112 950 – ინფიცირებული, 10 869 – გარდაცვლილი და 21 254 გამოჯანმრთელებული – ასე გამოიყურება დღეს ბებერი ევროპის კულტურული მექა – საფრანგეთი, სადაც უხილავი მტრით – COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ელვისებური სისწრაფით იზრდება. კორონავირუსის ბასტილია საფრანგეთში ჯერ ისევ ასაღებია. პიკი წინაა. პრეზიდენტმა მაკრონმა პანდემიასთან ბრძოლაში შეცდომები დაუშვა „რევოლუციონერი ფრანგები მას ამ შეცდომებს ცხვირში ამოადენენ“.
ქვეყანაში ტურიზმის სეზონის ჩავარდნის გამო, ამ სექტორს უკვე მიადგა 10 მილიონი ევროს ეკონომიკური ზარალი. სკოლები დაკეტილია. ბაკალავრებს გამოცდებს აღარ ჩააბარებინებენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სწავლების პროცესში მიღებული ნიშნების საფუძველზე გადასცემენ ბაკალავრის დიპლომებს.
საფრანგეთის ხელისუფლების დაშვებული შეცდომების გამო, COVID 19-ის გავრცელების მსოფლიო რუკაზე დღეს საფრანგეთი მეოთხე ადგილზეა და ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ჯერჯერობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ესპანეთსა და იტალიას ჩამორჩება. ანუ ვიდრე მაკრონის მთავრობა ბჭობდა, კორონა „იცინოდა“ და საფრანგეთში მდგომარეობა იძაბებოდა.
ჩინური კორონავირუსის გამო, საფრანგეთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ქალაქ ლილში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ამჟამად რადიო „ფრანსის“ ბრიუსელის ბიუროს წარმომადგენელი გიორგი ფოფხაძე გვიყვება.
ჟურნალისტი პანდემიის დროს, ფრანგული მედიის მაღალკვალიფიციურ ქმედებებსა და მაღალ სტანდარტებზეც საუბრობს. ფოფხაძე აცხადებს, რომ ფრანგი ჟურნალისტების ქცევა ქართველი კოლეგების მოქმედებებისგან განსხვავებულია.
საფრანგეთი ჩინური კორონას ტყვეობაში
გიორგი ფოფხაძე: „ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში დაინფიცირებულია 112 950 ადამიანი და კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, ანუ 1 მარტიდან დღემდე სულ 10 869 ადამიანია გარდაცვლილი, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. მონაცემების მიხედვით, ჩვენს წინ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, იტალია და გერმანია.
ესპანეთმა საერთოდ იტალიას გადაუსწრო. თუმცა, იქ გარდაცვლილი უფრო მეტია. საფრანგეთშიც კატასტროფულად მატულობს დაინფიცირებულთა რაოდენობა და მიუხედავად იმისა, რომ სახლებში ვსხედვართ, ეს პროცესები ვერანაირად შეაჩერეს.
სახლში დარჩენის პრობლემა პატარა ქალაქებში ასე თუ ისე არ დგას, მაგრამ დიდ ქალაქებში ეს პრობლემა არის. განსაკუთრებით – ელზასისა და ლოთარინგიის მხარეში. ეს ის მხარეებია, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია. მძიმე მდგომარეობაა პარიზსა და მისი შემოგარენში, ინდეფრანსის რეგიონში. აღნიშნული რეგიონები ინფიცირებულებთან ყველაზე მეტად არიან შეხებაში, ალბათ, იმიტომ, რომ ეს მხარეები, ტურიზმის თვალსაზრისით, ერთგვარი მექაა. ზამთრის ტურიზმი სწორედ ელზასსა და ლოთარინგიის, ალპების მხარესაა განვითარებული, ხოლო პარიზი ყველა სეზონზე ტურიზმის ცენტრია.
დიდ ქალაქებში ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანების სახლში გაჩერებაა. როგორც ჩანს, ეს საკითხი მსოფლიო პრობლემად იქცა. ასე იყო იტალიაში, ესპანეთშიც, გერმანიასა და ამერიკაშიც.
საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში უკვე შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ საავადმყოფოებს პაციენტების მისაღებად საწოლები აღარ ჰყოფნით, ამიტომაც ზოგი ინფიცირებული გერმანიაში გადაჰყავთ. საუბარია იმაზეც, რომ ჩეხეთიც დათანხმა ფრანგი ინფიცირებულები თავის ქვეყანაში გადაიყვანოს და უმკურნალოს“.
როგორც რადიო „ფრანსის“ ჟურნალისტი აცხადებს, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა და ვირუსით ევროპაში ყველაზე მეტად დაინფიცირებული ესპანეთ-იტალიის ტერიტორიული მეზობლობისა, საფრანგეთში პანიკა არ არის.
