„ალიას“ ქვეყანაში კორონავირუსის გამო გამოწვეული მოვლენების შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი რამაზ გაგნიძე ესაუბრება.
– „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში შეკერილმა პირბადეებმა დიდი ხმაური გამოიწვია, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. როგორც ექიმი, როგორ შეაფასებ?
– ექიმი ვარ და 1987 წლიდან მიკეთია პირბადე, ხარისხიანს და უხარისხოს მაინც ვარჩევ. ჩვეულებრივი მარლის მატერიისგან არის შკერილი, უხარისხო მარლისგან, რომელიც მალე იძენძება.ეს არის ერთჯერადი გამოყენებისა და ატყუებენ ხალხს, რომ სამჯერ მაინც შეიძლება მისი გამოყენება. მე ვიყიდე და გავრეცხე ეგ პირბადე, თან ახალი, უხმარი და დაიძენძა. მეორედ ვეღარ გაიკეთებ, რადგან სამი შრე აქვს და სამივე დაიძენძა, დაცულობა აღარ აქვს, ვირუსის ნაწილაკებს გაატარებს სამივე დაზიანებული შრე. ეს პარბადე სადღაც 15–20 თეთრი ჯდება და ამაში ფული კეთდება.მაგის გარდა, მთავრობამ გადაიხადა ფულიო. ჯერ ერთი, უნდა დადონ ხარჯთაღრიცხვა, რამდენი გადაირიცხა ამ კონკრეტულ ფაბრიკაში, კიდევ სხვებიც მუშაობენ და იმათ რამდენი გადაურიცხეს, რა დაჯდა ნედლეულის შემოტანა უცხოეთიდან, რა დაჯდა მერე წარმოება და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გავიგოთ და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, რეალურად, რამდენი და რაში დაიხარჯა ბიუჯეტის ფული. ეჭვი არ მეპარება, რომ აქაც ფული გაკეთდება, გაბერილი იქნება ხარჯები და ვიღაცები, ამ უბედურების დროს, გვარიან თანხას ჩაიჯიბავენ. არ ხდებოდა აქამდე ეგეთი ამბები? ახლა შერცხვებათ თუ რა? თან იმ პირბადეებს გვამადლიან, 50 თეთრად, იაფად რომ ვიყიდით. მოიცა, ის ფული, რომლითაც სუფსიდირება მოახდინეს, ნათია თურნავამ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა? ბიუჯეტიდან გადაიხადეს და ის ბიუჯეტი ხალხისაა, ხალხი ავსებს იმ ბიუჯეტს გადასახადებით.
– რამაზ, შენ დიდი წინააღმდეგი ხარ, რომ 5G ინტერნეტის ანტენები დააყენონ საქართველოს დასახლებულ პუნქტებში. როგორც ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი, რას იტყვი, რატომ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ ანტენების დაყენება?
–„მაგთი“ გია ჯოხთაბერიძისაა და „ჯეოსელი“ და სილქნეტი“ – ორივე გიორგი რამიშვილისა, ორივენი ამ მთავრობის ფავორიტი ბიზნესმენები არიან, მაგათი ფინანსური ინტერესებია ამ საქმეში. მთელ მსოფლიოში დაიწყო მოძრაობა – „არა 5G ინტერნეტს“. ექიმი კი ვარ, მაგრამ ფიზიკოსი არ ვარ, თუმცა, კვალიფიციურ ფიზიკოსებთან გავიარე კონსულტაცია და ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ინტერნეტი მავნებელი, ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. 60 გიგაჰერცი აქვს სიხშირე 5G ინტერნეტს. იცი, რამდენი გიგაჰერცი აქვს 4G ინტერნეტს? 2.5. ხედავ, რა უზარმაზარი განსხვავებაა? 24–ჯერ მეტი აქვს დასხივება. 0 გიგაჰერცი ტალღის გავრცელებას ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის მოლეკულები საგრძნობლად ახშობს. ჩახშობა კი ენერგიის შთანთქმას ნიშნავს. ამიტომ, პროფესიონალი მედიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს სიხშირე სხვადასხვა პრობლემასთან ერთად სისხლში არსებული ჰემოგლობინის მიერ ათვისებული ჟანგბადის რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს. ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში უკვე იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს თავის ტვინში, გულსისხლძარღვთა სისტემაში, ფილტვებში, ღვიძლში, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმში. სისხლში ჟანგბადის რაოდენობაზეა დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობა. რაც მთავარია, იმუნური სისტემა იწევს დაბლა. ეს უკვე ზრდის სიმსივნეების განვითარების რისკს. ასევა, დაბალიმუნიტეტიან ადამიანს იოლად ერევა ყველა სახის ვირუსი, უნგრევს ნერვულ სისტემას და ნევროზს, ფსიქოზს იწვევს. თუ დადგამენ ამ ანტენებს, უნდა დადგან დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით. ესენი რას აკეთებენ? უკვე დაიწყეს დამონტაჟება. ხეთაგუროვის ქუჩაზე, კერძო სკოლასთან დაამონტაჟეს. ჯერ ჩართული არ არის, მაგრამ ჩართავენ. ამ სკოლის მოსწავლეები და სკოლის მთელი პერსონალი, გამეტებულნი არიან ათასგვარი დაავადებისთვის. რამდენ ასეთ ანტენას დააყენებენ თბილისში? სხვა ქალაქებსა და რაიონებში, სოფლებში? რა დათვლის მაგას. ამ კომპანიების მესვეურთა ლობისტი მეცნიერები გამოდიან და აცხადებენ, რომ 5G ინტერნეტი არ არის საშიშიო. ამას ლაპარაკობენ უარგუმენტოდ. გამოვიდნენ, დაასაბუთონ მეცნიერულად, რომ უსაფრთხოა და მერე დააყენონ. თუმცა, ამას ვერ აკეთებენ, რადგან უკვე საპირისპირო დაამტკიცეს უცხოელმა მეცნიერებმა, ეს ინტერნეტი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამის დამადასტურებელი არაერთი სტატია, ინტერვიუ, ვიდეო მასალა დევს ინტერნეტში.
