ამ საღამოს გამოგვიგზავნეს ფოტო, რომელიც თბილისი ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზეა გადაღებული 22.30 საათზე, საქართველოს ბანკის შენობაში ადამიანი ზის, დიდი ალბათობით, უსახლკაროა და სკამზევე სძინავს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის და არც მეორე, ბანკში რომ ღამეს ათევენ უსახლკაროები.
დაახლოებით ათ მეტრში პატრულის რამდენიმე მანქანა იდგა, აუცილებლად დაინახავდნენ, მაგრამ ერთადერთი რაც შეუძლიათ, გამოიყვანონ, დააჯარიმონ და ისევ ქუჩაში დატოვონ – არ არის თბილისში უსახლკაროებისთვის სახელმწიფო სახლები და კათარზისი ყველას ვერ იტევს.
მართალია, ერთი კვირის წინ, როცა ნახეს, რომ საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და არაერთმა ქვეყანამ გამოყო ფართი უსახლკაროების კარანტინისთვის, საქართველომაც გააკეთა განცხადება, ჩვენ ვიქირავებთ ფართს, სადაც ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ და ცხოვრობენ კარანტინს გაივლიანო, მათ შორის – ბავშვებიცო.
მართალია, პარლამენტარებს რომ უსმინო, ჩვენ არ გვყავს ბავშვები რომლებსაც შიათ და არა აქვს სახლი, მაგრამ სამაგიეროდ ბიუჯეტიდან გამოვყოფთ, თურმე, თანხას, საიდანად დავიქირავებთ, იმ ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის ფართს, რომლებიც მართალია ქუჩაშიც ცხოვრობენ და მშივრებიც არიან, მაგრამ რომ არა კორონა – ვერავინ ხედავდა.
რა ფართს ეძებს ასეთს სახელმწიფო, ამდენი ხანი რომ ვერ იქირავა, გაურკვეველია. წარმოუდგენელი ამბავია, სახელმწიფო არღვევს კომენდანტის საათს სახელმწიფოში.
სახელმწიფოს ვერ გადაჰყავს უსახლკარო და ხო, არღვევს კომენდანტის საათს, მიტოვებს ქუჩაში.
ამ ადამიანს რომ ვირუსი ჰქონდეს, როგორ ფიქრობთ, რამდენს დააინფიცირებს?
სად არიან ნეტავი დანარჩენი უსახლკაროები? ბნელ ქუჩებს და ჩიხებს არიან მოფარებულნი თვალში რომ არ მოგვხდეს, მერე შემთხვევით ფოტო რომ არ გადავუღოთ, “ალიაზე” რომ არ გამოვაქვეყნოთ და სახეზე რომ არ ავაფაროთ ჩინოვნიკებს, რომლებიც ვერ ხედავენ უსახლკარო და გაჭირვებულ ადამიანებს ქვეყანაში.
ალია
კომენტარები