პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა:
„მთავარი ამბავი, რომელიც ჯარის თემაზე არგუმენტად არის ამ კანონის ავტორების, ანუ თქვენი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხრიდან, არის თემა პატრიოტიზმის შესახებ – რომ პატრიოტიზმი არის ის რაღაც, რომელიც ავალდებულებს ახალგაზრდა ადამიანებს, ქართველ ბიჭებს, გაწირონ საკუთარი სიცოცხლე. ოღონდ, რა არის ეს პატრიოტიზმი და რა არის ქართველობა? რომ დავფიქრდეთ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იდეაში, ხალხს არ ეკუთვნის, ანუ ეკუთვნის მთავრობას და თქვენ – ხელისუფლებას. ეს არის ქვეყანა, სადაც არც სამართლის პრინციპებზე გვაქვს რაიმე წარმოდგენა, არც სამართლიანობაა, როგორც ასეთი, ადამიანების განცდა და სასამართლო არა გვაქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც მთავრობა გადასახადების სახით, რეგულაციების სახით, ინფლაციის სახით, ანუ მოტყუებით ძარცვის სახით, ადამიანებს ართმევს თავისი ცხოვრების მესამედს, ანუ, თავისი ნაშრომის მესამედს.
ჩემი ოცნება არის, რომ მშობლებს დაუბრუნდეთ უფლება, ბავშვები თვითონ აღზარდონ საკუთარი ღირებულებების შესაბამისად. წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ხუთ-ნახევარი მილიონი ადამიანიდან, ლამის ორი მილიონი ადამიანი წავიდა. დარჩენილ ადამიანებს კი ვეუბნებით, რომ არსებობს რაღაცა პატრიოტიზმი, რომელიც არის უბრალოდ თქვენს მიერ დეფინირებული, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, რას ნიშნავს, რომელიც ადამიანებს აიძულებს, თქვენთვის გაწირონ საკუთარი სიცოცხლე. მე მყავს 12 წლის შვილი, კოსტა. 2028 წელს, თქვენ აპირებთ, რომ კოსტა ძალით წაიყვანოთ თქვენს დასაცავად ჯარში. ეს ამბავი არ გამოვა. მხოლოდ ჩემს გვამზე გადაბიჯებით, სხვანაირად, გამორიცხულია ეს ამბავი. თუ არადა, მართლა არ გვესაქმება ამ ქვეყანაში არაფერი, იმიტომ, რომ ქართველობის ამ ქვეყანას არაფერი არ ეცხება“
კომენტარები