იცი, რომ საძინებელში დღე–ღამის ყველაზე დიდ ნაწილს ატარებ? დღეში, მინიუმ 8 საათს კიდევ რომელ ოთახში ატარებ? დღის ნაწილს სამზარეულოში გაატარებ, ნაწილს – მისაღებში, ნაწილსაც აბაზანაში, ნაწილსაც აივანზე, სრულად, მინიმუმ 8 საათს, მხოლოდ საძინებელში ატარებს ადამიანთა უმრავლესობა.
ძილი ძალიან მნიშვნელობანია ადამიანის ორგანიზმისთვის და შესაბამისად, მნიშვნელოვანია რა პირობებში, როგორ გძინავს, რამდენად მოხერხებულად. საძინებლის ავეჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საძინებელში რომ შეხვალ საღამოს დაღლილი, თავი კომფორტულად, მყუდროდ, სასიამოვნოდ უნდა იგრძნო, ისე, თითქოს კლეოპატრა ხარ და ახლა ამოხვედი აბაზანიდან, სადაც ათამადე ადამიანმა გაბანავა, ან თითქოს ალექსანდრე ხარ მაკედონელი, სამყაროზე მბრძანებელი და ეს–ესაა ნადირობიდან დაბრუნდი, ან თითქოს ნიკალა ხარ, სიცოცხლეშივე დაფასებული და მილიონი ვარდი გაუგზავნე ამ წამს საყცარელ ქალს, ან თითქოს ის ქალი ხარ, ვისაც ნიკალამ ის მილიონი ვარდი გაუგზავნა…
ცუდად გძინავს ბოლო დროს? იქნებ, ხშირად ნახულობ ცუდ სიზმრებს? იქნებ, დილით, დაღლილი იღვიძებ ან მუდამ ცუდ ხასიათზე? – ნუ იჩქარებ ექიმთან წასვლას, ან წამლების დალევას. იქნებ, საძინებელშია საქმე?
თუ 40 და მეტი წლის ხარ, ახლა, შესაძლოა გაიფიქრო, რომ ეგ რა არის, იყო წლები, როცა რკინის, „პრუჟუნებიან“ საწოლში გეძინა და ყოველი გადატრიალებისას ჭრაჭუნობდა, იზნიქებოდა არა სხეულის ფორის მიხედვით, რაც, კარგია, არამედ მთლიანად ჩადიოდა ქვემოთ, ხერხემალს ვერასოდეს გაასწორებდი ერთ სიბრტყეზე და დიდი საქმე, გადარჩი. კი, ეგრეა, მეც 40+ ვარ და ვიცი, მაგრამ მე ხომ გადარჩენაზე არ გესაუბრები, მე გიყვები კარგ ძილზე, კარგი სიზმრებით და მხნე, ხალისიან განწყობაზე დილით.
სხვათა შორის, 6 წლის ვიყავი, როცა გამოვაცხადე, რომ ცალკე ოთახში უნდა დამეძინა, მარტოს და მოვითხოვე რომ აუცილებლად მყარ საწოლში, რადგან ხერხემალი სწორად განვითარებულიყო. მაშინ პირველად ინანა ჩემმა ოჯახმა, რომ კითხვა 4 წლის ასაკში ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ ადვილად დამთანხმდნენ, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. პირველად რომ ცალკე ოთახში დავწექი დასაძინებლად, ისე გამაცილეს, თითქოს ომში მივდიოდი, ან სხვა ქვეყანაში.
რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი?
ზომა და სტილი
საძინებლის ავეჯის არჩევისას პირველი ნაბიჯი არის ზომისა და სტილის განსაზღვრა. არჩევანი, ცხადია, დამოკიდებული იქნება საძინებლის ზომაზე და პირად გემოვნებაზე. თუ დიდია საძინებელი, შეგიძლია განიხილო ფართე საწოლი, მაგალითად და დამატებით კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე – დივანით, პატარა მაგიდით და აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე ოთახი–კარადა. სხვათა შორის, პატარა ფართის საძინებლისთვის ავეჯის სწორად შერჩევა მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. მაქსიმალურად სწორად უნდა იყოს ფართი გამოყენებული და კარგმა ხელოსანმა იცის, როგორ დაგიგეგმოს საძინებლის ავეჯი ისე, რომ სივრცის შეგრძნება არ დაგეკარგოს.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს სტილს, მაგალითად, პატარა საძინებლისთვის მინიმალისტური სტილი ზედგამოჭრილია. კლასიკური სტილი პატარა საძინებელს მკაცრ, უხეშ სახეს მისცემს, განსხვავებით დიდი ზომის საძინებლისგან, სადაც სივრცეში ისე განაწილდება, რომ თავისუფლად შეძლებ აქსესუარებით „დაათბო“ და გადაახალისო. მდიდრული, ბრჭყვიალა ვარიანტიც უფრო მეტად დიდ საძინებელს მოუხდება. მდიდრულ საწოლსა და მდიდრულ კარადას შორის სივრცე თუ არ დაგრჩება, თავი მუზეუმში გეგონება და კარგია მუზეუმი, არაფერს ვერჩი, მაგრამ დასათვალიერებლად და არა – გამოსაძინებლად. აი, რაც შეეხება თანამედროვე სტილს, ეს კი, ნამდვილად ორივე ზომის საძინებელს მოერგება. უსწორმასწორო ფორმების და რამდენიმე ფერის შეტანით ავეჯის შტრიხებად, პატარა საძინებელში შესძლებ მინიმუმ სამი სივრცის გამოყოფას ერთმანეთისგან.
