“მტკიცებითი მედიცინის ცენტრი“-ს ექიმი, სანდრო თელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“10 წუთი ექიმთან
ცხელება და მითი 37 ° C გრადუსზე
ცხელება – ეს ტერმინი ყველას განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბოლო 1 წლის განმავლობაში.
მაგრამ ძალიან რთულია კითხვაზე პასუხის გაცემა: კონკრეტულად ცხელების რა მაჩვენებელი ან ზღვარი ითვლება ცხელებად?
არის თუ არა რაიმე კონკრეტული გრადუსის მაჩვენებელი ყველასთვის და ყველა სიტუაციაში ერთი და იგივე?
თუ ყველა ადამიანს ცალკეული ზღვრული მაჩვენებლები აქვს?
დამეთანხმებით, რომ ძალიან ხშირია კითხვა: „37 და 2 ან 3 მაქვს და ითვლება თუ არა სიცხედ?“
ექიმი სანდრო თელია
დავით თელიას კლინიკა – მტკიცებითი მედიცინის ცენტრი
აქვე წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ის რაც აქამდე ცხელების შესახებ იცოდით და ახლაც გგონიათ დიდი ალბათობით არასწორია.
სანამ ცხელებაზე გადავალთ ჯერ მოდით სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე და 37 ° C გრადუსზე არსებული მითის შესახებ ვისაუბროთ.
დიახ! სწორად გაიგეთ: 37 ° C გრადუსი მითია.
მაგრამ ამავე დროს, როგორც ყველა მითი ეს 37 ° C გრადუსის მითიც ოდესღაც სადღაც დაიწყო.
ანუ ამ შემთხვევაში ასეთი მითი მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩაისახა.
კერძოდ, დაკავშირებულია გერმანელ ექიმთან კარლ რაინჰოლდ ოგასთ ვუნდერლიქთან (Carl Reinhold August Wunderlich).
ვუნდერლიქი პირველი ექიმი გახლდათ, რომელმაც სერიოზულად დაიწყო ადამიანის ტემპერატურის შესწავლა და პირველმა დააფიქსირა, რომ ცხელება დაავადების გამოვლინებაა და არა უშუალოდ თავად დაავადება.
მან მრავალი წლის განმავლობაში კვლევაში შეისწავლა და ჩაწერა ერთ მილიონამდე იღლიაში გაზომილი ტემპერატურის მაჩვენებელი 25 000 ადამიანში.
ამ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მან აღმოაჩინა და დაადგინა, რომ მოზრდილებში საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი 37 ° C გრადუსი იყო.
სწორედ ეს ფაქტია ფართოდ გავრცელებული მოსაზრების სათავე (ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ამერიკაში ასეა), რომ 37 ° C გრადუსი სხეულის ნორმალური ტემპერატურის (ზღვრული) მაჩვენებელია.
მაგრამ ამ მითთან დაკავშირებით ფიქსირდება 4 მთავარი პრობლემა:
1. ვუნდერლიხს არასოდეს უთქვამს, რომ 37 ° C გრადუსი ეს სხეულის ტემპერატურის ერთადერთი მკაცრად დადგენილი ნორმალური მაჩვენებელია.
არა.
მან უბრალოდ ის საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი გამოთვალა (ანუ 37 ° C გრადუსი), რომლის მიმართაც ადამიანების ტემპერატურები იყვნენ ნორმალურად ანუ სიმეტრიულად გადანაწილებულები მიღებული მონაცემების შკალაზე.
2. მეორე პრობლემა: 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შედარებით ვუნდერლიხის კვლევის პაციენტები არ იქნებოდნენ ჯანმრთელები.
ტემპერატურის ეს მაჩვენებლები აიღო თავისი პაციენტებისგან, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ჰქონდათ.
თანაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იმ დროინდელ ევროპაში დაახლეობით 40 წელიწადი იყო და ამ გამოკვლეული სუბიექტებიდან რამდენს ჰქონდა ფარულად კიბო, კბილის ინფექციები ან გამოუვლენელი ტუბერკულოზი (ანუ ყველა დაავადება, რომელიც ტემპერატურას მაღლა სწევს)? ესეც ხომ უცნობია?!