– ზოგი კითხულობს, ამ კომპანიების მესვეურებმა, მათმა შვილებმა, მეუღლეებმა, მშობლებმა ამ ქვეყანაში არ უნდა იცხოვრონ? ისინი ცხოვრობენ თბილისში და თუ სხვისთვის მავნებელია, მათთვისაც მავნებელი იქნება ეს ანტენებიო?
– კი, ისინიც აქ ცხოვრებენ, მაგრამ საკუთარ თავსა და თავისიანებს არ გაიმეტებენ. საკუთარ სახლებთან, ოფისებთან ახლოს არ დააყენებენ. თუ ქუჩაში გაიარეს ამ ლოკაციაზე, სადაც ანტენა იქნება, 5 წუთით იმ ანტენის სიახლოვეს ყოფნა არაფერს დაუშავებს. სისტემატიური დასხივებაა სახიფათო. ახლა შენ კოცონს რომ ჩაუარო, ოდნავ იგრძნობ სითბოს და 3 საათი თუ იდგები კოცონთან, შენი სხეულის თერმული მდგომარეობა შეიცვლება, დაგცხება. ასეა ესეც. ცეცხლი არ კლავს, თუ შიგ არ ჩავარდი, მაგრამ ეს დასხივება ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა სახიფათო და საბოლოდ, მათი სასიკვდილოდ გამეტებაა. 5 წუთით დასხივება სხვაა და როდესაც შენს სახლთან ახლოს არის დამონტაჟებული, ეზოში დიდ დროს ატარებს, აივანზე გადიხარ, მიდიხარ, მოდიხარ და ფაქტიურად, მუდმივად დასხივების ქვეშ იმყოფები. თუ მავნებელი და სახიფათო არ არის, ადგნენ ერთი, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაამონტაჟონ. სცადონ, აბა, გაუშვებს?
– ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. ბევრი ქილიკით შეხვდა მის ქველმოქმედებას. შენ რას იტყვი?
– გადარიცხა და ღმერთმა გაუმარჯოს! ამაზე დიდი ამბავი რომ ატეხეს „ოცნების“ მომხრეებმა, არიქა, ეს რა მაგარი საქმე გააკეთა ბიძინამო. იმაზე არაფერს ამბობენ, ამდენი ხალხია სახლებში გამოკეტილი, ამდენი ხალხი დარჩა უმუშევარი და ბევრს პურის ფული უკვე არ აქვს, ბევრსაც მალე აღარ ექნება, იმ ხალხს მიხედვა არ უნდა? ჭამა და წამლის ფული არ უნდა? ჩვენ ბიუჯეტს რომ ვავსებთ და თავის უსაქმურ ჩინოვნიკებს რომ გადააჭმევინა ეს ბიუჯეტი, უკვე 8 წელია, ამაზე რატომ არაფერს ამბობენ? 100 მილიონის და მეტის პრემია–დანამატები გამოიწერეს, როდესაც ხელფასებიც კი არამია მაგათთვის, რადგან ქვეყანა უკან–უკან მიჰყავთ. სიღარიბემ მოუმატა ქვეყანაში, დაიცალა ქვეყანა და რამდენმა, შიმშილით რომ არ მოკვდარიყო აქ, უცხოეთში გაასწრო. 300 მილიონ ლარზე მეტი ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდან ყალბი დღგ–ეების საქმეზე, ბიუჯეტში რომ ვითომ გადაიხადეს დღგ–ს გადასახადი და რეალურად, არ გადაიხადეს და მოატყუეს სახელმწიფო. ვანო ჩხარტიშვილი და ოთარ ფარცხალაძე ედგნენ ამ საქმეს სათავეში. გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა 350 მილიონი ლარი გაქრეს ბიუჯეტიდანო, ამაზე დიდი ამბავი იყო ატეხილი. ახლა გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე და როგორც ვატყობ, მის ჩაფარცხვას აპირებენ. 370 მილიონი გაქრა თავდაცვის სამინისტროდან ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში, 2018 წელს, 66 მილიონი გაქრა ბიუჯეტიდან და ამ ორივე ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არსებობს. მარტო ეს თანხები აიღე და რამდენი გამოვიდა? 1 მილიარდზე მეტია. დააბრუნებინოს ეს ფული ბიძინა ივანიშვილმა იმ ხალხს, ვინც მოიპარა და ეს ფული გადარიცხონ მერე იმ ფონდში. სულ არ მინდა ივანიშვილის გადარიცხული 100 მილიონი და არც საჭირო იქნება. თვითონ ივანიშვილმა თქვა 2012 წელს, 19 მილიარდი დოლარი მოიპარეს სააკაშვილმა და „ნაცებმა“ ბიუჯეტიდანო და დაიჭიროს ეგენი, ჩასვას ციხეში, მერე მაგ გარეწრებს ეს ფული დააბრუნებინოს უკან და მაგის სამათხოვროდ აღარ ექნება საქმე ხალხს. ეს ლარის კურსი დოლართან 2 .75 რომ იყო და 2–3 დღეში 3.50–ზე ააგდეს, ვინ იშოვნა ამ მაქინაციით ფული? იმ ბანკირებმა, მიკრისაფინანსოების მფლობელებმა, ივანიშვილის მეგობრები რომ არიან, ამ ხელისუფლებაშიც არის ეს ხალხი და ზოგი კიდევ „ქართული ოცნების“ დამფინასებელია. ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“ რამდენი მილიონი იშოვნა 2014 წლიდან დღემდე ამ ლარის სისტემატიური რყვევებით, გაუფასურებით და მერე ცოტა დასტაბილურებით? თუ „ქართუ ბანკი ისევ 1.70 კურსით ჰყიდის დოლარს ლარზე, რა კურსიც 2012 წელს იყო? არავის დამადლებული არ მინდა, მე ჩემი ფული დამიბრუნონ, რაც მომპარეს, დამიბრუნონ და არ მჭირდება ივანიშვილის გადარიცხული ფული იმ ფონდში. ეს ფული კორონავირუსის დამარცხებასაც ეყოფა და ამ ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ისე, ამხელა პანდემიის დროს ქვეყანა რომ ერთი კაცის ქველმოქმედების იმედად არის, ის ქვეყანა არ არის, სახელმწიფო არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, უბრალოდ, არ არსებობს. არც ერთი სახელმწიფო, ამ გაჭირვების დროს, არ არის კერძო შემოწირულობების იმედად, რადგან ყველას აქვს ბიუჯეტი და ის ბიუჯეტი იხარჯება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესატყვისად.
მერე, რაც „ნაცებმა“ დააკლეს ამ ქვეყანას, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე მიიყვანა, გააღატაკეს ხალხი. გამოდის ეს უსირცხვილო ქალი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და იძახის, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდა, ეგეთი ჯერ არ გვქონიაო. ეკონომიკური ზრდა აქვთ მინისტრებს, დეპუტატებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. ხალხს არაფერი ეტყობა სიკეთისა, უარესად გაღარიბდა ხალხი, ვიდრე ესენი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ვერ გავიგე, თუ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ხალხის ყოფა რატომ უარესდება? ჩემს და შენ ოჯახს რატომ არ ეტყობათ და კიდევ ასეულ ათასობით ადამიანს? ეს უნამუსოები, ამ პანდემიის დროს, როდესაც თითო თეთრს უნდა გაუფრთხილდე და მიზნობრივად დახარჯო, პრემიებს იწერენ.ოზურგეთის მერიაში, სხვაგანაც გამოიწერეს პრემიები. რა დროს პრემიაა? რა ნამუსით გამოიწერეს? ბევრს ვმუშაობთ და იმიტომ გამოვიწერეთო. 2 თვეა, რაც მუშაობენ, 8 წელი მხართეძოზე იყვნენ წამოწოლილები, ხელი არ გაუნძრევიათ და პრემია–დანამატებს მაინც არ იკლებდნენ.
– ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს მოუწოდებენ, რომ აღდგომას არ წავიდნენ ეკლესიებში, არ დაესწრონ სააღდგომო ლიტურგიას და არ ეზიარონ, რადგან ეს ვირუსის გავრცელების საფრთხეს გაზრდის. ამაზე რას იტყვი? – ესენი რაღაც მზაკვრულს რომ უმზადებენ ეკლესიას, საპატრიარქოს და მრევლს, ამის საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. რა ხელისუფლების საქმეა, ვინ წავა ეკლესიაში და ვინ არა? ვისაც არ სწამს ღმერთი, დაჯდეს აღდგომას სახლში, ეგენი, ათეისტები ხომ ისედაც არ დადიან ეკლესიაში. პატრიარქს უნდა დაუჯერონ მორწმუნეებმა და როგორც პატრიარქი იტყვის, ისე უნდა მოიქცნენ. რას ჰქვია აღდგომას არ წავიდეს ხალხი ეკლესიაში? სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრონ და არ ეზიარონ? ვინ მოგცა უფლება, რომ ხალხს ამას მოუწოდებ? ამათ აღდგომა არ აინტერესებთ, აღდგომის ჩაშლას აპირებენ და ეს თუ გააკეთეს, ამას არ აპატიებენ მართლმადიდებელი მორწმუნეები.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები