმობენ, თუ არა – გამოჩნდება. ერთი შეხედვით, სააკაშვილს ჰქონდა შანსი, მიეღო მყარი გარანტიები დასავლეთისა და ამერიკისგან, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ, რომ მას ბოლომდე მიეღო მყარი გარანტიები. თუ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მიშა დარჩება უკრაინა-საქართველოს შორის წარმომადგენლად. მიშა თუ მართლაც ჩამოვა წელს, დაამტკიცებს, რომ ფიდელ კასტროა, თუ არადა, უკაცრავად, მაგრამ ჩაისვრის. საბოლოოდ, რაღაც ტიპის გარანტიების გაცემა მაინც მოუწევთ ოპოზიციისთვის, რადგან, გამორიცხულია მეორე მხარემ, ანუ, ივანიშვილმა აწი რამე გარანტიები მიიღოს.
კომენტარები