ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?
კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:
– ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
– PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
– ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
– ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
– როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც.”
კომენტარები