ფოტო – რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 წლის ბექა ხონელიძე 128 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი წლით გაუშვა საპატიმროში. მსჯავრდებული 19 ოქტომბერს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი ბრალს არ აღიარებს.
ბექა ხონელიძის ინტერესების დამცველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ბექა ხონელიძის ბრალს დაადასტურებს. მისი თქმით, 22 წლის ახალგაზრდა ცრუ ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული. ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი, ვახტანგ დვალიშვილი:
“ამ საქმეზე განაჩენი დადგა ორი პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლის ჩვენებების საფუძველზე. სხვა არანაირი მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ დანაშაული ჩაიდინა, არ არსებობს“
რას ჰყვებიან პოლიციელები და დაცვის თანამშრომელი?
ბრალდება ამტკიცებს, რომ ბექა ხონელიძემ 32 ცალი თუნუქის ფურცლის მოპარვის სცადა „საქართველოს ფოსტის“ ავტოსადგომის ტერიტორიიდან. ჯართის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზამ 128 ლარად შეაფასა.
პოლიციელთა გამოკითხვის ოქმები სიტყვა-სიტყვით ერთნაირია, აცხადებენ რომ გამოძახებაზე მივიდნენ, რადგან ხმაური შემოესმა დაცვის წევრს:
“საწყობის სათავსოში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის „ძალაყინის მაგვარი“ დეტალი. აღნიშნულ პიროვნებას იქვე ედო მუყაოს ყუთი, რომელშიც ალაგებდა ლითონის ფურცლებს. გამოვკითხეთ ვინაობა და მისი საწყობში ყოფნის მიზეზი. გვიპასუხა, რომ საწყობის კედლიდან ხსნიდა და იპარავდა ლითონის ფურცლებს“
დაცვის თანამშრომელი ჰყვება, რომ შემოესმა ხმაური და მეწყვილეს უთხრა, რომელმაც დარეკა პოლიციაში, დაცვის ერთი თანამშრომელი ასევე სიტყვა-სიტყვით იმეორებს პოლიციელთა ჩვენებებს, თუმცა, საქმის მასალებში არ დევს დაცვის იმ თანამშრომლის ჩვენება, რომელმაც პოლიციაში დარეკა და ადვოკატი თვლის, რომ როგორც ჩანს მან გამიზნულად არ მიიღო “ამ სიბინძურეში მონაწილეობა.”
სად დააკავეს მსჯავრდებული?
გაბრიელ სალოსის 144 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის, ახლა კი დევნილებით დასახლებული კორპუსის გვერდით, ბეტონის გალავნით შემოღობილი ტერიტორიაა. უფრო ზუსტად, ნახევრად შემოღობილი ტერიტორია. ღობეს არც ჭიშკარი აქვს, არც რაიმე ამკრძალავი ნიშანი, შესაბამისად, მის მიღმა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, ფაქტობრივად, ღია ტერიტორიაზე შედიხარ და ხვდები ნაგავსაყრელად ქცეულ სივრცეში – რკინის, ბეტონის, ჩონჩხადქცეული ავტომობილის, ფიცრებისა თუ ქაღალდების გარემოცვაში. ტერიტორია შპს. „საქართველოს ფოსტას“ ეკუთვნის.
„საქართველოს ფოსტის“ ეს ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია, ესაზღვრება ამავე კომპანიის ავტოსადგომსა და საწყობს, რომლის შესასვლელიც გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევის 7 ნომერში მდებარეობს. ის ე.წ. შლაგბაუმითაა ჩაკეტილი, იქვე დგას საგუშაგო კაბინა და ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საშვითაა შესაძლებელი.
ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიასა (გაბრიელს სალოსის #144) და შლაგბაუმით ჩაკეტილ შესასვლელს (გაბრიელ სალოსის მეხუთე შესახვევი, #7) ერთმანეთისგან google map-ის თანახმად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი აშორებს.
კომენტარები