ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
–ბატონო ზაზა, „აგენტების კანონი“ შარშან ჩააგდო ხელისუფლებამ და ხელახლა რატომ გააქტიურა? შარშან უკან დაიხიეს, წელს დიდგულზე არიან, აუცილებლას მივიღებთო. ამ წელიწადში რაიმე უპირატესობა მიიღეს იმ ხალხთან, რომელმაც შარშან უკან გააწვევინა კანონი?
–ეს არის ხელისუფლების უგუნური და დაუფიქრებელი ნაბიჯი. არჩევნების წინ, როდესაც ძალათა თანაფარდობა არის „ქართული ოცნების“ მხარეს და ოპოზიციას დიდად არ ულხინს, ერთმანეთს ლანძღავენ და ვერ გაუგიათ, რომ ეს მათთვის წამგებიანია და ამით „ქართული ოცნების„ საქმეს აკეთებენ, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებულნი, უცებ ასეთ სისულელეს აკეთებენ. ჩემთვის „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივეს სააკაშვილის რეჟიმს ვეძახი, მურუსიძე და ჩინჩალაძე ამათაც ჰყავთ და იმათაც ჰყვდათ, „ზონდერ–პროკურორები“და „ზონდერ–მოსამართლეებიც“ იმათაც ემსახურებოდნენ და ამათაც ემსახურებიან, თან უმეტესად, ერთი და იგივე ხალხი. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ოპოზიციასთან მიმართებაში არის გამოკვეთილი. ეს არის უწყვეტი დაფინანსება მილიარდერი ოლიგარქისგან და მათი ხელდასხმული ბიზნესმენებისგან, ადმინისტრაციული რესურსი,სუს–ი… რაც ამათ ჩაიდინეს ეს არის დიდი სისულელე. შესაძლოა, ეს რუსეთის დაკვეთით გააკეთეს და საკუთარი ნებით არა. თუ რუსეთმა უთხრა, ეს კანონი მიიღეთო და ესენიც დაემორჩილნენ, ეს უკვე ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას, ჩემი აზრით. მინიმუმ, აქეთკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს.
– რას გულისხმობთ?
– ხალხში ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია აგრესია ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელსაც უკვე აღარავინ დაუჯერებს. შარშან იფიცებოდნენ, რომ „აგენტების კანონს“ აღარც კი ახსენებდნენ და წელს ისევ იმის მიღებას აპირებენ. ეს უკვე ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობას დიდად ამცირებს. კი, ამათი ტყუილები აღარავის უკვირს, მაგრამ ეს უკვე ნამეტანი იყო. ესენი წინასაარჩევნო დაპირებებს რომ დაარიგებენ, აღარავინ დაუჯერებს. ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ დიდი მომხრე არ არის და მაინც რაღაც მიზეზების გამო მათ ხმას აძლევდა, მათგან ბევრი ხმას აღარ მისცემს, კიდევ ერთხელ დაკარგეს ნდობა მათში. დამიჯერეთ, ბევრი დაფიქრდება, უკვე ამდენჯერ მოგვატყუა „ქართულმა ოცნებამ“ და რატომღა უნდა ვენდოო? ეს ხალხი ხმას მისცემს ნებისმიერს და არა „ოცნებას“. რატომ? იმ ამომრჩეველმა იცის, „ოცნება“ აუცილებლად მოატყუებს კიდევ და სხვამ შეიძლება არ მოატყუოს. იმასაც ვფიქრობ, რომ დარწმუნებულნი არიან თავიანთ გამარჯვებაში, ფიქრობენ,მოდი, მივიღებ კანონს და, უკაცრავად და, ფეხებსაც ვერ მომჭამენო. თუმცა, სხვასაც ვფიქრობ. „ქართულ ოცნებაში“, შესაძლოა, აქვთ გეგმა, რომ არჩევნებამდე ხალხი გამოიყვანონ გარეთ, ხალხს ბოლო გამოაშვებინონ და არჩევნების შემდეგ ხალხში დიდი საპროტესტო მუხტი აღარ იქნება. უკეთ ვიტყვი, ეს მუხტი ან იქნება და ან არა. ეს აპრობირებული მეთოდია არჩევნების წინ არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არჩევნები ყალბდება, შემოგდებული მიზეზით ხალხის გარეთ გამოყვანა და ხალხის საპროტესტო ენერგიის დაცლა. მოკლედ, 3 ვარიანტია: ან უგუნურები არიან და თავიანთი უჭკუობით აკეთებენ ამას, ან რუსეთის დავალებას ასრულებენ, ან უნდათ, არჩევნებამდე საპროტესტი აქციები დააწყებინონ მოსახლეობას, რომ საპროტესტო მუხტი არჩევნების შემდეგ მინიმუმამდე დაიყვანონ.
– თქვენ ამბობთ, ამომრჩევლის დიდი ნაწილი აღარ ენდობა „ქართულ ოცნებას“ რადგან კიდევ ერთხელ მოატყუაო. გააყალბებენ არჩევნებს და თუ ეს კანონი მიიღეს, გამპროტესტებელიც ბევრი აღარავინ დარჩება პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორიდან. ერთადერთი იმედი ის რჩება, ხალხი თავისით გამოვიდეს ქუჩაში?
