2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი “პატრიოტთა ალიანსს” პირდაპირ ეხმარება – ინფორმაციას დოკუმენტებით, ორგანიზაცია “დოსიე” ავრცელებს.
ცენტრი “დოსიე”ამბობს, რომ მათ, გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან, ხელში ჩაუვარდათ სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გათვლები, წინასაარჩევნო მეთოდოლოგიები და ოპერატიული ანგარიშები.
დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი, “დოსიეს” ცნობით, სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვიდანაა და ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოს –
სტრუქტურას, რომელიც ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.
დოკუმენტები კარგად აჩვენებს, როგორია კრემლის ე.წ. “რბილი ძალა”: როგორ იბირებენ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და ჟურნალისტებს მიმდებარე ქვეყნებიდან, როგორია კრემლის ინსტრუქციები საპროტესტო განწყობის გაღვივების, პროვოკაციების მოწყობის შესახებ და ა.შ.
როგორც “დოსიე” აღნიშნავს, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოში კრემლი ფსონს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებზე, ირმა ინაშვილსა და დავით თარხანმოურავზე დებს.
გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები – ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი – კურირებენ.
დოკუმენტები მიხედვით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა “პატრიორთა ალიანსის” გაპიარების წინასწარი გეგმა.
ნაწყვეტი დოკუმენტიდან:
“პროექტის საერთო ღირებულება 700 ათასი დოლარია. ღირებულებაში შედის პროექტის ყველა ხარჯი, ფრენების, ტრანსპორტირების, ცხოვრების და ა.შ. ხარჯების ჩათვლით. თუ მიმღები მხარე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ზოგიერთი ხარჯი, შესაძლებელია ამის ცალკე განხილვა.
მნიშვნელოვანია!!! ჯგუფის მონაწილეობა მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ უნდა იქნას ცალკე.”
ნიუპოსტი
კომენტარები