გიორგი ჯავახაძე
„ალიას” ესაუბრება „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, ყოფილი ძალოვანი, რომელიც ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს და ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე გვიყვება:
“სოსო გოგაშვილის ხმაურიანი დაკავების მერე, ქართული ოცნების ლიდერებს ოფიციალური განცხადებები არც კი გაუკეთებიათ, თითქოს მათი გუნდის წევრი არ იყო, თითქოს არ იყო თანამდებობაზე, თითქოს არც არსებობდა საერთოდ. თუ არავინ იყო – ასე ხმაურით რატომ დააკავეს და თუ ხმაურით დააკავეს და არიქა, დიდი საქმე გააკეთეს, რატომ არიან ჩუმად? გოგაშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ სამსახურიდან წასვლის მერე, სუს-ის მოქმედ თანამშრომელს რაღაც კითხა და იმანაც უპასუხა და ამ ინფორმაციის მიღება და გახმოვანება არ შეეძლოო. ანუ, ადანაშაულებენ იმაში, რომ სუს-ში თავისი ხალხი ჰყავდა და მათგან ინფორმაციას იღებდა, მაგრამ სად იყო ეს მისი ხალხი მისი დაკავებისას? როგორ მოხდა, რომ არც ერთმა არ გააფრთხილა? ამბობენ, რომ გოგაშვილი ღარიბაშვილს ებრძოდა, მაგრამ სინამდვილეში ის ყველაზე დიდი მტერი იმ კაცის იყო, ვისთანაც ყველაზე მეტი წელი გაატარა ერთად, ვისზეც ძალიან ბევრი რამ იცის – ვახტანგ გომელაურის! ყველაზე დიდ ინფორმაციას გოგაშვილი გომელაურზე ფლობს და არა ღარიბაშვილზე. გომელაურის მერე, გაგიკვირდებათ და მოდის, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, შს-ს ყოფილი მინისტრი – თუმცა, არ მგონია, გოგაშვილს ახალი მტრის გაჩენა სურდეს და გახარიაზეც ისაუბროს, ვფიქრობ, მასთან იმ ე.წ. ზავს შეინარჩუნებს, რომელიც გახარიას პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, მათ შორის დაიდო. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ღარიბაშვილი. ღარიბაშვილსაც, გომელაურსაც და ყველას, ვისზეც გოგაშვილს ინფორმაციები აქვს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები სულ არ აინტერესებთ, მათ იმის შიში აქვთ, ის ამბები არ მოჰყვეს, რომელიც მათ პირად ქონებას, მათ პირად ფულს და ძალაუფლებას ეხება. ყველაზე მეტად, კი, იმის გამჟღავნების ეშინიათ, რაც ბიძინამაც კი არ იცის – უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ არ იცის, რადგან ივანიშვილს მათთან ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია.
გოგაშვილი ამბობს, დიპლომატებთან მივიტანე არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე ინფორმაციაო, მეც ვიცი, რომ ახლა კი არა, რამდენიმე თვის წინ გადასცა ელჩებს ეს მასალები, მაშ, რატომ დააკავეს ახლა? აქამდე ივანიშვილს ომი არ ჰქონდა ელჩებთან და დიპლომატებთან დაწყებული და იმის კი არ ეშინია ივანიშვილს, რაც უკვე გადასცა გოგაშვილმა ელჩებს, არამედ იმის, რისი დამოწმებაც მათთვის საჯაროდ ახლა შეეძლო. ახლა ბიძინა ამერიკასთან და დასავლეთთანაა ომში და ვერ დაუშვებდა, რომ მისი ყოფილი ვეზირი მის მტერს მის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
ივანიშვილი ყველა გზით ცდილობს ხელისუფლების და თან თავისი ფულის შენარჩუნებას – ისევ ორ ნავში უნდა ჯდომა – რუსულში და ამერიკულში, მაგრამ აღარ გაუვა, ამერიკა ითხოვს, რომ ერთ ნავში იჯდეს. ტყუილად კი არ დააანონსებინეს უკვე მეორედ, სოზარ სუბარს კითხვა – ხომ არ სთხოვდა დაჟინებით კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებასო… ამერიკელები ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა ოლიგარქი და ივანიშვილი ოფიციალურად ყოფილიყო პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მვლენებზე, რადგან ყველამ კარგად იცის, არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი, მით უფრო, არც წულუკიანი, ცალ-ცალკე ვერაფერს წყვეტენ. რა წამსაც ხელს მოკიდებენ, იმ წამსვე დაიწყებენ არზების წერას, ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე გვიბრძანა ეს ბიძინამო. თუ 21 მარტს მართლაც შესთავაზა დეგნანმა ივანიშვილს ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნება, ეს იყო ბოლო მცდელობა ივანიშვილთან საუბრის და ამის შემდეგ უკვე დაიწყებდა დასავლეთი გეგმა “ბ” და გეგმა “გ”-ს ძიებას. ამის შემდეგ იყო რეზოლუციაც ევროკავშირის, რომელშიც დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი გაჩნდა, სადაც ივანიშვილი კრემლთან კავშირში მყოფ ოლიგარქადაა მოხსენიებული. ამის შემდეგ დაიწყეს მინიშნებები სანქციებზეც, თუმცა, როგორც ჩანს ივანიშვილი ვერ აღიქვამს ამ მინიშნებებს სერიოზულად. იმდენად დარწმუნებულია რომ საბოლოოდ გაიდგა ფეხი საქართველოში, საკუთარ პარტიას 10 წლის იუბილეც კი არ მიულოცა. ერთი დაპირებაც კი არ შეასრულა, არც ეკონომიკური სიღატაკე ადარდებს და რუსეთთანაც არ წყვეტს ურთიერთობას, გადატენა ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებით, რომლებიც პირდაპირ ამბობენ – კი, ბატონო, ჩავდივართ უპრობლემოდ თურქეთსა და სომხეთშიც, მაგრამ საქართველოს გარდა ვერსად ვერ ვახერხებთ ასე მყისიერად და უპრობლემოდ ბიზნესის დარეგისტრირებას და ცხოვრების უფლების მიღებასო. მიიღებს ცხოვრების უფლებას და უკვე როგორც საქართველოში მაცხოვრებელი, უპრობლემოდ მიდის არაბეთის საემიროებში და უპრობლემოდ იღებს ევროპის ქვეყნების ვიზებს. თურქეთსა და სომხეთში კი ჩავდივართ როგორც ტურისტები, ვხარჯავთ და უკან მოვდივართ, ან ოთუსბირი გვიჯდება ცხოვრების და მუშაობის უფლების მოპოვებაო, თავად აცხადებენ ამას რუსეთის მოქალაქეები პირად საუბრებში. ამ “სიკეთეს” რუსეთის მოქალაქეებს ივანიშვილი უკეთებს… სხვათა შორის, 2012 წელს დასავლეთმა რომ უთხრა სააკაშვილს უნდა წახვიდეო – წავიდა. მერე, 2021 წელს რომ უთხრა უნდა ჩამოხვიდეო – ჩამოვიდა, აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, ადგა მიშა, ჩაალაგა ტანსაცმელი, ჩაჯდა კონტეინერში და ჩამოვიდა უპრობლემოდ? რომ უთხრა უნდა იჯდე ჯერ ციხეშიო – იჯდა, ახლა ეუბნება, როგორც ჩანს, უნდა გახვიდე პოლიტიკიდანო და გავალო, დააანონსა. ივანიშვილი კი, დღეის მდგომარეობით არ აპირებს რამის შეცვლას, ამიტომ არავის დაინდობს, ვინც მასა და დასავლეთს შორის ომში, წინ გადაეღობება, ქვეყანასაც კი. ჩამოექცა სუსი, პანტაპუნტად გარბიან შსს და თავდაცვის ძალებიდან, თუმცა, გომელაური და ღარიბაშვილი, ჩემი ინფორმაციით, არწმუნებენ, ყველაფერი რიგზეა და შენ დაცვას შევძლებთო.
და ბოლოს ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო რამ მოხდა შაბათს, მას მერე რაც „ოცნებას“ გამოყოფილებმა ირიბად დააანონსეს, რომ შეიძლება მათ იცოდნენ დეგნანის და ივანიშვილის საუბრის დეტალები, გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება დეგნანის და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერიც გამოქვეყნდეს – და უცებ, ქვეყნდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის ელჩს უთვალთვალებენ – შემთხვევითი გგონიათ ეს? არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პასუხი და კიდევ ერთი მინიშნება, რომ ამჯერად არ გაჩუმდება დასავლეთი. ჩემი ინფორმაციით, მათ დიდი ხანია იციან, რომ სუსი მათ უკანონოდ უთვალთვალებს ივანიშვილის დავალებით. წინა წელს გამოქვეყნებულ ე.წ. სუსის კრებსებშიც იყო ინფორმაცია, რომ დიპლომატებს უსმენდნენ, გამოძიებაც არაერთხელ ითხოვეს ევროპელმა დიპლომატებმა ამ ფაქტის. ასე რომ ამჯერად კელი ეუბნება ივანიშვილს – დიპლომატების მოსმენა ცუდი საქმეა და საქმეს მეტად გაირთულებ რამის გამოქვეყნებითო. მეეჭვება ივანიშვილმა ეს გაიგოს, იმდენად ხიბლშია… სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სისხლისღვრაზეც წავა და ბოლომდე გამოიყენებს სახელმწიფო რესურს, თუმცა, ცხარე ომს ბიძინასა და დასავლეთს შორის, მაინც სექტემბერ-ოქტომბერში უნდა ველოდოთ.“
კომენტარები