თითქმის ერთი თვე გავიდა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმიდან, თუმცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული 32 წლის ბადრი ესებუას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. თავდამსხმელის ძებნის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება და რა შედეგით, ჯერჯერობით უცნობია.
“კვირის პალიტრა” ესებუას იმ მეგობარს ესაუბრა, ვისთან ერთადაც ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
თემური, 33 წლის: – როცა ამბობენ, ბადრის ამის გაკეთების ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდაო, მეღიმება. ჩანს, ამის მთქმელი მას მხოლოდ ოჯახურ გარემოში იცნობდა, ან იმ სიტუაციაში უნახავს, სადაც მას თავისი უნარ-ჩვევების წარმოჩენა არ სჭირდებოდა. ბადრი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სწრაფი, მოქნილი. მგონი, ყველაზე სწრაფად ის შლიდა და აწყობდა იარაღს. რაც მთავარია, გაბედული იყო. წვრთნების დროს 40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა. თეორიაშიც ძალიან ძლიერი იყო, ნიჭიერია, გონიერი.
არ მჯერა, რომ ეს მარტომ გააკეთა, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, იქნებ ორიც, მაგრამ იმის თქმა, ამხელა რისკზე როგორ წავიდოდაო, გულუბრყვილობაა. შეიძლება იმიტომაც ვერ იჯერებენ, რომ ბადრი წესიერი, მშრომელი ოჯახიდანაა. სხვა საქმეა, რამ გააკეთებინა ბადრის ეს, ვალმა თუ სხვა მიზეზებმაც
ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბანკიდან მოუწია ვალის აღებამ, შემდეგ პროცენტები ვერ გადაიხადა… ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და ზუგდიდის ექიმებმა ქუთაისში გაწერეს, იქიდან კი თბილისში გაუშვეს. ოჯახი, რა თქმა უნდა, პატრონობდა, თუმცა შეიძლება თავის ფინანსურ პრობლემებზე ყველაფერს არც ამხელდა.
ბანკის უკან, მშენებლობაზე მუშად მუშაობდა, მამას საამქროშიც ეხმარებოდა. ფიზიკური განსხვავებების ძებნა დაიწყეს – თავდამსხმელი უფრო მაღალი ჩანსო. სამხედრო ბათინკის ძირი მაღალია და ამიტომაც უფრო მაღალს აჩენს. ეს მოხვდათ თვალში მის ნაცნობებს, რადგან ესებუა 165-67 სანტიმეტრამდეა. არ მჯერა, რომ სადმე წავიდოდა, დიდი ალბათობით აქ არის და გამოსავალს ეძებს.
“მამა ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო”
ჩვენ ვესაუბრეთ ბადრი ესებუას რამდენიმე თანასოფლელს, – არც ერთს არ სჯერა, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირი ბადრი ესებუაა.
ლევანი, 45 წლის: “თვალის ჭრილზე რომ არაფერი ვთქვათ, ვერც ხმა მივამსგავსეთ. თქვეს, პირში რაღაც ედო, ხმა რომ შეეცვალაო. ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სოცქსელში გავრცელდა (როცა გალდავამ ფული მიუტანა), ზოგმა თქვა, მოთმინებადაკარგული კაცის ხმა ჰქონდა და მაშინ წამით თითქოს გვეცნო მისი ხმის ტემბრიო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებთ. მძევლები ამბობენ, საუბრისას რუსულ სიტყვებს ურევდაო. ასეთი რამ ბადრის არ ახასიათებდა, თან ის კაცი უფრო მხარბეჭიანი ჩანს…
ამ საქმემდე სულ რამდენიმე დღის წინ სიმინდის მოტეხაში ეხმარებოდა მეზობლებს. ასეთი რამ რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ასე არხეინად ვერ იქნებოდა. ამბობენ, ბანკის შენობა კარგად შესწავლილი ჰქონდაო და ნუთუ ერთი ვიდეოჩანაწერი არ აღმოაჩნდათ, რომ დაედგინათ, ნამდვილად დადიოდა თუ არა იმ ბანკში ხშირად.
მიკვირს, მშობლებზე როგორ არ დარდობს. მამამისმა კი მოუწოდა, ჩაბარდიო, მაგრამ კაცს თვითონაც არ სჯერა, თუ ბადრი ამის ჩამდენია. ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო. მგონია, რომ ბადრი უფრო თანამზრახველია, ვიდრე საქმის მთავარი გმირი. ვალიც იმდენი არ ჰქონია, რომ ამის გამო ამხელა რისკზე წასულიყო. მამამისს ზუგდიდში საამქრო აქვს, ტრაქტორი ჰყავდათ, მიწები აქვთ… ბიჭები დღედაღამ მუშაობდნენ, მამას ეხმარებოდნენ და როგორმე გაისტუმრებდნენ იმ ვალს”.
“არა მგონია, სადმე წასულიყო, მით უფრო კონფლიქტის ზონაში”
კიდევ ერთი რესპონდენტის ცნობით, ეჭვმიტანილ ესებუას ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა.
მამუკა, 53 წლის: “ჯარში სამსახურისას ფილტვები გაუცივდა. არ ვიცი, მაშინ როგორი სადაზღვევო პაკეტი ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ სრულყოფილად ვერ იმკურნალა და მდგომარეობა გაურთულდა. ამიტომაც აიღო სესხი. ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამხედრო სამსახურს თავი დაანება. ბადრი თავმოყვარე ბიჭია, სახელმწიფო სამსახური, რომელსაც ჯანმრთელობა შეალია, ვერ ან საკმარისად ვერ დაეხმარა. სამსახური აღარ ჰქონდა, ამიტომაც გაეზარდა ვალი. კარგია, რომ სისხლი არ დაღვრილა. დარწმუნებული ვარ, არც არავის ესროდა. ამიტომ მოემზადა ასე კარგად, რომ არავინ დაღუპულიყო. ალბათ, ისიც გათვალა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და არც მას მოკლავდნენ, რადგან ვითარება დაიძაბებოდა. არა მგონია, სადმე წასულიყო, მით უფრო კონფლიქტის ზონაში. იქ მას უსაფრთხოების გარანტიას არავინ მისცემდა და ფულსაც წაართმევდნენ.”
კომენტარები