“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის შუალედში გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 2 დადგენილებისა – საკრებულო. ასევე, 2023 წელს საკრებულომ 93 626 ლარის პრემიე/დანამატები გასცა.
ძირითადი მიგნებები:
- ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლს სუსტ კონტროლს უწევს, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობას მერიის კონტროლის პოლიტიკური ნება არ აქვს;
- საკრებულოში ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის ინიციატივებს უჭერენ მხარს, ოპოზიციური ფრაქციების წინადადებები კი ხშირ შემთხვევაში სხდომაზეც არ გააქვთ;
- ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს 12 და ბიუროს 24 სხდომა გაიმართა. დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ბათუმის საკრებულოს საანგარიშო პერიოდში რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია, კომისიების სხდომები კი კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა;
- საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 2 დადგენილებისა – საკრებულო;
- საკვლევ პერიოდში საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი მერიის საქმიანობის გასაკონტროლებლად;
- საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 2,175,343 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე 993,423 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე 1,181,920 ლარი;
- საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურებიდან 93,626 ლარი არის პრემია/დანამატები;
- 2023 წელს საკრებულოს დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების სატელეფონო კომუნიკაციების მომსახურებისათვის დაიხარჯა 23,392 ლარი, საკრებულოს სატრანსპორტო პარკის მოვლა-შენახვისათვის – 18,309 ლარი და საწვავით უზრუნველყოფისათვის – 73,851 ლარი;
- მნიშვნელოვნად გაუარესდა ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი.
კომენტარები