ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართავს და წერს:
“მაქსიმალურად ვიკავებ თავს შევაფასო იმ სამსახურების საქმიანობა, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა, მაგრამ როცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და სურთ წარმოაჩინონ, რომ პროგრესია სახეზე, ამ დროს ვერ გავჩუმდები.
სპეციალურმა (ე.წ. ,,დამოუკიდებელმა”) საგამოძიებო სამსახურმა წარადგინა 6 თვიანი ანგარიში (რომლის მოსასმენად ამჯერად საქართველოს პარლამენტს დრო გამოუყვია) და მისი ხელმძღვანელი თავს იწონებს იმ ფაქტით, რომ სამსახურმა გააუმჯობესა ,,გახსნის” (ანუ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების) მაჩვენებელი (რაც რეალურად არ გაუმჯობესებულა, თუმცა ამაზე სხვა დროს).
როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს დაავიწყდა, რომ წინა წლებში ,,გახსნის” მაჩვენებელზე (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე) პირადად იყო პასუხისმგებელი. სწორედ ის ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელი იყო დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ისიც დაავიწყდა, რომ თვეობით ედო თაროზე საქმეები, რომლებზეც სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დასაწყები და არ ჭრიდა არც ზეპირი და არც წერილობითი შეხსენება მიეღო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე. პირად შეურაცხყოფად იღებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას (მიემართა დევნის დაწყებაზე) და არ აკმაყოფილებდა (სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ) დასაბუთებულ წინადადებებს, რომლებზეც სამსახური დევნის დაწყებას ითხოვდა (ამ საქმეებზე რომ დევნის დაწყების სტანდარტი იყო, ამაზე სახალხო დამცველიც წერს მის ანგარიშში და თუ ვინმეს მათ დასაბუთებულობაში ეჭვი ეპარება, შესაძლებელია მათი გასაჯაროება პერსონალური მონაცემების გარეშე).
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ისიც დაავიწყდა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების მიზეზად ზოგჯერ ასახელებდა შსს-დან და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი კამერების ჩანაწერებზე ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას, თუმცა თავად ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, შემთხვევიდან უმალვე გამოაქვეყნა კამერების ჩანაწერები, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დანაშაულის გამოსარიცხად (როგორც ჩანს სტანდარტები იცვლება პრიორიტეტების მიხედვით).
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ისიც დაავიწყდა ეტყობა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საჭირო მტკიცებულებების შესაკოწიწებლად და სიმწრით მოსაპოვებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული მუშაკები 24 საათი მუშაობდნენ, თუმცა მათი შრომა და მოტივაცია მაშინ საერთოდ არ ადარდებდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ისიც დაავიწყდა, რომ მტკიცებულებების ვერ მოპოვების მთავარი მიზეზი იყო არა გამომძიებლების ადგილზე დროულად გამოუცხადებლობა, არამედ მისი უარი, პოლიციის დაწესებულებებიდან ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოგვეთხოვა გადაუდებლად და არც მტკიცებულებების განადგურებაზე ჰქონდა რეაქცია (თუმცა, ტერიტორიული ოფისების სიმწირე რომ იყო სამსახურის ერთ-ერთი გამოწვევა ამაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა ანგარიშში ეწერა. შესაბამისად, ნამდვილად მივესალმები მის გაფართოებას როცა ოფისები რეალურად იარსებებს რეგიონებში – ჯერ როგორც ჩანს მხოლოდ ქაღალდზეა).
და დღეს, ამ ყველაფრის ფონზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი 2022 წლის სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკას (რომელიც დამოუკიდებლობანას თამაშის ნაწილია) რომ ადარებს წარსულს (ანუ მისივე 2020-2021 წლების ცუდ საქმიანობას) ან ის ხალხი ჰგონია არაკომპეტენტური ვინც პრეზენტაციაზე მიიწვია, ან ჰგონია რომ ეს ყველაფერი აღარ მახსოვს ან რაღაც სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. იმ გამომძიებლების და ოპერატიული მუშაკების მაინც ხომ უნდა შეგრცხვეს, ვინც 2 წელზე მეტი უყურებდა ამ ყველაფერს.
პრინციპში არც მაშინ და არც ეხლა ამ სამსახურის უფროსი არ ყოფილა არც ერთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები, მაგრამ როცა რაღაცას საჯაროდ აჟღერებ, ალბათ მეტი სიფრთხილე ჯობია გამოიჩინო. დარწმუნებული ვარ, მაშინ თუ არა, ეხლა მაინც თვალნათელია რამხელა შრომა, ნერვები და ძალიახმევა ჭირდება ამ საქმეების გამოძიებას და როგორი გულსატკენი იყო როცა ამ სამსახურის წარმატებას გაზრახ აფერხებდნენ.
P.S. და კიდევ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების სამსახურში დატოვებით თავის მოწონება (და პირად გულმოწყალებად ამის გასაღება), როცა საქართველოს პარლამენტმა უდიდესი საერთაშორისო და შიდა ზეწოლის შემდეგ, ეს კანონში პირდაპირ ჩაწერა, მინიმუმ უხერხულია. დაწინაურებას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა რომ ეს პრაქტიკა მაგ სამსახურში არსებობდა მისი შექმნის დღიდან, მისასალმებელია რომ გრძელდება. ნამდვილად გაჭირდებოდა უკეთესი კადრების მოძებნა!
კომენტარები