„ალიას“ ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი:
-ხილი და ბოსტნეული – როგორ უნდა გავრეცხოთ და თუ არის რომელიმე, რომელიც არ შეიძლება ისე გაირეცხოს, რომ მისი მიღება იყოს უსაფრთხო, რადგან, გვახსოვს, ერთხელ თქვით, სალათის ფურცლების გარეცხვაზე როცა გკითხეს, რომ სჯობს, საერთოდ არ მივირთვათ სალათის ფურცლებიო. ამჯერად როგორია რეკომენდაცია?
– იცვლება რეკომენდაციები ამერიკის წამლისა და საკვების უვნებლობის სააგენტოს მიერ და ამ კუთხითაც შეცვალეს. ძალაში რჩება ის, რომ უნდა მოხდეს საკვები პროდუქტების გარეცხვა და დამუშავება – რაც შესაძლებელია, უნდა გაითალოს, მერე ისევ გაირეცხოს და ისე მივირთვათ, რაც თერმულად დასამუშავებელია – უნდა დავამუშავოთ.
მაგრამ პროდუქტები, რომლებიც შეიძლება, ვერც თერმულად დაამუშავო და ვერც გათალო – მაგალითად, მარწყვი, კენკროვანი ხილი არ გაითლება და ვერც თერმულად დამუშავდება, არის შესაძლებლობა, გამდინარე წყალში დავტოვოთ რამდენიმე წუთი. ვირუსი რადგანაც საჭიროებს გამრავლებისთვის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმს, ბუნებრივია, პროდუქტებზე ზემოდან დაწებებული ვერ მრავლდება, ამიტომ, მექანიკურად მას წყალი ჩამორეცხავს და არ არის საშიშროება.
– რამდენი წუთით უნდა დავტოვოთ მაგალითად, მარწყვი, გამდინარე წყალში?
– 5-იდან 10 წუთამდე უნდა დავტოვოთ.
-ხომ არ არის განსაკუთრებული რეკომენდაციები და რჩევები, რომელიმე კონკრეტული პროდუქტის მიღებაზე?
-ყველა პროდუქტის მიღებას გირჩევთ, მაგრამ მაგალითად, აი ვაშლი რომ ავიღოთ, დავანებოთ თავი მის საპონში გარეცხვას – გავთალოთ, გავრეცხოთ და ისე შევჭამოთ.
-მოსახლეობის უმეტესობა სახლშია გამოკეტილი. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ სახლში – მაგრამ, „დე“ ვიტამინისთვის მაგალითად, მზის სხივი აუცილებელია, არა?
-უდიდესი ნაწილი „დე“ ვიტამინის კანში უნდა წარმოიქმნეს, ეს ყველაზე ბუნებრივი გზაა, ამიტომ, აუცილებელია 15-20 წუთი გარეთ ფრთხილად გავიდეთ, არ ვამბობთ რომ ყველა სულ სახლში იყოს, არ უნდა შეიკრიბოთ დახურულ სივრცეში. გარეთ მზეს თუ მივეფიცხებით მცირე ხნით, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. შეგვიძლია დავეხმაროთ ხელოვნური საკვებითაც – კვერცხი, ყველი, თევზეული – ყველა ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს „დე“ ვიტამინს.
-რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სახლში დიდი ხნით გამოკეტვამ ბავშვებში ან ხანდაზმულებში? – ისინი ხომ მაღაზიაშიც არ დადიან.
-ვირუსი უფრო დიდი საფრთხეა ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც, ვიდრე სახლში ჯდომა. სახლში ჯდომა და უმოძრაობა რა თქმა უნდა არის რისკი ჭარბწონიანობის. ასევე ფსიქოლოგიური და ემოციური ზემოქმედებაცაა – დეპრესია, მაგალითად. კარგად გავიაზროთ ყველამ, რომ ეპიდემიის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ყველა ამ დაავადების. დამთავრდება პანდემია და ჩვეულებრივ ცხოვრებასაც დავუბრუნდდებით.
თამო კეშელავა
კომენტარები