ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე თავის ცეკვაზე ისაუბრა:
„არ ვიცი როგორ დავრჩი სცენაზე. აი, ეს ვერ ამოვხსენი მარტო როგორ აღმოვჩნდი ამხელა სცენაზე. მივიხედ-მოვიხედე და არავინ იყო. მარტო ვიყავი და ვცეკვავდი. გავაგრძელე ცეკვა და ვხედავდი – ხალხს მოსწონდა. უდიდესი სიხარული მინდოდა მეც გამეზიარებინა და გამომეხატა. რაც გავრცელდა პატარა ვიდეოებია და ნაწყვეტებია. სინამდვილეში 2-3 წუთი ვიცეკვე. მერე როგორც აღმოჩნდა, გუნდი ამ დროს ავტობუსში იყო და მე მელოდებოდნენ. რამდენჯერმე დავაპირე გასვლა, მაგრამ მისამღერი იწყებოდა და მუსიკამ შემომაბრუნა. ვიცეკვე და საბოლოო აკორდიც დავსვი.
სხვათა შორის ადრე, მშობლების თხოვნით ქართულ ცეკვაზე დავდიოდი 6 თვე. რაც 26-ში გავაკეთე არ არის ცეკვა, რადგან უფრო ემოციებისა და სიხარულის გამოხატვაა. 56 ათასი ადამიანის წინაშე მითამაშია, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე პირველად 26 მარტს ვიცეკვე. მართლაც საოცარი დღე იყო. ტელეფონზე სასწაული ხდებოდა, მაგრამ იმ დღეს ვერც ვნახე. გასახდელში ოჯახის წევრებს მივწერე მხოლოდ და ვუთხარი არ მჯერა მეთქი. მართლა არ მჯეროდა“.
კომენტარები