РИА Новости-ი Telegram-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ 30 სექტემბერს კრემლში უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების ცერემონია ჩატარდება.
“ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა”. – წერია განცხადებაში.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ინფრომაციით, ხელშეკრულებები გაფორმდება ოთხივე ტერიტორიასთან, რომლებშიც ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები რუსეთისთვის სასარგებლო “შედეგებით” დასრულდა.
ამ ეტაპზე “ხმების” 100% დაითვალეს ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა. რაც შეეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია “ხმების” მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% “მხარს უჭერს” რუსეთთან შეერთებას.
ე.წ. რეფერენდუმი რომელიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა, ამ რეგიონების რუსეთთან შეერთებას, მათ ანექსიას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.
რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა.
კომენტარები