სახელმწოფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის მიძღება იმ პირებსაც შეუძლიათ, ვინც Booking.com-სა და Airbnb-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და COVID-19-ის გამო, ამ მხრივ მომხმარებლები აღარ ჰყავთ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ადამიანები სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ამისთვის კი, მათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ესაჭიროებათ.
ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაცია უნდა წარადგინოს:
სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;
ამ შემთხვევაში კი ეს დამადასტურებელი დოკუმენტია:
„საბანკო ამონაწერი, რომლითაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან (Booking.com-იდან ან Airbnb-დან) მიღებული შემოსავალი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განმარტებაში.
Booking.com-ის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 4,868 უძრავი ქონება ქირავდება, Airbnb-ის მეშვეობით რეგისტრირებული ოთახების რაოდენობა კი 10,000-ს აჭარბებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების ინსტრუქცია გამოაქვეყნა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევეში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ შემოსავლების სამსახურის (299 299) და ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ცხელ ხაზებზე.
კომენტარები