ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც “კოვიდ 19”-ისგან თავის დასაცავად ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული, ოქსფორდის უნივერსიტეტში ბრიტანულ-შვედურ კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინა შეიტანა სახელმწიფოში, თუმცა მალევე შეაჩერა მისი გამოყენება.
რატომ თქვა ნორვეგიამ უარი “ასტრაზენეკას” პრეპარატით ვაქცინაციაზე, რა ფაზაზეა დღეს მისი კვლევა და კიდევ რა დასკვნები კეთდება? – “ambebi.ge”-თან ნორვეგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, დიპლომირებული მედიკოსი და კომპანია “აიანე კონსალთინგის” ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის მიმართულებათა კონსულტანტი ქალბატონი მარიანა ტოკვი აიანე საუბრობს:
ნორვეგია ამ შემთხვევაში სწორედ იმიტომ არის საინტერესო, რომ მეორე ქვეყანა გახლდათ მსოფლიოში, რომელმაც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და, მიუხედავად EMA/WHO-ის (ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ი.ხ.) განცხადებისა, დღემდე არ აახლებს მის გამოყენებას. იგი, ასევე, “ასტრაზენეკას” პრეპარატით გამოწვეულ შესაძლო მძიმე გართულებებსა და შესაძლო ლეტალობაზე ძირითადი კვლევის მწარმოებელი ქვეყანაა დღეისთვის…
“ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება ჯერ დანიამ შეაჩერა, ერთი ლეტალობის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე. დანიის გადაწყვეტილებას დაეყრდნო ნორვეგია და სიფრთხილის პრინციპის გათვალისწინებით, მანაც შეაჩერა პრეპარატის გამოყენება. მეორე დღეს კი უკვე დაფიქსირდა ადგილობრივი ლეტალობის ფაქტიც. დღეს მოკვლევაშია 2 გარდაცვალება და 5 კრიტიკული მდგომარეობა, ასევე, 50 მძიმე გართულება. მონაცემები, რასაც გაწვდით, ამოღებულია ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის პუბლიკაციიდან.
იმ ეტაპზე, როდესაც “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დროებით შეჩერდა, ნორვეგიას უკვე გააჩნდა “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინათა დოზები. თუმცა, მოთხოვნის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს დოზები აქაც ძალიან მცირეა. მიწოდების შეფერხება, მსოფლიოს მასშტაბით, აქტუალური საკითხია. “ასტრაზენეკას” ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის იყო განკუთვნილი და მოესწრო 121 820 ადამიანის ამ პრეპარატით აცრა.
“ასტრაზენეკას” ვაქცინაზე გამოვლენილი სავარაუდო ლეტალობისა და მძიმე რეაქციების გამოკვლევის პრეროგატივა ჯერ გადაეცა “რიქსეჰოსპიტალს”, სადაც ეს შემთხვევები იყო დაფიქსირებული. კვლევაში მონაწილეობენ ადგილობრივი ექიმები და ოსლოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი პოლ ანდრე ჰოლმე.
ბატონმა ჰოლმემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მუშაობს გარდაცვალების ფაქტებსა და “ასტრაზენეკას” შორის კავშირის ჰიპოთეზაზე და გვერდით ეფექტებს უწოდა მწვავე იმუნორესპონსული რეაქციები.
ამაზე წერს ნორვეგიის ყველა ბეჭდვითი გამომცემლობა და იყო სატელევიზიო ჩართვებიც. მაგალითისთვის წყაროდ მოვიყვან Aftenposten, NRK, VG, Nettavisen. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის გამოყენება შეჩერებულია, ჯანდაცვის ინსტიტუტი ზრუნავს უკვე აცრილ სამედიცინო პერსონალზე და გამოყოფს ძირითად სიმპტომებს, რომელზეც სთხოვს უკვე აცრილებს, განსაკუთრებით აცრიდან 2 კვირის განმავლობაში, ყურადღების გამახვილებას.
ეს სიმპტომებია:
სისუსტის შეგრძნება,
აუხსნელი ტკივილის შეგრძნება,
უჩვეულო სილურჯე სხეულის სხვადასხვა ადგილზე,
კანზე სისხლჩაქცევის არსებობა.
ამ პრეპარატს შეიძლება, დაუყოვნებელი ტიპის რეაქციებიც ჰქონდეს, თუმცა, რადგან ნორვეგიაში მისი გამოყენება 11 მარტს შეჩერდა, ჩვენთან მხოლოდ მოგვიანებით გართულებებზეა დღეს ყურადღება გამახვილებული.
ნორვეგიის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი ზიგურ ჰორტემო აცხადებს, რომ ქვეყანას საკმარისი მიზეზი აქვს, ჩათვალოს, რომ პრეპარატმა მძიმე გართულება გამოიწვია, მათ შორის – გარდაცვალება, და ევროპის მედიცინის სააგენტოს გაუგზავნა შეფასება და რჩევა პრეპარატის ანოტაციაში გაითვალისწინოს იმ შემთხვევათა სურათი, რაზეც ნორვეგია ამახვილებს ყურადღებას. ეს შეფასება ნორვეგიის წამლის სააგენტომ უკვე გაუგზავნა თავის წარმომადგენელს ევროპული მედიცინის სააგენტოს გვერდითი მოვლენების აღრიცხვის კომიტეტში. ის ინდიკაცია, რაც ანოტაციაში ჩაიდო ამ შემთხვევის შემდეგ, ნორვეგიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ სურთ, რომ სრული სურათი იყოს წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანაში პროცესების მართვისა და მათი თანმიმდევრობის სპეციფიკა სხვადასხვაა. ნორვეგიაში, ადგილობრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, ვერ გამოიყენებენ პრეპარატს, რომელზეც არ დასრულებულა გარდაცვალების მიზეზის მექანიზმის გამოკვლევა.
