იტალიელმა ექიმებმა, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ის ქრონიკული დაავადებები დაასახელეს, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შედეგის ალბათობას. მათი დასკვნებით, ესაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ასევე ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) და სიმსივნე.
კვლევა იტალიის ინფექციური და ტროპიკული დაავადებების საზოგადეობის ლომბარდიის რეგიონის განყოფილებამ ჩაატარა.
ლომბარდია იტალიის სწორედ ის რეგიონია, სადაც თებერვლის ბოლოს კოვიდ-19-ის ინფექცია პირველად დაფიქსირდა, ამჟამად კი ქვეყანა ახალი ვირუსრული ინფექციით გარდაცვალებულთა რიცხვით ჩინეთს ათასი შემთხვევით უსწრებს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობით კი ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
იტალიელ ექიმთა ინფორმაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე იმ პაციაენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10.5% იყო, კორონავირუსით დაავადებულ დიაბეტიკებს შორის კი – 7.3%. გარდა ამისა, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მაჩვენებელმა 6.3% შეადგინა, ჰიპერტონიით (მაღალი არტერიული წნევით) დაავადებულ პაციენტებში – 6% და სიმსივნის შემთხვევებში – 5.6%.
შედარებისათვის, კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით, 2-დან 3%-მდე მერყეობს.
ლომბარდიის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონიო პესენტიმ უარყო ის ფაქტი, რომ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმა ხოლოდ ხანდაზმულებს აღენიშნებათ. მისი თქმით, მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დაახლოებით ნახევარი 65 წელზე ნაკლები ასაკისაა.
მანვე აღნიშნა, რომ ვირუსის მძიმე ფორმა ასევე ბევრია 20-30 წლის ასაკის ახალგაზრდებშიც, თუმცა დასძინა, რომ მოხუცებისგან განსხვავება იმაშია, რომ ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და შესაბამისად, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ.
მანამდე, სააგენტო „ბლუმბერგი” იტალიის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით, წერდა, რომ, ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციით გარდაცვლილთაგან 99% -ზე მეტს ვირუსთან ერთად ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა თითქმის ნახევარს კორონავირუსის გარდა კიდევ სამი დაავადება ჰქონდა – 75% -ს მაღალი არტერიული წნევა, 35% -ს დიაბეტი და 30%-ს – გულის დაავადება.
კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 18% -ის მონაცემების შესწავლის შედეგების თანახმად, მათგან მხოლოდ სამ ადამიანს არ აღენიშნებოდა რაიმე სხვა პათოლოგია და მათი გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები იყო.
კომენტარები