71 წლის ყოფილი პარლამენტარი, ნუგზარ ნავაძე სოციალური ქსელით, პრემიერ გახარიას მიმართავს:
“თხოვნით და პატივისცემით მივმართავ პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, რათა უახლოეს დღეებში განიხილოს საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის საკითხი, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.იგი მთლიანად მაინც ვერ უზრუნველყოფს ასაკოვანთა დაცვას, რამდენადაც ოთხ კედელს შორის გამოკეტვა არ ნიშნავს სრულ იზოლაციას, შეიძლება მნახველებს იგი დახვდეს უმოძრაობით და უჰაერობით იმუნიტეტ დაქვეითებული და უფრო ადვილად გადაედოს ვირუსი.
2.ასაკოვანი ხალხის დიდი ნაწილი, შესაფერისი საქმიანობით ინახავს ოჯახს, ეხმარება შვილებსა და შვილიშვილებს, სამწუხაროდ ბევრი მათგანი მარჩენალია ობოლი და სხვა მხრივ უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილთათვის. სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში დასაქმებულთა დიდი ნაწილიც ასაკოვანია.
3.ბევრი მათგანი საჭირო დროს გადის ქალაქებიდან და აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და მინიმუმ, აკმაყოფილებს თავისი ოჯახის, შვილების და შვილიშვილების მოთხოვნებს. ეს საჭირო დრო გადის, 10-დღის შემდეგ მას აზრი აღარ ექნება და მწარმოებელი გახდება მომხმარებელი. ამ მხრივ დაშვებული მცირედი შეღავათი ბევრს არაფერს ცვლის.
4.ცხოვრება გამოვლილი და ბევრის მნახველი ხალხის ეს კატეგორია, სხვაზე მეტად თუ არა, არავიზე ნაკლებად არ დაიცავს სამართლიან მოთხოვნებს ქუჩაში გასვლისას.
5.ქუჩაში „ხელგამოწვდილი“ (ეს რეალობა იყო) ხალხის უმრავლესობა მარტოხელა და ასაკოვანია, სახლში ჩაკეტილები შეიძლება ისე გარდაიცვალონ, რომ დროზე ვერც ვერავინ გაიგოს. ბატონო გიორგი! მიუხედავად თქვენდამი ბევრის კეთილგანწყობისა, თქვენ არ წარმოადგენთ იმ ხელისუფლებას, რომლისთვისაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გიჟდება. უბრალოდ სხვას ჯობიხართ, ამიტომ გასათვალისწინებელი გაქვთ, რომ თქვენი ამომრჩევლის ერთი მესამედი პენსიონერია.
6.ასაკი არ არის ჯანმრთელობა-ავადმყოფობის და სიკვდილ-სიცოცხლის გამყოფი. თქვენ ყოველივე აღნიშნულზე, საპირისპირო აზრის მოძებნაც შეგიძლიათ, ამიტომ ნახევრად ხუმრობით მოგმართავთ. საკორდინაციო საბჭოს სხდომის წინ მოვალ სამთავრობო შესასვლელთან და საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები, მე 70-წლის კაცს ამომყვნენ კიბის საფეხურებით თქვენ სართულამდე, თუ ნახევარზე მეტი ამასწრებს ან საერთოდ ამოვა, ბოდიშს მოვიხდი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსენის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილეთ.”
კომენტარები