ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“24 წლისაა… თუ რამდენიმე წინადადებას გაცვლი მასთან, მესამე წინადადების თქმისას, აუცილებლად იტყვის, რომ პილოტია, იტყვის ამაყად, მხრებშიგამართული და თვალს გამოაპარებს, იმის გასაგებად, რა ეფექტი მოახდინა.
4 წელი ისწავლა, 2 წელი პრაქტიკას გადიოდა.
4 თვე პილოტად მუშაობდა…
ახლა…
ტაქსაობს…
ბინის იპოთეკა აქვს გადასახდელი, ამიტომ, თავისი მანქანა გააქირავა, თავად პაპას თხოვა მანქანა, რაღაცა ძველი და ტაქსაობს.
მთელი პანდემიის პერიოდი უმუშევარია, ოფიციალურად მუშაობს ისევ, შტატშია, მაგრამ – უხელფასო შვებულებაში, რადგან, მხოლოდ დიდი შტაჟის მქონე პილოტები დაასაქმეს კომპანიებმა, რომ არ დაეკარგათ.
ამას ვერ დაკარგავენ, რადგან ჯერ მხოლოდ 150 საათი აქვს გატარებული ფრენაში და 450 საათი უნდა დააგროვოს, რომ სხვა ქვეყანაში წავიდეს პილოტად სამუშაოდ (ასე ითხოვენ უცხოური კომპანიებიო) და ალბათ, წავა კიდეც…
მამას იურისტი უნდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ მე პილოტობა მინდოდა და ჩუმად ჩავაბარე, ამიტომ, მამამ მითხრა, მე არ გადაგიხდი სწავლის გადასახადს (16 000 ლარს წელიწადში) და ვნახოთ, რას იზამო. დაფინანსება მოუგია, პროექტებში მიუღია მონაწილეობა, მერე რობოტი შეუქმნია (მითხრა და ვერ დავიმახსოვრე), პარალელურად, საზღვრის დაცვაში დაუწყია მუშაობა და ასე გადაუხდია სწავლის გადასახადი.
ამბობს, რომ ყველაზე საამაყო სამსახური, პილოტობის მერე სასაზღვრო პოლიცია იყო, ამბობს, რომ არაფერს შეედრება განცდას, რომ საზღვართან დგახარ და ქვეყანას იცავ.
ტაქსაობაში არ არის საქმე…
არც არსად დაიკარგება…
მაგრამ, თვეში ორჯერ მაინც გამოიძახეთ, ხალხო, მერე რა, რომ ჯერ 150 საათი იფრინა და ვერ გაიქცევა ახლა და ვერ იმუშავებს სხვა ქვეყნის კომპანიაში მფრინავად, რა უნდა მისთვის 450 საათის დაგროვებას, პანდემიის მერე დააგროვებს და წავა, უეჭველად წავა, რადგან, ეცოდინება, რომ მისმა ქვეყანამ პანდემიის დროს დაიკიდა… არც სესხი გადაუვადა, არც ხელფასი გადაუხადა, მცირე მაინც, არაფერი არ გაუკეთა, გაწირა…
ნუ აიძულებთ ახლაგაზრდებს ქვეყნიდან გაქცევას, ხალხო…
პ.ს. როცა იკითხავთ, სად არიან ახალგაზრდები, აქ არიან, დღეს და ღამეს ასწორებენ, ტყავიდან ძვრებიან და ხვდებიან, რომ მაინც გასაქცევად უდგათ საქმე…
ხო, თვეში ერთი დღეც რომ არ იმუშაოს, ბინის იპოთეკას ვერ გადაიხდის…”
კომენტარები