26 მაისს გაყიდული ღირსებით ვხვდებით, – განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა” მაკა სულაძემ, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაყიდული ხეობით და ღირსებით ხვდებიან.
„26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვიახლოვდება. როგორ ვხვდებით ამ დღეს გაყიდული ხეობით, გაყიდული ღირსებით. რა ვუთხრათ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა და შეგვინარჩუნა სამშობლო. რა ვუთხრათ იმ გმირების დედებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიწას მიაბარეს თავიანთი შვილები, იმისათვის რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით. მე თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს. ამიტომაც გამოვეშურეთ დედაქალაქისკენ, როგორც დედისკენ”, – განაცხადა მაკა სულაძემ.
დღეს მიმდინარე აქციაზე, „რიონის ხეობის მცველებმა” სახელმწიფოს ხვალ 12:00 საათამდე მისცენ დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის პიკეტირება დაანონსეს. ასევე, მათ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ 209-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია – დატოვოს „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ ტერიტორია; ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას ხეობა 99 წლით გადაეცა, გაუქმდეს; გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. „მცველებმა“ დღეიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადმოინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაქალაქში აქციებს განგრძობითი ხასიათი ექნება.
კომენტარები