შსს-მ თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეცოპერაციით „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა:
შსს-მ გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც:
“აგერ ვართ 5 განაბი და გიხსნით, სამი სული ქურდი არის ისეთ დღეში, ვერ აგიხსნი… 24 წლის ვარ, ძმა და ჩათვალე, რომ გამაჩინეს, ქუჩაში დამდეს, ქურდებთან ერთად ვიზრდები…
ჯერ ერთ მუხლში გესვრი, მერე მეორეში… რომ დგახარ ბიძია და უყურებ 5 ათასიან დოლარიან ტელევიზორს, წადი, “დაალომბარდე”, დაანახე ამ კაცს, რომ აი დღეს დედა მოვი@@ანი და მოვიტანე ეს ფული…”
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
კომენტარები