კომფორტი და ფუნქციონალობა
კომფორტი მთავარია საძინებლისთვის. ამ ოთახში არ შედიხარ დასაღლელად, პირიქით, უნდა მოდუნდე. ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. კარადა იმ ზომის უნდა იყოს, რა ზომაც გჭირდება, არც ზედმეტად დიდი და არც ზედმეტად პატარა, ტუმბო შესაბამისი სიმაღლის უნდა იყოს და ისეთი უჯრებით, რომლებიც ტევადი იქნება და იმ სიმაღლის და სიგანის, როგორიც გჭირდება. მე მაგალითად, შეცდომა დავუშვი და ერთი პატარა უჯრით და ერთიც დიდი უჯრით გავაკეთებინე სპეციალისტს. დიდი უჯრა ან ცარიელია ნახევრად, ან არეული. შემდეგში, სამ უჯრიან კომოდს შევუკვეთავ.
მასალა და გამძლეობა
ხის ავეჯი კლასიკური არჩევანია, გამოირჩევა გამძლეობითა და ესთეტიკურია. ლითონის ავეჯი – უფრო თანამედროვე და ელეგანტური არჩევანია. ქსოვილის ავეჯი, როგორიცაა რბილი საწოლი ან სკამები, ქმნის სიმყუდროვეს და კომფორტს, მაგრამ მოითხოვს მეტ მოვლას და ზრუნვას.
მისი უდიდებულესობა – საწოლი
როცა სიტყვა საძინებელი გესმის, პირველ რიგში გახსენდება საწოლი, ხომ?
ასეცაა, საწოლი მთავარი ნივთია საძინებლის და სჯობს, ყურადღებით შეარჩიო.
როგორი უნდა იყოს იდეალური საწოლი?
გააჩნია, ის, ვინც სახლს თავად ალაგებს, ალბათ, პირველ რიგში, იტყვის, ოთხ ფეხზე მდგომი, ისე, რომ იატაკის საწმენდი და რობოტი მტვერსასრუტი შეეტიოს. კი, ეს ნამდვილად გასათვალისწინებელია, დამატებითი კომფორტია. თორემ, საწოლს არავინ ყიდულობს იმისათვის, რომ იატაკი მოწმინდოს, საწოლის მთავარი ღირებულება კარგი ძილია. მე საწოლი მინდოდა, რამდენიმე მოსახერხებელი თაროთი, გვერდებსა და თავის მხარეს, სანათისთვის, ტელეფონისთვის. ცოტა არ იყოს, არასტანდარტულია ჩემი საძინებელი ოთახი, შესაბამისად, არასტანდარტული ფორმის და ზომის საწოლი მინდოდა, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ მატრასები მხოლოდ სტანდარტული ზომის არსებობს და ასეთი დიზაინი მოვიფიქრე: დავამზადებინე არასტანდარტული ზომის საწოლი, რომლის ნაწილშიც სტანდარტული ზომის მატრასი მოვათავსებინე და დანარჩენ ნაწილებში თაროებია. ახლა უკვე ვიცი, რომ არასტანდარტული ზომის მატრასების დამზადებაც არ არის პრობლემა, მაგრამ ახლა უკვე ეს საწოლი ძალიან მიყვარს და კარგა ხანს, ალბათ, არ შეცვლი.
დღეს, ბევრი ადამიანი იყენებს გასაშლელ დივანს, რამდენიმე ღამის გათენება მასზე ნორმალურია, თუ სტუმრად ხარ, მაგალითად, მაგრამ სრულფასოვანი ძილისთვის – არ გამოდგება, ამიტომ მის ხშირად გამოყენებას დასაძინებლად არ გირჩევდი.