3. მესამე ძირითადი პრობლემა: იღლიაში გაზომილი ტემპერატურა, როგორც წესი, უფრო დაბალია ხოლმე, ვიდრე სხეულის „ჭეშმარიტი“ ანუ რეალური ტემპერატურა (მაგალითად, პირის ღრუში, სწორ ნაწლავში გაზომილ და ორგანიზმის შინაგან ტემპერატურებთან შედარებით).
4. მეოთხე პრობლემა: ვუნდერლიხის თერმომეტრები ზუსტი არ იყო.
მისი ვერცხლისწყლის თერმომეტრები როგორ იყვნენ დაკალიბრებულები არ ვიცით?
თანამედროვე ვერცხლისწყლის თერმომეტრები, რომელთა დიდი ნაწილიც ხმარებიდან უკვე ამოიღეს ტოქსიკურობის პრობლემების გამო, მიუხედავად ამისა, ისინი ჯერ კიდევ მაინც ძალიან ზუსტ თერმომეტრებად ითვლებიან.
მაგრამ ამ თერმომეტრების დამზადების სტანდარტები დღევანდელივით კარგი არ იყო 150 წლის წინ.
დაახლოებით ვიცით, რომ ვუნდერლიხის ვერცხლისწყლის თერმომეტრები დაახლოებით 1.5 – 2 ° C გრადუსით უფრო მაღალ ტემპერატურას აფიქსირებდა თანამედროვე ვერცხლისწყლის თერმომეტრების ვერსიებთან შედარებით.
საიდან ვიცით? ეს ინფორმაცია ფილადელფიის მუზეუმში გამოკვლეული ვუნდერლიხის ორიგინალური ვერცხლისწყლის თერმომეტრის შესწავლის შედეგად გახდა ცნობილი.
ასე, რომ ნათელია თუ რამდენი სუბიექტური რამე მოქმედებს და რამდენად არაზუსტია 37 ° C გრადუსის ნორმალურ ტემპერატურად მიჩნევის თაობაზე ეს მითი.
ბოლო დროს უამრავჯერ სცადეს ხელახლა დაედგინათ და განესაზღვრათ სხეულის ნორმალური ტემპერატურის მაჩვენებელი.
ასე მაგალითად, ერთმა 2002 წლის მიმოხილვამ აჩვენა, რომ პირის ღრუს საშუალო ტემპერატურა 36.4 ° C გრადუსია.
მეორე კვლევამ 2017 წელს 244 000 გაზომილი ტემპერატურის შესწავლით აჩვენა 36.6 ° C გრადუსი.
მომდევნო 2020 წლის კვლევამ სტენფორდის უნივერსიტეტში (შეისწავლეს ტემპერატურის ბევრი მაჩვენებელი მათ შორის ჯერ კიდევ 150 წლის წინანდელებიც) დაადგინა, რომ ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 0.5 გრადუსი ცელსიუსით დაეცა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული.
ამ კვლევის შედეგის ავტორებმა აგრეთვე წარმოადგინეს მტკიცებულებაც, რომ ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის ასეთი 0.5 გრადუსი ცელსიუსით დაცემა რეალურად ფიქსირდება ბოლო 2 საუკუნის მანძილზე და კვლევის ასეთი შედეგი არ არის გაზომვისას არასწორი სისტემური ტენდენციის (systemic bias) არტეფაქტის ზეგავლენის შედეგი.
საფიქრებელია, რომ ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის ასეთი კლება დაკავშირებული უნდა იყოს პოპულაციაში ანთების დონის კლებასთან, რაც თავის მხრივ კავშირშია გაუმჯობესებულ სანიტარიასთან, კბილის ჰიგიენის გაუმჯობესებასთან, ტუბერკულოზის სიხშირის კლებასთან და ანტიბიოტიკების გამოგონებასთან.
კიდევ ერთი საკვანძო საკითხია სხეულის ნორმალური ტემპერატურის დღის განმავლობაში ცვალებადობაც.