– არა, არა, ლევან.სააკაშვილმა, გახსოვს 2012 წლის არჩევნების წინ რა გააკეთა? ტელევიზორების, „გლობალის“ ანტენების დაპატიმრება და ამოღება დაიწყო ხალხისგან, რომელთაც იმ ხალხს ივანიშვილი ურიგებდა, განსხვავებული აზრი რომ მოესმინათ, ენახათ ოპოზიციის შეხედულებები, გეგმები, ხელისუფლების ნამდვილი სახე. ამას უკურეაქცია მოჰყვა. ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხალხი გაბრაზდა სააკაშვილის ამ იდიოტური საქციელის გამო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამჯერ გადაწერა სააკაშვილის ცსკო–მ, მაგრამ მაინც ლევან გაჩეჩილაძემ მოიგო. რატომ ვერ გახდა ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტი, როდესაც ხალხს ამის მიღწევა შეეძლო პროტესტით, ეს სხვა საკითხია… მოკლედ, ეს არ მუშაობს, არც მუდმივი გაყალბება, არც ხალხის მუდმივი მოტყუება და არც აკრძალვები. მაშინ, 2012 წელს, ინფორმაციული ვაკუუმის პერიოდში, ხალხმა სიმართლე მაინც გაიგო და გაუშვა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებიდან და დღეს მით უმეტეს, ხალხი ინფორმირებულია, ასევე, 250–300 ამომრჩეველია ქვეყანაში დაბრუნებული, რომლებიც 2012 წელს აქ არ იყვნენ. თუ ამორჩევლები მასობრივად ხმას მისცემენ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, ოპოზიცია მოიგებს. გარდა მაგისა, დასავლეთი არ გააყალბებინებს არჩევნებს, ივანიშვილი დასავლეთისთვის არაფერია, აგერ დღე–დღეზე შეიძლება დაასანქცირონ. „ქართული ოცნება“ მაინც გააყალბებს არჩევნებს და ეს იქნება მაქსიმუმ 10%, ადმინისტრაციული რესურსი. 30–ზე მეტი რეიტინგი არ აქვს „ოცნებას“ ნებისმიერი კვლევით, ეს 10% დავუმატოთ და მაქსიმუმ ხმების 40% აიღოს. ამ 10%–ს ყველა ხელისუფლება იწერდა ჩვენში, ეს რესურსი ყველას ჰქონდა. ჰა–ჰა, 45% აიღოს, ამაზე მეტი გამორიცხულია და ასეთ შემთხვევაშიც კი, ოპოზიცია იგებს არჩევნებს, ხმების 55% ოპოზიციისაა. თუმცა, ოპოზიცია ამათზე ნაკლები უბედურება არ არის, ეს არის პრობლემა. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ქვეყნის განვითარების გეგმა. ამბობენ, ამას და ამას გავაკეთებთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთო, მაგრამ რა და როგორ უნდა გააკეთონ ეს არ იციან, ლამაზი ფრაზებით ლაპარაკობენ. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია პროგრამა. ამბობენ, რომ არ გვინდა მურუსიძე, სამართლიანი სასამართლო გვინდაო, მაგრამ ეს როგორ უნდა გაკეთდეს, მაგას არ ამბობენ, ზოგმა კი არც იცის. ბევრი ამომრჩეველი ამბობს, ბიძინა შემჭამს, მიშა თუ მამუკა ხაზარაძე, ჩემთვის სულ ერთიაო. თეზისების დონეზე არ უნდა დარჩნენ პარტიები, ქვეყნის განვითარების ხედვა უნდა ჰქონდეთ. არავინ არ ამბობს, რომ ფინანსურ პოლიციას გააუქმებენ. არადა, თუ არ გაუქმდა, ბიზნესი ვერ განვითარდება. არავინ არ ამბობს, რომ პროკურატურას, შსს–ს და სუს–ს ჩამოერთმევათ გამოძიების უფლება და მერე შეიქმნება ერთიანი, დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურაო. ასეთი ხედვები არავის აქვს, მე მაქვს და კიდევ რამდენიმე კაცს, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში არავინ მოგვიშვებს, რადგან ფული არ გვაქვს. სასამართლო რეფორმა პროკურატურის რეფორმის გარეშე გამორიცხულია. პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანო იყო პროკურატურა შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და დღესაც ასეა. პროკურატურა უნდა გაუქმდეს, შეიქმნას ბრალდების დეპარტამენტი სასამართლოს შემადგენლობაში. ამას არავინ ამბობს, რადგან ვინც მოვა ხელისუფლებაში, იმასაც დასჭირდება პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანო, პროკურატურა. ყველა იმას ცდილობს, წინა ხელისუფლების მანკიერი სისტემები გადმოიბარონ თავიანთი და მათი დახმარებით მართონ ქვეყანა, შეინარჩუნონ პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანოები. აბა, ახალი მურუსიძისა და ჩინჩალაძის შექმნა იოლი არ არის, გამზადებულნი იყვნენ, ჯობია და ხვალ შენ რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, თუ შუბლის ძარღვს გაიწყვეტ, მურუსიძე და ჩინჩალაძე შენთან გადმობარგდებიან. თუ სასამართლო პროცესზე ზის პროკურორი, რომელსაც შეუძლია მოსამართლის წინააღმდეგ გამოძიება აწარმოოს, გიჟია მოსამართლე, პროკურორს დაუპირისპირდეს? სასამართლოს შემადგენლობაში ბრალდების დეპარტამენტი რომ შეიქმნება და მას არ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ გამოძიების უფლება, ვნახოთ, აბა, მერე როგორი იქნება თანაფარდობა.
