ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ახალი ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული 33-წლის ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ის 11 ივლისს დილით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” წევრებს იქ შესვლის უფლება დღესაც არ მისცეს. კორონავირუსის პანდემიის გამო გახელაძესთან მათი ვიზიტი გადაიდო.
გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. პრეს-სპიკერის განცხადებით, გახელაძე შეიარაღებული იყო და ,,სამხრეთ ოსეთის” დე-ფაქტო საზღვარი 300 მეტრით გადაკვეთა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვერსიით, ქვემო ჭალაში მცხოვრები მამაკაცი რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. 10-ჯერ გაისროლა, ხოლო საპასუხო ცეცხლის გახსნისას დაიჭრა.
ოჯახი აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება. მათი თქმით, სოკოს საკრეფად წასულ გახელაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თან სანადირო თოფი ჰქონდა, საიდანაც 10-ჯერ ვერ გაისროდა.
,,არც ბანერებია, არც ხაზი. არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს… სანადირო თოფი ნამდვილად ჰქონდა ჩემს შვილს. თქვენ კარგად იცით, სანადირო თოფიდან 10 გასროლას ვერ განახორციელებდა.”
აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს:
,,ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.”
ქართლი.ჯი
კომენტარები