სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გახდა – მათ სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ცნობით, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად ნიკორაში შეძენილი კიევური კოტლეტი მიიღეს.
“შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება ნიკორა ტრეიდის სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი კოტლეტი კიევურით მარაგდებოდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა”, – წერია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ კოტლეტი კიევურის ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.
“მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს “ნიკორა ტრეიდიც” და წერს, რომ კომპანია “ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე “გრაკო” გახდა “ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი გახდა
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“.
ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე “გრაკოს”, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია “ჯეო დისტრიბუცია”.
რათქმაუნდა ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და
ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით”, – წერს “ნიკორა ტრეიდი”
კომენტარები