62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში” მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის განცხადებით, პაციენტს რომელიმე საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. კლინიკაში ასევე იმყოფება მისი და, რომლის ნიმუშები აღებულია ტესტირებისთვის.
ამ წუთებში კლინიკაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც დაადგენენ 62 წლის ქალის კონტაქტებს, თავად პატიენტს კი სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.
კომენტარები