„წარმოიდგინეთ, მედია აშუქებს ამ ყველაფერს, მაგრამ ფრანგი ჟურნალისტები ძალიან ცდილობენ, რომ საზოგადოება პანიკაში არ ჩააგდონ. მე თავადაც ჟურნალისტი ვარ და ასეთი დირექტივები გვაქვს მიღებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, საქართველოს მსგავსად, „ტუალეტის“ ქაღალდებისა და პურ პროდუქტების დეფიციტი გაჩნდა ქვეყანაში, მაგრამ ახლა არანაირი პანიკა აღარაა.
თუმცა, შესაძლოა, ინფიცირებულთა სწრაფი ზრდა. აქ სწორედ პანიკის არქონამ განაპირობა. ბევრი არ იცავს მოწოდებას, რომ სახლში დარჩეს“, – ამბობს ჟურნალისტი
საფრანგეთის საგანგებო რეჟიმი და საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები
გიორგი ფოფხაძე: ,,საფრანგეთში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა ძალიან გამკაცრდა. საქართველოში ხშირად აპროტესტებენ, რატომ არის მანდ აკრძალული ავტომობილებში 3 ადამიანზე მეტის ჩაჯდომა და რატომ არ არის დაშვებული მძღოლის გვერდით ოჯახის წევრის მგზავრობა. ამ მხრივ საფრანგეთში უფრო დიდი სიმკაცრეა. აქ ავტომობილით მგზავრობა 2 ადამიანზე მეტს არ შეუძლია. ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს საკითხი.
გარდა ამისა, გვეკრძალება სახლიდან გარეთ გასვლა, მხოლოდ ჩვენს უბანში, სახლიდან 100 მეტრის რადიუსში შეგვიძლია გადაადგილება ესეც იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს აუცილებლობა, მაღაზიაში წავიდეთ.
საფრანგეთში ყველა მაღაზიაში მისვლაც არ არის შესაძლებელი, მხოლოდ უბანში, უახლოეს მარკეტში შეგვიძლია პროდუქტების შეძენა.
ასევე მკაცრად არის გაკონტროლებული, რომ ავტომობილით სახლიდან მხოლოდ 20 კილომეტრის რადიუსში გადავაადგილდეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში, ამ რადიუსში მდებარე ჰოსპიტლებს მივაკითხოთ. აქ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისეთივე არ არის, როგორიც, საქართველოშია. მანდ ყველაფერზე სასწრაფოს იძახებენ, აქ სხვანაირადაა“.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, საფრანგეთის მაცხოვრებლებს ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ, თუ ქალაქებს შორის მანძილი 20 კილომეტრზე მეტია. ასევე აკრძალულია ავტობანებზე გასვლაც.
ამასთანავე, მოქალაქეებს იქ სახლიდან გარეთ გასვლა მხოლოდ 1 საათის განმავლობაში შეუძლიათ. სახლიდან გასვლის წინ კი, ავსებენ სპეციალურ ფურცელს, სადაც იწერება სახლიდან გასვლისა და დაბრუნების ზუსტი დრო. ამ ფურცლის გარეშე, ქუჩაში პოლიციელი მოქალაქეს აჯარიმებს.
იზოლაციის წესების დარღვევაზე საფრანგეთში მაღალი ჯარიმებია. თუ დღის განმავლობაში უსაბუთოდ ვინმე გადაადგილდება, 250 ევროა ჯარიმა, ხოლო თუკი კომენდანტის საათის დროს, რომელიც საღამოს 8 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება, 3 000 ევრო.
გარდა ამისა, საფრანგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. ამბობენ, რომ პარიზში ავტობუსები მაინც მოძრაობენ, მაგრამ ქალაქ ლილში, სადაც ჩვენი რესპონდენტი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არცერთი ტრანსპორტი მუშაობს.
კორონავირუსის ბასტილია და მაკრონის მთავრობის მცდარი ტაქტიკა
გიორგი ფოფხაძე: „ჯერჯერობით, საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობას პიკისთვის არ მიუღწევია და ჯერ კიდევ ელოდებიან. ალბათ, მომავალი კვირიდან ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენთან ის ხდება ახლა, რაც იტალიაში უკვე მოხდა ფრანგები ამბობენ, რომ ჩვენ, იტალიას 8 დღით ჩამოვრჩებით. 8 დღეში ალბათ საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს მიაღწევს და შემდეგ კლებაში წამოვა“.
ჟურნალისტის თქმით, ფრანგების შეცდომა იყო ის, რომ სახელმწიფომ ინფექციის აგრესიულობასა და სიმძიმეს თავიდანვე ყურადღება არ მიაქცია.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მედიცინის მქონეა და მას კორონავირუსის პანდემიის არ ეშინია. უფრო მეტიც, ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ერთი დღით ადრეც კი ამბობდა, რომ ინფექცია მძიმე არ არის და საფრანგეთი ამას გადაიტანსო.
პრეზიდენტი მაკრონი ოპერასაც კი ეწვია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ არაფერი იყო საშიში, მაგრამ მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწია. საფრანგეთის ხელისუფლების „გამძლეობამ“ მანამდე გასტანა, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაკრონსა და მის მთავრობას ფაქტები არ დაუდო იმის შესახებ, თუ რა მძიმე სიტუაცია იყო იტალიაში.
