სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 5 ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერს“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. 1ა და სამტრედიის ქ. #9) მდებარე ობიექტში.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.”
“ალია” შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, კარფურში, სავარაუდოდ დაინფიცირებული ხორცის ყიდვის შესახებ და როგორც აცხადებს, მან მიმართა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც უთხრა, რომ კარფური 1000 ლარით დააჯარიმა. ამ დრომდე სურსათის ეროვნულ სააგენტოს, არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, მართლაც დააჯარიმა თუ არა კარფური, არც კარფურის ფოტო გამოუქვეყნებია.
მეტიც, როცა კიდევ ერთი შემთხვევა იყო მომხმარებელმა კარფურში ნაყიდ პროდუქტში ხოჭოები აღმოაჩინა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოგვიცხადა, რომ არ აქვს უფლება გასცეს ინფორმაცია, დააჯარიმა თუ არა კარფური.
იმედია, ინფორმაციის გავრცელებას შერჩევითი სახე არ აქვს და მალე შევიტყობთ, დააჯარიმა თუ არა სააგენტომ მართლაც კარფური.
კომენტარები