როდესაც ტემპერატურას ერთსა და იმავე ადამიანში რამდენიმე დღის მანძილზე დღის განმავლობაში ხშირად განმეორებითად ვზომავთ ხოლმე ფიქსირდება შემდეგი ტენდენცია:
° ტემპერატურა დღის მანძილზე ყველაზე დაბალია დილით ადრე ხოლმე
° და ყველაზე მაღალია გვიან შუადღეზე და ადრე საღამოობით ხოლმე
° საშუალო დაბალი მაჩვენებლებსა და საშუალო მაღალ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არის 0.5 გრადუსი ცელსიუსი. ასეთ სხვაობას თავად ვანდერლიხიც კი აფიქსირებდა თავისი არაზუსტი თერმომეტრებითაც კი. იმდენად აშკარაა ეს.
° როგორც აღმოჩნდა სხეულის ტემპერატურა საშუალოდ მცირედით უფრო მაღალია ქალებში.
მაგრამ როგორც ეს ყველა ქალბატონმა უკვე იცის, ვინც ორსულობას გეგმავს, ეს ფაქტი ნაწილობრივ დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან.
კონკრეტულად, ციკლის დროს ტემპერატურა აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს უშუალოდ ოვულაციის წინ.
ხოლო ოვულაციის შემდეგ გამოყოფილი პროგესტერონი უმატებს ტემპერატურას რამდენიმე დღის განმავლობაში 0.9-ით და ასე მომატებულია 2 კვირის მანძილზე სისხლდენის დაწყებამდე.
სხეულის ნორმალური ტემპერატურა იკლებს:
° ხანდაზმულ ასაკთან ერთად
° ჯანმრთელი ადამიანის ტემპერატურასთან შედარებით ტემპერატურა უფრო დაბალია: ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში
° ასევე, ჰიპოთიროიდიზმის მქონეებში
° თირკმლის დაავადებისას
° გულის უკმარისობისას
° გარემოს ტემპერატურაც, სეზონიც, ტენიანობაც როგორც აღმოჩნდა მოქმედებენ სხეულის ტემპერატურაზე.
ამგვარად, ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურის რაიმე კონკრეტული მაჩვენებლის დადგენა ძალიან რთული ყოფილა.
ასევე ვხვდებით, რომ ცხელების განსასაზღვრად ტემპერატურის რაიმე კონკრეტული რიცხვითი მაჩვენებლის, ზღვარის თქმაც ასევე კიდევ უფრო რთულია.
ცხელებას და სიცხის არ ქონას შორის ხაზის გავლებაზე მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი.
უფრო კონკრეტულად, საკითხავია რა ითვლება ცხელებად?
ანუ ისმის კითხვები: ცხელებად უნდა ჩაითვალოს ტემპერატურა, რომელიც ნორმალურ ზღვარზე უფრო მაღალია კონკრეტული სქესის და ასაკის პაციენტში, რომელი სქესის და ასაკის პაციენტებშიც ნორმალურ ტემპერატურად ჩათვლილია ის ფარგლები, რომელ ფარგლებშიც მოხვედრილია სავარაუდოდ ჯანმრთელი პაციენტების გარკვეული პროცენტული რაოდენობა?
თუ ცხელებად უნდა ჩავთვალოთ ამა თუ იმ კონკრეტული პაციენტისთვის დადგენილი ნორმალურ ზღვარზე უფრო მაღალი ტემპერატურა?
ან უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ცხელების განმარტებისას დღის გარკვეული მონაკვეთი და/ან მ. ციკლი?
ან უნდა გამოვიყენოთ თუ არა უფრო ფუნქციური განმარტება? მაგალითად, ტემპერატურა, რომელიც საკმარისად მაღალია, რომ დავუკავშიროთ ინფექციური დაავადების არსებობას ან გართულებების და ცუდი გამოსავლის რისკთან, რომელიც რა თქმა უნდა მკუნრალობის სქემის შეცვლას მოითხოვს?!
ისტორიულად ცხელებად უნივერსალურად ყოველთვის მიაჩნდათ ტემპერატურის ის მაჩვენებელი, რომელიც ყველა ინდივიდის ტემპერატურის რიცხვების 99-ე პერცენტილზე ზემოთ ფარგლებში ხვდება.
