პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებსაც მთელი ქვეყანა ელოდა, კორონავირუსმა „სულზე მოუსწრო“ და ახლა შესაძლოა, დროის ცაიტნოტში აღმოჩნდეს. 21 აპრილის შემდეგ თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვეღარ მოესწრება და ხელისუფლება საზოგადოების კიდევ ერთხელ გადაგდებას, უკვე არა მაჟორიტარების, არამედ კორონავირუსის ეგიდით მოახერხებს.. სად არის გამოსავალი? – ეს კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს უკვე დაუსვეს.
პრემიერ გიორგი გახარიასთან ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლების წერილები აღარ მოდის. “COVID-19”-ის საშიშროებამ, დროებით, საზოგადოების ყურადღება ამ თემიდან გადაიტანა , მაგრამ პანდემია გაივლის, 2020-ის არჩევნები მოვა და ის 120/30-ზე (120 – პროპორციული, 30 მაჟორიტარული) პრინციპით კი არა, როგორც ეს ზარ-ზეიმით შეთანხმდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არამედ – ისევ ძველი – 77/73 (77 – სიით გასული დეპუტატი, 73 – მაჟორიტარი) მოცემულობით ჩატარდება.
ყველას კარგად ახსოვს, პანდემიამდე, ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრისა და არაფორმალი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო, მთელი საქართველო რომ დუღდა და სულმოუთქმელად ელოდა, როდის დაიწყებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით ხელისუფლებასთან ხელახლა მიღწეული დათმობის, ანუ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დაკანონება. ახლა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დაკანონებას ისევ „გადაგდების“ საფრთხე ემუქრება.
ამ ხელისუფლებამ ერთხელ უკვე, ცამოწმენდილზე, პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებული ცვლილებები, პანდემიური საფრთხის გარეშე ჩააგდო და რეალურად „უუფლებო“ მაჟორიტარებს გადააბრალა ყველაფერი.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არავისთვის იქნება, იგივე ხელისუფლება ამჯერადაც თუ „გადააგდებს“ ერს – უკვე პანდემიის „ეგიდით“. პანდემიას კი ქართველ მაჟორიტარებზე მეტი წონა ნამდვილად აქვს. თუმცა, ხელისუფლება შესაძლოა, ობიექტურად , ვირუსის გამო, დადგეს 2020 წლის არჩევნების ძველი წესით ჩატარების აუცილებლობის წინაშე.
ოპოზიციაში ამგვარ საშიშროებას უკვე ხედავენ. მოსალოდნელ საფრთხებთან დაკავშირებით, “2020NEWS“ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, მამუკა კაციტაძეს ესაუბრა. კაციტაძე ხელისუფლებას ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობს.
– ბატონო მამუკა, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ისეთი მასშტაბებით უტევს, სახელმწიფოები გამკლავებას ვერ ახერხებენ. საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 21 აპრილიდან კი, ჩვენთან, მედიკოსების თქმით, მოსალოდნელია ვირუსის პიკი, ანუ საგანგებო მდგომარეობა, დიდი ალბათობით, შესაძლოა, გაგრძელდეს. ამ წელიწადში, წინ გველოდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დიდი პოლიტიკური ბატალიების, საერთაშორისო საზოგადოების წერილობითი, პირდაპირი თუ კულუარული ჩარევის შედეგად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გარეშე არ უნდა ჩატარდეს. ჯერ ამ ცვლილებების პირველი ეტაპი, ანუ საერთო სახალხო განხილვები არ დაწყებულა. როგორ ფიქრობთ, მათ განხორციელბას, რასაც ასე ელოდა მთელი ქვეყანა პანდემიამდე, იგივე პანდემია შეუშლის თუ არა ხელს?
მამუკა კაციტაძე: დასაწყისშივე მინდა, ვთქვა, რომ ასეთ პირობებში, როდესაც კორონავირუსი კიდევ უფრო გვიტევს, როდესაც პიკი, როგორც ამას პროფესიონალი ექიმები გვეუბნებიან და მსოფლიო გამოცდილებაც გვკარნახობს, ჯერ კიდევ წინაა, თითქოს უხერხულიცაა, უადგილოცაა ამ თემის გააქტიურება. ამ დროს შეიძლება, გამაღიზიანებელიც კი იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბარი, მაგრამ კითხვას, რომელსაც ახლა მე თქვენ მისვამთ, აბსოლუტურად, ლეგიტიმურად და რელევანტურად ვთვლი, რადგან ჩვენ ამ თემაზე ფიქრი და გარკვეული თადარიგის დაჭერა ახლავე გვმართებს. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, ამ თემაზე საუბარმა შესაძლოა, საზოგადოება გააღიზიანოს.
– ბატონო მამუკა, ამავე საზოგადოებისთვის ამ თემაზე საუბარი გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს, რადგან ადრე თუ გვიან ვირუსი გადაივლის, ქვეყანა უნდა ჩადგეს სამუშაო რეჟიმში და გაცდენილი დრო აინაზღაუროს. ეს დრო, პირველ რიგში, ქვეყნის მშენებლობის პროცესს მოაკლდა.
– მესმის, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ მაშინ, როდესაც არის საფრთხე პანდემიისა და ადამიანების ჯანმრთელობის, რასაც სოციალური და ეკონომიკური საფრთხეები ახლავს თან, საზოგადოებას ვერ მოსთხოვ, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დაივიწყე და უცებ არჩევნებზე დაიწყე ფიქრიო. თუმცა, როცა ამის დრო დადგება, ისინი ამ განხილვაში აქტიურად ჩაერთვებიან და შეიძლება, მერე შემოგვიტრიალდნენ, გვითხრან, ამ პრობლემაზე რატომ არ თქვით უფრო ადრეო, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, თქვენს დასმულ პრობლემას ჩავუღრმავდები.
ახლა ჩვენ ახლა ასეთი მოცემულობის წინაშე ვართ:
გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და უკვე საყოველთაო კარანტინიც, ანუ დამტებითი შეზღუდვები დაგვიწესდა, გავრცელებულია მედიკოსების მოსაზრება, რომ პიკი წინაა და ვხედავთ, მსოფლიო გამოცდილებასაც, რაც მე მაფიქრებინებს, ნამდვილად არის ალბათობა იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს.
ღმერთმა ქნას, ეს ასე არ იყოს, მაგრამ პრევენციის მიზნით თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება სხვა მოცემულობის წინაშე დავდგეთ საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის ცვლილებების, ასევე ზოგადად, არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით.
– ანუ თქვენ საუბრობთ 21 აპრილის შემდგომ პერიოდზე, როდესაც წესით, საგანგებო მდგომარეობა უნდა დასრულდეს.
– დიახ და მოდით, ვნახოთ, რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია , შემდეგ კი, ამ ჭრილში გავიაროთ ყველაფერი, დროის ფაქტორის მიხედვით.
1. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს.
2. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. არჩევნები ინიშნება საგანგებო მდგომარეობის მოხსნდან 45-60 დღეში.
3. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ ხდება. განხილვა განახლდება საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ.
4. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურისთვის, მინიმუმ, თვენახევარი ან ორი თვეა საჭირო, რათა ინიცირებულმა კანონ-პროექტმა საერთო სახალხო განხილვა გაიაროს, შევიდეს პარლამენტში, სამი მოსმენით გავიდეს სხდომაზე და კანონად იქცეს.
5. აქვე საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლი იმასაც ამბობს, რომ უფლებამოსილების ამოწურვის შემდგ, საკანონმდებლო ორგანოსთვის ამ უფლებამოსილების ვადის გაგრძელება არ შეიძლება. არცერთ შემთხვევაში!
რადგან ეს ნორმები კონსტიტუციაში წერია, ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ამ თემაზე ვმსჯელობთ. ამის გარდა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოდერაციით შექმნილი, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება, რაც გულისხმობს საარჩევნო სისტემის შეცვლას.
ეს ჩანაწერი საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონ-პროექტის სახით, თუმცა მისი საერთო სახალხო განხილვა, მარტივად რომ ვთქვათ, არ მიმდინარეობს, რადგან არის საგანგებო მდგომარეობა და კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თაობაზე უკვე გითხარით.
– ბატონო მამუკა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს ხელს ვერ შეუშლიდა. ირღვევა მათი ეს დაპირებაც?
– საქმე ისაა, ერთია, რაზე არსებობს პოლიტიკური თანხმობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ანუ რა გვინდა ჩვენ, მეორეა, რა წერია კონსტიტუციაში.
თუ ჩვენ გვინდა, საერთო სახალხო განხილვა დაიწყოს და გაგრძელდეს, მაშინ რეალურად უნდა ვხედავდეთ, რომ ეს განხილვა მიმდინარეობს, თუნდაც ონლაინ-რეჟიმში, რაც არ ხდება.
მეორე კი ისაა, რაც გითხარით, საგანგებო მდგომარეობის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ მიმდინარეობს. ყველაფერ ამას ამყარებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, კონკრეტულად კი, ბატონ მამუკა მდინარაძის. მან თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა განახლდება საგანგებო მდგომარეობის შემდეგო. ეს მისი სიტყვებია, მე არ მითქვამს. ის ეყრდნობა იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც მე თქვენ გითხარით.
აქედან გამომდინარე, თუ 21 აპრილს საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდა და სახელმწიფომ ცხოვრება ნორმალური რიტმით დაიწყო, საერთო საჯარო განხილვაც იქნება, პარლამენტში კანონის მიღებაც მოესწრება და დროის პრობლემაც არ გაჩნდება.
თუმცა, თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, აღარაფერს ვამბობ უკვე კარანტინის რეჟიმზე და ამ ყველაფერმა ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ საერთო საჯარო განხილვაც არ გაგრძელდა, მაშინ შეიძლება, დავდგეთ ასეთი მოცემულობის წინაშე:
არჩევნები გადაიდება თუ არ გადაიდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია, არჩევნებამდე დიდი დროა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან, თვენახევარი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას თუ სჭირდება მარტო, შემდეგ უკვე ამ ყველაფერზე საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობის, ოლქების, უბნების გადაწყობა და მომზადება იქნება საჭირო, შედეგად – ჩვენ მოსწრებადობის პრობლემა გაგვიჩნდება – დროის ცაიტნოტში აღმოვჩნდებით.
ამ ყველაფრის გათვალისწინება აუცილებელია და თადარიგი აქედანვე უნდა დავიჭიროთ, რომ შემდეგ ხელისუფლების არგუმენტი არ იყოს ასეთი: რა გვექნა, გვინდოდა, შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, კანონ-პროექტის ინიცირება მოვახდინეთ, ჩვენგან დამოუკიდბელი მიზეზების გამო, რაც ასეა ნამდვილად, მოხდა საგანგებო მდგომარეობის შემოღება, პანდემიასთან , ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა და კოსნტიტუციური ცვლილებების სანაცვლოდ ხომ ვერ გადავწევდით არჩევნებს 31 ოქტომბრის იქით, რასაც კონსტიტუცია კრძალავსო? ამიტომ, იძულებული ვართ, კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნებიო.
ეს კი, იმას ნიშნავს, ისევ 77 პროპორციული სიით გასული დეპუტატი და 73 მაჟორიტარი გვეყოლება.
მე ამას ახლა არ ვსაუბრობ „შეთქმულების თეორიიდან“ გამომდინარე, კითხვის ნიშანს არ ვსვამ „ქართული ოცნების“ რეალურ სურვილებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს ერთის მხრივ პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ, მეორეს მხრივ – საკონსტიტუციო ჩანაწერებმა. გულწრფელად ვამბობ.
როდესაც პრობლემაზე საუბრობ, ამ ყველაფერს მაშინ აქვს აზრი, როცა გამოსავალს სთავაზობ ადამიანებს.
მე, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას მარტო პრობლემაზე ვილაპარაკო, მე მაქვს ჩემი ხედვა და აი, რა;
21 აპრილამდე ვერაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამ თარიღამდე უნდა ვიფიქროთ, შევჯერდეთ, გადავწყვიტოთ და ჩამოვაყალიბოთ ის სამოქმედო ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გვქონდეს გადასადგმელი. თუ 21 აპრილის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა არ გრძელდება, კითხვები აღარაა, პროცესი გაგრძელდება და ვადებში ჩაეტევა. 2020 წლის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.
თუ საგანგებო მდგომარეობა 21-ის შემდეგაც გაგრძელდება, რაც მაღალი ალბათობით მოსალოდნელია, ჩემიც და ყველას სამწუხაროდ, მაშინ უნდა მოხდეს სტრატეგიული ხასიათის შეცვედრა ხელისუფლებას, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ამ შეხვედრის მიზანი უნდა იყოს ის, რომ დაითქვას უკიდურესი ვადა, ე.წ დედლაინი იმისა, თუ როდის, რა ფორმით, რა სამართლებრივი ნაბიჯების გავლის გათვალისწინებით უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება-აღსრულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ახალი სისტემით. შეხვედრაზე უნდა გაიწეროს – რა სამართლებრივი ცვლილებები სჭირდება ამ პროცესს, რა პოლიტიკური შეთანხმება, მემორანდუმი, ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა თუ რა საკითხებია მოსაგვარებელი.
ყველაზე უკიდურესი დედლაინი, ამ ნაბიჯების გადადგმისათვის, ჩემი აზრით, ეს არის საგაზაფხულო სესიის დასრულება, ანუ ივნისის ბოლო. ამ თარიღამდე, ყველამ ერთად, პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ 2020-ის არჩევნები, 31 ოქტომბერს იქნება თუ ცოტა იქით, არ დადგეს საფრთხის წინაშე, საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, სიტუაცია ასეთი დაძაბულია ქვეყანაში, პარალელურად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან ონლაინ-რეჟიმში მსჯელობას აგრძელებს. ამიტომ, ვერავინ დამწამებს ახლა, რა დროს ეგაა, როცა ქვეყანას ასე უჭირსო.
გუშინ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, „ლელო საქართველოსთვის“ წევრებთან წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ, ამ ონლაინ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან დასვა ეს საკითხი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და იყო სერიოზული მსჯელობა.
– ხელისუფლების პოზიცია როგორი იყო? ააქვთ მზადყოფნა, რეალური ნაბიჯები გადადგან, რათა 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდეს ?
– მეც ზუსტად ეგ კითხვა დავუსვი ვახტანგ ხმალაძეს, როცა დამირეკა და მითხრა ამ საუბრის შესახებ. გიპასუხებთ იმას, რაც მან მე მითხრა.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, ამ შეხვედრაზე, რომელსაც არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ, ხელისუფლების პოზიცია ასეთი იყო: საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გარეშე არ შეიძლება 2020 წლის არჩევნების ჩატარება. ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევენ.
უფრო მეტიც, ივნისის დედლაინთან დაკავშირებით, ჩემი დამოკიდებულებაც და ხელისუფლებისაც ერთმანეთის თანმხვედრია.
თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ პირობა მოგვცა, პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე და შემდეგ კენჭისყრაზე დაყენებული ცვლილებები ჩააგდო.
2020news
კომენტარები