ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე“, – გუბაზ სანიკიძის გასული წლის ნოემბერში ნათქვამი ეს ფრაზა ლამის ფრთიან გამონათქვამად იქცა.
პარლამენტში საბოლოოდ ყველა პოლიტიკური ძალა შევიდა.
ყველაზე ბოლოს, 8 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შექმნილი ბლოკის (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“) დეპუტატები, მათ შორის გუბაზ სანიკიძეც.
სხვადასხვა დროს გუბაზ სანიკიძე საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენდა:
- ბლოკს “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ (14-11-1990 – 04-11-1992);
- ბლოკს “საქართველოს აღორძინება“ (20-11-1999 – 22-04-2004);
- “გაერთიანებულ ოპოზიციას (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (07-06-2008 – 20-06-2008);
- გაერთიანებას “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ (21-10-2012 – 18-11-2016);
- ახლა კი წარმოადგენს ბლოკს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“.
რაც შეეხება მრავალგზის დეპუტატის ქონებას, ბოლოს გუბაზ სანიკიძემ ქონებრივი დეკლარაცია ა.წ. 11 თებერვალს შეავსო.
ბატონ გუბაზს ჰყავს მეუღლე – 1980 წელს დაბადებული ირმა სანიკიძე და ქალ-ვაჟი: 1999 წელს დაბადებული ლევანი და 2001 წელს დაბადებული ნინო.
დეკლარაციის თანახმად, პარლამენტარის საკუთრებაშია 150 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში, რომლის შეძენის თარიღად მითითებულია 2017 წელი, ფორმად – საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო ფასად – 45000 ლარი.
გუბაზ სანიკიძე ამავე სოფელში ფლობს 2008 წელს შეძენილ 60000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელშიც გადაუხდია 2500 ლარი და როგორც ირკვევა, მასზე ვენახიც გაუშენებია.
მისი მეუღლის, ირმა სანიკიძის სახელზეა გაფორმებული 150 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს შეუძენიათ და მასში გადახდილია 250 000 ლარი.
გუბაზ სანიკიძეს მითითებული აქვს, რომ ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ იშვიათი გამოცემების ბიბლიოთეკას და 2017 წელს შეძენილ Land Rover Discovery 2003-ს, რომელშიც გადახდილია 7000 დოლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, მისი ქალიშვილის, ნინოს “თი–ბი–სი ბანკის” ანგარიშზე ირიცხებოდა 2725 დოლარის ანაბარი.
ლევან სანიკიძეს მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 3000 დოლარი, ირმა სანიკიძის სახელზე გახსნილ ანაბარზე კი ირიცხებოდა – 375 დოლარი.
ხოლო თვითონ გუბაზ სანიკიძეს “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიშზე მხოლო 3 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის პენსიის სახით მიიღო 6720 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით – 50 000 ლარი.
წყარო – ამბები
კომენტარები