სამოქალაქო აქტივისტი, “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლებამ ამდენი დააშავა (თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთ):
1. გაუმჭვირვალედ დანიშნა საკონსტიტუციოს მოსამართლე;
2. დაარღვია დასავლეთის შუამდგომლობით დადებული შეთანხმება და განაჩენი გამოუტანა პოლიტპატიმრებს;
3. გამარტივებული შესყიდვებით ფული გააკეთებინა ოცნების და სალომე ზურაბიშვილის მსხვილ შემომწირველებს;
4. იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, გააგდო კრიტიკული ჟურნალისტები “აჭარის” ტელევიზიიდან;
5. “ანას ბაღში” პროტესტის შედეგად შეწყვეტილი მშენებლობის ნებართვა გასცა;
6. დაარღვია კონსტიტუცია და შეკრების უფლების გაუქმებასთან ერთად კრიმინალიზება გაუკეთა ერთკაციან პროტესტსაც;
7. საპატრულოს მთავარი სამმართველოს უფროსად ბოლო ორი მთავრობის მოძალადე ზონდერი ლაშა ჯოხაძე დანიშნა;
8. არ წყვეტს ანტიდასავლური, პრორუსული და პროსახელისუფლებო დეზინფორმაციული გვერდების დაფინანსებას.
აშკარაა, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებს და პარალელურად ნებისმიერ საგნობრივ კრიტიკას “დივერსიას” უწოდებს.
ამ დამუნათებამ არ უნდა შეაშინოს საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი. კრიტიკა “გადაჭარბებულად” პირველ რიგში იმიტომ აღიქმება, რომ საკუთარი ნებით გამოვაცხადეთ “მორატორიუმი”.
ნებისმიერი იმედი, რომ ხელისუფლება დიდსულოვნებას გამოიჩენს და საკუთარ თავზე ზრუნვის ნაცვლად მხოლოდ ქვეყანაზე იზრუნებს არის შეცდომა. ოცნება უიმედოა. “სიჭარბე” რელატიური ცნებაა. არის ქვეყნები, სადაც მმართველის უპატივცემულოდ მოხსენიება გადაჭარბებულ და უსაგნო კრიტიკად აღიქმება, რომელიც მკაცრ სასჯელს იმსახურებს. იქ ეს ხდება, რადგან თავის დროზე, ამ ქვეყნების საზოგადოებამაც ჩათვალა, რომ “ახლა კრიტიკის დრო არაა”. საშუალოდ კვირაში ორი დანაშაული კრიტიკის სათანადო მიზეზია, მით უფრო, როცა კორონამ ადამიანების გარდა დემოკრატიებიც იმსხვერპლა – თვით ევროკავშირშიც კი.”
კომენტარები