თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2020 წელს გაუჩინარებული 68 წლის ქალის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მზია ბედმანიკაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ საქმე მკვლელობას უკავშირდებოდეს. ეჭვი ქალის მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბედმანიკაშვილებს ახლობელმა აცნობა, რომ ამავე სოფელში მცხოვრებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალმა მკვლელობის დეტალები ახლობელს მოუყვა. წინასწარი ინფორმაციით, მან წინა დღეს დაკარგული ბედმანიკაშვილი გზაზე ნახა, საკუთარ სახლში წაიყვანა და 3 დღით გამოკეტა. ბოლოს კი ის გარდაცვლილი ნახა, რის შემდეგაც, ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.
ოჯახმა ინფორმაცია სამართალდამცავებს შეატყობინა. ამ წუთებში ადგილზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ელოდებიან. მითითებული ადგილი კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. რის შემდეგაც სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად შეესაბამება მოყოლილი ფაქტი სინამდვილეს. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი. შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები