საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 898.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 914.8 მლნ. დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3%-ით), ხოლო იმპორტი 1 983.4 მლნ. დოლარს (გაიზარდა 9.0%-ით).
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, 1 068.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.
ორგანიზაციის თქმით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: სომხეთი (133.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი).
ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (338.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატი წერს, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (467.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (246.4 მლნ. აშშ დოლარი). მათ მოსდევს აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, აშშ, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია.
2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9%-ია. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7%), ხოლო მესამეზე ფეროშენადნობები – 71.7 მლნ.აშშ დოლარით (7.8%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო (207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5%). მეორე ადგილი ნავთობის აირებმა და სხვა აირისებრმა ნახშირწყალბადებმა დაიკავა 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0%).
კომენტარები