მე-19 საუკუნეშიც ვანდერლიხმაც ასეთი პერცენტილების მიდგომა გამოიყენა ცხელების განსამარტად და 38.0 გრადუსი ცელსიუსი მიიღო ცხელების მაჩვენებლად.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემისა ცხელების მაჩვენებლის ამგვარად დადგენისას, დღევანდელ დღესაც 21-ე საუკუნეშიც ცხელების არსებობად მიჩნეული ყველაზე ხშირ ზღვრულ მაჩვენებლად დღესაც 38 გრადუსი ცელსიუსი მიაჩნიათ ექიმებს ყველა პაციენტში და ყველა კლინიკური სიტუაციის დროს.
მაგრამ ცხელების ასე განმარტება უაზროდ და მეტისმეტად გადაჭარბებულად გამარტივებული მიდგომაა.
არ არსებობს რაიმე კონკრეტული ზედა ზღვარი რაც ჯანმრთელობის და დაავადების შეფასებისას შეიძლება დავადგინოთ და მით უმეტეს აბსოლუტურად ყველა პაციენტთან ერთნაირად თანაბრად გამოვიყენოთ ასეთი კონკრეტული რიცხვითი მაჩვენებელი.
თუნდაც, ავიღოთ ერთი კონკრეტული სპეციფიკური ინდივიდი დღის ერთ კონკრეტულ სპეციფიკურ მონაკვეთში.
წარმოიდგინეთ, რომ აქაც კი არ არსებობს ცხელების რაიმე კონკრეტული ზედა ზღვარი.
სამედიცინო დიაგნოზი ისმება ცხელების მაჩვენებლების ორ ნაწილად დაყოფის გზით.
ასე მაგალითად, ჩვენ ვიღებთ ცხელების რიცხვით მაჩვენებლებს, რომლებიც გვხვდება და განაწილებულია პოპულაციაში და შუაში გარკვეულ ადგილას ვავლებთ ხაზს ანუ ვყოფთ ამ რიცხვებს ორ ნაწილად და ვამბობთ, რომ:
° ყველა ვინც ამ ხაზის (მაგალითად, მარცხენა მხარეს) მხარეს მოხვდება ჩაითვლება ნორმად ანუ ნორმალური ტემპერატურა აქვთ,
° ხოლო, ყველა ვინც საპირისპირო მარჯვენა მხარეს მოხვდება პირიქით ჩაითვლება არანორმალურად ანუ ცხელება აქვთ.
° გასაგები, რომ იყოს ასე მაგალითად, ასეთი ორ ნაწილად დაყოფით (ანუ დიქოტომიზაცია) ვამბობთ, რომ სისხლის სისტოლური წნევა (პირობითად ვამბობ რა თქმა უნდა) -119-ი ნორმალურია; ხოლო 120-ი კი მომატებულია.
° კიდევ ერთი მაგალითი: ქალებში ჰემოგლობინის მაჩვენებელი 12-ი ნორმაა, ხოლო 11.9 კი ანემიად ჩაითვლება და ანემიის დიაგნოზს დასვამს.
ასეთივე პრინციპია ზუსტად ტემპერატურის შემთხვევაშიც.
ზუსტად ასე ორ კატეგორიად ვყოფთ მასაც: ცხელება და ცხელების არ ქონა.
ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს დაბალი ტემპერატურის ტერმინი, რაც ნიშნავს საკმარისად მომატებულ ტემპერატურას, რაც ნორმად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ამავე დროს საკმარისზე დაბალია, რომ ექიმებს არ უწევთ არანაირი ჩარევა მის საწინააღმდეგოდ.
სხეულის ტემპერატურის რიცხვები ანუ მაჩვენებლები უწყვეტად არის განაწილებული შკალაზე და რა თქმა უნდა რაც უფრო მარჯვნივ ანუ მეტი რიცხვებისკენ მივდივართ ანუ რაც უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა უფრო მეტია შანსი, რომ ის სამედიცინო პრობლემაზე მიუთითებდეს.
არ არსებობს რაიმე აშკარად გამოკვეთილი ტემპერატურის გარდამავალი რიცხვითი მაჩვენებელი, რომელი მაჩვენებლის დროსაც ჩავთვლით, რომ პაციენტს საფრთხე ემუქრება.
და როგორც ზემოთ უკვე იყო ნათქვამი, ჩვენ უბრალოდ პირობითად ვავლებთ ტემპერატურის რიცხვებს შორის შუაში ხაზს და ვამბობთ, რომ სიცხე ან არის ან არა.
ილუსტრაციისთვის იხილეთ სურათი: მითხარით ერთი კონკრეტული წერტილი სურათზე სადაც ნაცრისფერი იწყება და გეტყვით ტემპერატურის რომელი მაჩვენებელი შეიძლება ჩაითვალოს ცხელებად!
ვიცი, რომ პოსტის წაკითხვისას ბევრი თქვენგანი ელოდებოდით, რომ გაგეგოთ თუ რომელია ის კონკრეტული რიცხვი რაც ცხელებად ითვლება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავწერ ტემპერატურის რაიმე კონკრეტულ რიცხვს ვინაიდან არ არსებობს რაიმე კონკრეტული ერთი რიცხვი რაც ცხელებად ითვლება.
პირიქითაც, მთელი რიგი საზღვრები და ფარგლებია და ეს ფარგლები იცვლება და მერყეობს დღის განმავლობაში დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ინდივიდს შორის, ციკლის დღეების მიხედვითაც კი და ა.შ.
ასე, რომ თუ გადავწყვეტთ დავადგინოთ რაიმე კონკრეტული ზღვარი რაც ჩაითვლება ცხელებად vs ცხელების არ ქონად ის მაინც პირობითი და შემთხვევითი მაჩვენებელი იქნება.
გასაგებია, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა იმედის გამაცრუებელი იყოს ექიმებისთვისაც და ყველასთვის, მაგრამ ასეთია რეალური სურათი.
აშშ-ში განსაკუთრებით ჰოსპიტლებში მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი როგორც წესი იყენებენ ხოლმე ტემპერატურის ერთ გარკვეულ ზღვრულ მაჩვენებელს თავიანთთვის ცხელების დასადგენად.
იქ სპეციფიკური რაიმე კონკრეტული ზღვრული რიცხვი კონკრეტულ ჰოსპიტალზეა დამოკიდებული და ელექტრონულ სამედიცინო ისტორიებშიც ცხელების კონკრეტული რიცხვიც უშუალოდ პროგრამის შემყვანი პერსონალის „კაპრიზებისდა“ მიხედვით შეჰყავთ.
ზოგჯერ 38 ° C -ს თვლიან და შეჰყავთ, ზოგსაც 38.3 ° C -ი და ზოგსაც სრულიად სხვა მაჩვენებელი.
გასაოცარია, მაგრამ აშშ-ში ბევრმა კლინიცისტმა თურმე არც კი იცის ტემპერატურის რა რიცხვებს იყენებს თავიანთი ჰოსპიტალი.
ამის მიზეზია ჰოსპიტლების ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფაში (call MD, Notify MD) წინასწარ გაწერილი და შეყვანილი სტანდარტული რიცხვითი მაჩვენებლები, რომლებიც ავტომატურად ეუბნება და „უგდებს“ ექთნებს თუ ტემპერატურის რა მაჩვენებლების დროს უნდა გამოიძახონ ექიმთა ბრიგადა.
საყურაღებოა, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი საბაზისო ტემპერატურის მაჩვენებელი არ აქვს.
ისევე როგორც პულსი.
ასე, რომ თუ 37.8 ° C გრადუსი თქვენთვის ეს მაჩვენებელი შემაშფოთებელი და შემაწუხებელია და ექიმი კი გეუბნებათ, რომ „არ ინერვიულოთ! ეს არ არის მაღალი ცხელება“, მაშინ მას თავაზიანად მიუთითეთ, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი საბაზისო ტემპერატურის მაჩვენებელი არ აქვს და ვერც ექნება.
და თუ პულსი, წნევის რიცხვები და ა.შ. ფიქსირდება ხოლმე ადამიანებს შორის სხვადასხვა, საბაზისო ტემპერატურის მაჩვენებელიც რატომ უნდა იყოს ყველაში ერთნაირი?
P.S. შემდეგ პოსტში შევეცდები გავარჩიო მითი ხშირად ლიტერატურაში თუ უნივერსიტეტებში ნასწავლი და არასწორად გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ნორმალურ მოსვენებულ მდგომარეობაში ნორმალური პულსის სიხშირე 60-100 -ის ფარგლებშია.
კომენტარები