ამ ეტაპზე ნორვეგია არ ეთანხმება პრეპარატის უსაფრთხოებაზე მტკიცებითი ფორმით გადაწყვეტილებების გამოტანას. ადგილობრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი თავად იღებს პასუხისმგებლობას და, მიუხედავად EMA/ WHO-ის მოწოდებისა, პრეპარატს არ გამოიყენებს სრული მოკვლევის დასრულებამდე. ჩვენთან 1 კვირაში გაირკვევა, დარჩება თუ არა ეს პრეპარატი ადგილობრივი იმუნიზაციის პროცესში.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც ნორვეგიაში იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა. მიმდინარეობს გარკვეულ ჰიპოთეზაზე მუშაობა, თუმცა ამაზე მას შემდეგ მირჩევნია მოგითხროთ, როცა და თუკი იგი დადასტურდება. გუშინწინ, 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის “გრაიფსვალდის” ჰოსპიტალში მკვლევარებმა, სავარაუდოდ, დაადგინეს “ასტრაზენეკას” პრეპარატის მიერ ადამიანთა მცირე ჯგუფში თრომბოზის წარმოქმნის მექანიზმი. ამაზე, ალბათ, ადგილობრივი ექიმები გააკეთებენ ამომწურავ და პროფესიულ მიმოხილვას.
ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალი ერთმანეთს გაგებით მოეკიდოს. მე, პირადად, მესმის როგორც იმ ადამიანების, რომლებიც იმუნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას აყენებენ წინ, მაგრამ ასევე მესმის იმ ექიმების, რომელთაც ამ კონკრეტულ პრეპარატზე სიფრთხილის გამოყენება მიაჩნიათ უფრო მნიშვნელოვნად. აქ ცუდი და კარგი არ არსებობს, აქ არსებობს პრიორიტეტების არსებობის უფლება და ეს უფლება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ისევე აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს. ექიმის გმირობა პირველ რიგში არის ის, რომ იგი პაციენტს არაფრით ავნებს.
მიუღებელად მიმაჩნია იმ ადამიანების შეურაცხყოფა და დაკნინება, ვინც შეშინდა. ნორვეგიული საყოველთაო მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელი მართე ქვითუმ თანგ ენი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ, რამდენიმე მძიმე გვერდით მოვლენაზე ინფორმაცია გავრცელდა, ბევრი ნორვეგიელი, მათ შორის – სამედიცინო პერსონალი, ცდილობს, საკუთარ ოჯახის ექიმთან გაარკვიოს, რამდენად შეუძლია ვაქცინის მწარმოებლის წინასწარ შერჩევა. ნორვეგია არ არის სკანდალებით დაინტერესებული ქვეყანა, პირიქით – ქვეყნის მთავარი შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია გამჭვირვალობა, თანასწორობა და ფაქტებით დასაბუთებული ინფორმაციის გაცვლისთვის ხელშეწყობა. აქ ცრუ ინფორმაციას გარკვეული რეგულაციებით ებრძვიან. ვიმედოვნებ, საქართველოში პროცესი ეფექტიანად იქნება მართული, გვერდითი ეფექტები ნაკლებად გამოვლინდება და თუკი ის გამოვლინდება, თითოეული ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობაზე უდიდესი აქცენტი გაკეთდება. გაზიარებული იქნება იმ ადამიანების მდგომარეობები, ვინც აქამდე ვაქცინაციისადმი უნდობლობას არ განიცდიდა, მაგრამ დროებით მდგომარეობაზე დაკვირვება გადაწყვიტა.
ევროპაში ეპიდემიის მესამე ტალღა შეიმჩნევა, მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია ნორვეგიაშიც, შემთხვევათა რაოდენობით ჯერ ჩვენთან მსგავსი მონაცემები არ ყოფილა. ამის გამო, პრიორიტეტების განსაზღვრა გახდა საჭირო და ცხადია, ყველა ქვეყანა ისე იქცევა, როგორი ადგილობრივი რეგულაციები, პრიორიტეტები და მდგომარეობის მართვის სპეციფიკაც აქვს და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ ეტაპზე მიაჩნია ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტიან გზად. ასეთი მდგომარეობის დროს გამტყუნებაც რთულია და – უპირობო მხარდაჭერაც. ახლახან WHO-მაც უსაფრთხოდ დაასახელა ეს პრეპარატი და CDC-მაც (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი – ი.ხ.) ახალგაზრდა ასაკი და მდედრობითი სქესი გამოყო ცალკე ჯგუფად, რომელიც შედარებით მძიმე გვერდით ეფექტებს აღნიშნავს. ვაქცინის სარგებელი კვლავაც აჭარბებს საშიშროებას. ვაქცინაცია კვლავაც რჩება ეპიდემიასთან გამკლავების ერთადერთ გზად.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები