“ბიძინა 2020 წლია არჩევნებისთვის განიხილავს უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანას. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულში იქნება”
“ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის ხალხისთვის სახეში შეფურთხება“
ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვინც დარჩა, ყველა ეჭვმიტანილია. მართალია, კონკრეტულად ივანიშვილისთვის არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ ქვეყნის მმართველი თითქმის აღარავის ენდობა რამდენიმე ადამიანის გარდა. „ალიას“ სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის ხელახლა დანიშვნა, მისი ივანიშვილისადმი ერთგულებით, ყურმოჭრილი მონობით არის განპირობებული, სხვა არაფრით. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოაწოდა „ალიას“. მისივე თხოვნით, მის ვინაობას არ ვამხელთ.
„ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, შეშინებულია და ეს შიში ძალაუფლების დაკარგვის შიშია. ივანიშვილს ყველგან ღალატი და ორპირობა ელანდება. თითქმის ყველა თანაგუნდელში მოღალატეს ხედავს. ერთეულებს ენდობა და მათ შორის არის ირაკლი შოთაძე. ეს კაცი იმიტომ დააბრუნა, რომ ვინც მთავარი პროკურორის პოსტზე შესთავაზა თეა წულუკიანმა, ყველა დაიწუნა. არადა, ათზე მეტი კანდიდატურა შესთავაზა. გამოდის, რომ არც წულუკიანს ენდობა ბოლომდე. ირაკლი შოთაძე კი ძველი კადრია, მასთან მეგობრობს ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, შოთაძე მამაცაშვილს ბიზნესის საკითხებშიც ეხმარებოდა, ცხადია, ამ ბიზნესებში ივანიშვილის ინტერესებიც არის, ასე ვთქვათ, მისი კლანის ინტერესები. დახმარება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ კონკრეტულ ბიზნეს–სეგმენტში, რომელიც ივანიშვილის ბრძანებით ჩაბარებული აქვს მამაცაშვილს, თუ ვინმე შეეცდებოდა თანხის დაბანდებას, კონკურენტობას დააპირებდა, მათ მამაცაშვილის ხალხი აჩერებდა, ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს ბიზნესი სახელისუფლებო კლანისაა, “ნაკრძალია” და იქ შესვლა არ შეიძლებაო. თუმცა, რამდენიმე ურჩმა ბიზნესმენმა არ დაუჯერა მამაცაშვილის ხალხს და მოქმედება დაიწყო, ამ აკრძალულ ბიზნეს–სფეროებში ჩადეს ფული. ამის შემდეგ საქმეში უკვე ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე ერთვებოდნენ. ფარცხალაძე ხვდებოდა ამ ხალხს და შოთაძის სახელით ემუქრებოდა, თუ ბიზნესს თავს არ დაანებებდნენ, მათ, მათ ოჯახის წევრებს სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნებოდათ, რამდენიმე ასეთი ბიზნესმენი შოთაძის კაბინეტშიც ნამყოფია და მისი მუქარაც პირადად აქვთ მოსმენილი. ამის შემდეგ, ცხადია, ეს ხალხი თავს ანებებდა ამ კონკრეტულ ბიზნესებს.
კლანი მათ მხოლოდ იმდენს აცდიდა, დაბანდებული ფული ამოეღოთ, შემდეგ კი მას სიახლოვეს აღარ ეკარებოდნენ. ივანიშვილის კლანისთვის შოთაძეს ბევრი ბინძური საქმე აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი მის დაბრუნებას მთავარი პროკურორის პოსტზე არ აპირებდა. იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ივანიშვილი მას საკუთარ ბიზნესში უპირებდა დასაქმებას. თუმცა, ბოლოს მაინც დააბრუნა და ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ივანიშვილის ნაცადი კადრი ურჩევნია ახალს. ახლებიდან არავის ენდობა. იცის, რომ შოთაძე არ უღალატებს და მის ძალაუფლებას მისგან საფრთხზე არ ემუქრება. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოკლე „სათადარიგო სკამი” რომ აქვს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა პოლიტიკაში და თავდაცვის სამინისტრო ჩააბარა, ახლახან კი მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა განათლების მინისტრად.
წყალს წაუღია ივანიშვილი და მისი მინისტრები, მაგრამ ეს ქვეყანას ხეირს არ დააყრის. ეს ხალხი იყო თანამდებობებზე, მაგრამ სასიკეთოდ არაფერი შეუცვლიათ, პირიქით, თუ რამ გაკეთდა მათ ხელში, ცუდი და ქვეყნისთვის საზარალო. გადახედეთ მინისტრთა კაბინეტს, ყველა ძალოვანი მინისტრი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომელია, ასევე, სუს–ის ახალი უფროსი გიორგი ლილუაშვილი და ამას დაამატეთ ირაკლი შოთაძე, რომელიც არ მუშაობდა „ქართუში“, მაგრამ უტყვი ერთგულებით მათ არ ჩამოუვარდება. პროფესიონალიზმი, ასეთი ცნება არ არსებობს ივანიშვილის ლექსიკონში, როდესაც საქმე საკადრო პოლიტიკას ეხება. მას მხოლოდ მონები სჭირდება და სანდო მონების რაოდენობა, როგორც ვხედავთ, მცირდება. ერთსაც ვიტყვი. სირცხვილია ირაკლი შოთაძის დაბრუნება მთავარი პროკურორად პოსტზე, იმ კაცისა, რომელიც ამ პოსტზე რომ იყო, დათუნა სარალიძის მკლელობის საქმის ჩასაფარცხად ყველაფერი გაკეთდა, თავადაც იყო ჩართული ამ საქმეში. ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის ხალხისთვის სახეში შეფურთხება“. – განუცხადა წყარომ „ალიას“.
2020 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი ხალხს სიურპრიზს უმზადებს და მისთვის ეს სიურპრიზი, არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კოზირია. თუმცა, უმჯობესია, თავად წყაროს მოვუსმინოთ.
„ივანიშვილის გარემოცვიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბიძინა 2020 წლია არჩევნებისთვის განიხილავს უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანას. სავარაუდოდ, ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იქნება. პირველ ნომრად არა, მაგრამ, ვფიქრობ, პირველ ხუთეულში. რანდენადაც ვიცი, თავიდან უტა უარზე იყო, მამას ეწინააღმდეგებოდა, არ სურდა პოლიტიკაში ჩართვა, მაგრამ ახლა უარზე აღარ არის, მამას ხათრი ვეღარ გაუტეხა.
ივანიშვილს შვილი ხმების მოსაგროვებლად სჭირდება. ფიქრობს, რომ უტას გამოჩენა, დაკარგული მომხრეების ნაწილს დაუბრუნებს. ცხადია, მხოლოდ დეპუტატობაზე არ იქნება ლაპარაკი, „ქართული ოცნების“ პიარი აქტიურად იმუშავებს უტა ივანიშვილზე და მას მომავალ პრემიერ–მინისტრად შერაცხავს, ხალხს ეტყვიან, რომ უტა გახდება პრემიერი და რაც მამამისმა ვერ გააკეთა, ის გააკეთებს. ეს თემა მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც კახი კალაძე დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს. მათ შორის ღია დაპირისპირება ჯერ არ არის, მაგრამ უკვე ყველამ კარგად იცის, რომ კალაძე მიხვდა, რომ „ქართული ოცნების“ გემი იძირება და თავის საშველად გაქცევას აპირებს. რა გზით, როგორ ჩამოშორდება კალაძე ივანიშვილს, ეს მალე გამოჩნდება. მან, ფაქტიურად, დამოუკიდებლად დაიწყო საკუთარი პოლიტიკური გუნდის შექმნა, რომელიც ივანიშვილის წასვლის შემდეგ დარჩება პოლიტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ კალაძემ რაც უღალატა ივანიშვილს, მას შემდეგ უფრო ეჭვიანი გახდა თანაგუნდელების მიმართ ივანიშვილი, მას შემდეგ უფრო გაუმძაფრდა მათ მიმართ უნდობლობა, რაზედაც ზემოთ ვილაპარაკე.
გიორგი გახარიას რაც შეეხება, ის უკვე წასულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. „ალიას“ ამას წინათ ვუთხარი, გიორგი გახარიას მოხსნას ამერიკელები დაჟინებით სთხოვენ ივანიშვილს, რადგან გახარია ამერიკელების მიერ მოკლულ გენერალთან, ყასემ სულეიმანთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან საეჭვო ურთიერთობებშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, ამერიკელთა მტკიცებით, გახარია მათ ეხმარებოდა ფულის გათეთრებაში. თუმცა, არის მეორე პრობლემაც. გახარია იმიჯშელახულია, ხალხში ვერ გავა წინასაარჩევნოდ და კამპანიას ვერ ჩაატარებს. სადაც ის იქნება, იქვე იქნებიან ოპოზიციის აქტივისტები და სახელდახელო მიტინგს გაუმართავენ და დათხრილ თვალებს გაუხსენებენ. როდესაც პრემიერი ასეთ დღეშია, ის საარჩევნო კამპანიას აზარალებს და უნდა გადამალო, მოხსნა. ასეც მოხდება. რაც შეეხებათ პრემიერობის მომავალ კანდიდატებს, ამ ეტაპზე ისევ მაია ცქიტიშვილი ლიდერობს და ცხადია, ისევ ივანიშვილისადმი მონური მორჩილების გამო“, – განუცხადა „ალიას“ წყარომ.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №2
კომენტარები