ბუნებრივი ხის საწოლი – ყველაზე ეკოლოგიურია. გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც ხის მასალით დამზადებულ საწოლში იძინებს, სტრესს ადვილად უმკლავდება. ჩემი აზრით, ყველაზე მაღალი კლასია და როგორც წესი, ვიზუალურადაც, მეფურად გამოიყურება.
აი, ლითონის საწოლი ყველაზე გამძლეა, უძლებს დიდ დატვირთვას და გემსახურება ათწლეულები. ცხადია, იმ „პრუჟუნებიან“ საწოლთან, არაფერი აქვს საერთო, არც ყოველი გადაბრუნებისას ჭრაჭუნებს. ვიზუალურადაც კარგად გამოიყენება.
ლამინატისგან დამზებული საწოლი ყველაზე იაფია და ყველაზე მასიურადაც იყიდება. მისი ტენიანობას სუსტად უძლებს, მაგრამ პროფესიონალი მოახერხებს, ისე დაგიმზადოს, დიდხანს გემსახუროს,
მე შერეული მასალებისგან დავამზადებინე, აქვს როგორც ბუნებრივი ხის ნაწილები, ასევე ლითონის და თაროებისთვის ლამინატი გამოვაყენებინე. სხვათ შორის, თაროებია სწორედ ის დეტალი, რაც დიზაინს ინდივიდუალურობას სძენს.
რატომღაც დამკვიდრებულივითაა, რომ საწოლს ორი ტუმბო უნდა ახლდეს. ჩემს საწოლს თავადაც აქვს თაროები და ერთი მხარე კედელსაა მიბჯენილი, ორი ტუმბო არაფერში მჭირდება. როგორც წესი, მაღაზიებში, მზა საძინებლების შეძენისას, გეუბნებიან, რომ ორი ტუმბო მოჰყვება და ორივე უნდა იყიდო. თუ არ მინდა ორი ტუმბო, მაინც 2 უნდა ვიყიდო.
წავედი, შევუკვეთე, დავამზადებინე და მაქვს ახლა ერთი ტუმბო რომელსც ვიყენებ და არ მაქვს მისაღებში ან აივანზე დაგდებული საძინებლის მეორე ტუმბო.
სად უნდა შევუკვეთო?
ცხადია, პროფესიონალთან, პროფესიონალი კი უნდა იპოვო იქ, სადაც დიდი კონკურენციაა ხარისხის და ფასების კუთხით. პროფესიონალი დაგეხმარება, ისე აითვისო საძინებლის სივრცე, რომ გემოვნებიანიც იყო, კომფორტულიც, ფუნქციონალურიც და ვიზუალურადაც მომხიბვლელი.
როგორი უნდა იყოს ტანსაცმლის კარადა, რომ ყოველ დილით ტანისამოსის ძებნისას და ყოველ საღამოს, ტანისამოსის შელაგებისას, თაროები არ აირიოს? საძინებლის რომელ მხარეს სჯობს დაიდგას საწოლი და რომელ მხარეს ტანსაცმლის კარადა? როგორ უნდა შევინახოთ არასეზონური ტანსაცმელი სწორად? – ამ კითხვებს შემდეგ მასალაში ვუპასუხებ.
ერთ მითს დღეს მაინც დავამსხვრებ – უნდა გაასწორო, თუ არა დილით საწოლი?
მაშინაც კი, თუ თეთრეულს კვირაში ერთხელ ცვლი და რეცხავ, საწოლში 150 მილიონამდე საწოლის ტკიპაა მუდმივად. ტკიპასთვის ოდნავ ნოტიო ლოგინიც კი იდეალურია გასამრავლებლად. ლოგინში ჩამთბარი ადამიანი სულ–სულ ოდნავ ყოველთვის ანოტიანებს თეთრეულს და ეს ტკიპასთვის საკმარისია. ტკიპების გამრავლების წინააღმდეგ საუკეთესო გზაა სიმშრალე და განიავება. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია, დაულაგებელი დატოვო, თუ არადა, ადგომიდან მინიმუმ ერთი საათი მაინც არ გაასწორო.
ვიცი, ახლა ფიქრობ, რომ ტყუილში გაცხოვრეს და ტყუილად გასწავლეს საწოლის გასწორება, გადასაფარებლის შემოკეცვა კუთხეებში და ასე შემდეგ. უმეტესად საწოლს იმისთვის ასწორებენ, რომ სხვა ადამიანმა, სტუმარმა არ ნახოს გაუსწორებელი ლოგინია, მეორე მხრივ, რა უნდა სტუმარს ჩემს საძინებელში? და ხო, გადასაფარებლებიც ტკიპას და მტვრის ბუდეა, რამდენად ხშირადაც არ უნდა რეცხო და სულ არ არის სასურველი მისი გამოყენება.
(R)
კომენტარები