– ბატონო ზაზა, შარშან სტუდენტებმა გადაწყვიტეს „აგენტების კანონის“ ბედი, გააწვევინეს უკან ხელისუფლებას. ახლა თუ იქნება იგივე აქტიურობა მათი მხრიდან?
– მე ახალგაზრდებს გამოსვლებს კი არა, იმას ვურჩევდი, რომ მობილიზაცია გააკეთონ და აიძულონ ოპოზიცია, ერთიანი სიით გავიდნენ არჩევნებზე და მოიგონ არჩევნები. ერთიანი სია არის ერთადერთი გზა ამ არჩევნების მოსაგებად. იქნება ორი სუბიექტი, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია. ჩემი აზრით, პირობითად, ამ ოპოზიციის სათავეში უნდა იყოს გამოცდილი და ავტორიტეტული პოლიტიკოსი. ეგეთი არის შალვა ნათელაშვილი. ნათელაშვილი თუ იქნება ერთიან სიაში პირველი, „ნაცმოძრაობა“ ამას დათანხმდება და არ იტყვიან, რომ ჩვენ პირველი ოპოზიციური პარტია ვართ, ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს პირველი ნომერიო, მაშინ გამოდის, ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ. მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილთან გარიგებული ხარ თუ არა, მთავარია, რომ მას გეგმის განხორციელებაში ეხმარები გაურიგებლადაც. პირველი ათეული მთლიანად უნდა დაკომპლექტდეს ხალხისთვის მისაღები ადამიანებით, ვისაც ფული არ აქვს და ვერ გადალახავენ 5%–იან ბარიერს. ამ გზით მიღებენ არჩევნებს, სხვა გზა არ არსებობს. მაგრამ იქვე უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებაში როდესაც მოვლენ, 1 წლის მერე, ჩაატარებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, შეიცვლება კანონმდებლობა, 1%–იანი ბარიერი დაწესდება და ისე. მერე ბლოკებიც დაიშვება, გამოვიდნენ ცალ–ცალკე და ვისაც საშუალება ექნება, იმან გაიმარჯვოს, მთავარია ახლა შექმნან ერთიანი სია და შეცვალონ ეს ხელისუფლება. ეს თუ არ გაკეთდა, მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“. ოპოზიციიდან მარტო „ნაცმოძრაობა“ გადალახავს. გიორგი გახარიას პარტია, „ლელო“, ეს „ორი ნიკა“, „ახლები“, 4, 4.5% პროცენტს მიიღებენ, მეტს არ დაუწერენ. უარეს შემთხვევაში 12% გამოდის, უკეთეს შემთხვევაში, 13.5% და მეტი არც უნდა „ოცნებას“, იმ 40%–ს დაუმატებენ ამ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების პროცენტებს და მოიგებენ არჩევნებს. მინიმუმ 3%–ს აიღებენ „ლეიბორისტები“, ანა დოლიძის პარტია აიღებს 3–4%–ს, ალეკო ალისაშვილი – 2%–ს. ამ ნარჩენ პროცენტებსაც წაიღებს „ოცნება“. ცალ–ცალკე თუ გამოვა ოპოზიცია, ვინც ჩამოვთვალე, აქედან ერთი პარტიაც რომ შევიდეს პარლამენტში, ნარჩენი პროცენტებიდან „ოცნებას“ მაინც დარჩება 11% და და მიუმატე იმ 40%–ს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსით ექნება და მოიგებს არჩევნებს. ჰოდა, ვისაც ახლა ხელისუფლების შეცვლა უნდა, ამაზე უნდა იმუშაოს–აიძულონ ოპოზიცია, ერითანი სიით გავიდნენ არჩევნებზე. ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს და თუ მიიღებს „აგენტების კანონს“ „ოცნება“, ახალი ხელისუფლება ამ კანონსაც გააუქმებს და ბევრს სხვას, რა სისულელეც ამათ მიიღეს. ეს ინტერვიუ „ალიაში“ ხომ დაიბეჭდება, მერე შეინახე, ჩემო ლევან და ოპოზიცია თუ არ გაერთიანდება, გთხოვ, ხელახლა დაბეჭდე ეს ნაწილი–ერთი–ერთში დაჯდება ეს ყველაფერი, უმცირესი ცდომილება შეიძლება იყოს პროცენტებში. რაც მთავარია, ოპოზიციის ხმებით, ოპოზიციის ნარჩენი ხმების ხარჯზე მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“.
კომენტარები