„როცა ეუბნებოდნენ, საფრანგეთის მახლობლად, იტალიაში მსგავსი რაღაც ხდებაო, ფრანგები იტალიელებს აბრალებდნენ ამგვარ სიტუაციას და ამბობდნენ, ჩვენ არაფერი დაგვემართებაო.
მახსოვს, როდესაც ფრანგმა ჟურნალისტებმა მოითხოვეს, სკოლები დაეხურათ, განათლების მინისტრმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განათლების კურატორმა თქვეს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და სკოლების დახურვის აუცილებლობა არ არისო.
ამ დროს კი, ზამთრის არდადეგები დასრულდა და ბავშვები იტალიიდან დაბრუნდნენ. კორონავირუსით ბავშვების დაინფიცირება, პირველად სწორედ საფრანგეთში მოხდა. აქ დაფიქსირდა პირველი ინფიცირებული ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაც.
რა თქმა უნდა, ბავშვებში ინფექციას უპრობლემოდ იტანენ, მაგრამ აქ მოხდა უბედური შემთხვევაც, როდესაც 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ შემოკრა მთავრობამ განგაშის ზარი და მიხვდნენ, რომ ძალიან ვერაგ ვირუსთან ჰქონდათ საქმე.
ახლა ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ სახლში იჯდე და გარეთ არ გახვიდე. ვერ ვიტყვი, რომ პარიზი დაცარიელდა სამწუხაროდ ეს ასე არ არის. თუმცა, დაცარიელდა ლილი, ლიონი, სტრასბურგი “, – აცხადებს ჟურნალისტი.
პრეზიდენტით უკმაყოფილო რევოლუციონერი ფრანგების დუმილი პოსკოვიდური ქარიშხლის წინ
როცა შეცდომას უშვებს ხელისუფლება, ხალხი ყოველთვის უკმაყოფილოა. ფრანგების უკმაყოფილება კი ყოველთვის რევოლუციით მთავრდებოდა. საინტერესოა, როგორია ახლა მოსახლების განწყობა პრეზიდენტ მაკრონისა და მისი ხელისუფლების მიმართ და რა შესაძლო პროცესები დაიწყება საფრანგეთში პოსტკოვიდურ პერიოდში? „2020NEWS“-ის ამ კითხვებს ჟურნალისტი ასე პასუხობს:“ხალხი მაკრონს ცხვირში ამოადენს შეცდომებს“.
გიორგი ფოფხაძე: „ფრანგები ემანუელ მაკრონისა და ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ძალიან ცუდად აფასებენ, იმიტომ, რომ მათი აზრით, ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციისთვის ნაბიჯების გადადგმა ძალიან დააგვიანა.
ამბობენ, რომ არა მაკრონის განცხადებები, თითქოს, ქვყანაში არაფერი ხდება და მდგომარეობა რეალურად შეეფასებინა ხელისუფლებას, შესაძლოა, საფრანგეთი ასეთ შედეგებამდე არ მისულიყოო.
გულწრფელად რომ ვთქვათ, საფრანგეთის ხელისუფლებას მართლაც გვიან გაახსენდა, მსოფლიოში რაც ხდებოდა, აქამდეც მოვიდოდა, თუმცა ჩვენ მაინც ევროპული დემოკრატიის ქვეყანა ვართ. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც ადამიანის უფლებათა დეკლარაცია შექმნა.
ჩვენთან პოლიტიკური კულტურა სხვანაირია და ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას მაინცადამაინც არ ამუნათებენ. ყველას ქვეყნის გადარჩენისკენ მოუწოდებენ.
რა თქმა უნდა, როცესაც კორონავირუსის პანდემია დასრულდება და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდება, ფრანგი ოპოზიციონერები ამ ყოველივეს მაკრონს ცხვირში ამოადენენ. პირველ რიგში, ხალხი გააკეთებს ამას.
ფრანგები რევოლუციის მოყვარული ხალხია, მაგრამ ახლა ყველა იმას ამბობს, რომ ჯერ მთავარი კორონავირუსის პანდემიის დამარცხებაა“.
დაპაუზებული საფრანგეთი – მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი
საქართველოს მსგავსად საფრანგეთიც დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. სკოლები და უნივერსიტეტები 3 მაისამდეა დახურული. იქ ბაკალავრიის გამოცდები არ ჩატარდება და წლის ნიშნებიდან გამომდინარე გასცემენ სტუდენტებზე ბაკალავრის დიპლომებს.
ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველაფერი შეჩერდა. გაჩერდა ქვეყნის ეკონომიკა. ჯერ მარტო ტურიზმის სექტორმა 10 მილიონი ევროს ზარალი განიცადა.
„საფრანგეთში, ფაქტობრივად, ტურიზმი მოკვდა და წლის ბოლომდე ეს ზარალი გაიზრდება. ტურისტულ ზონებში ყველგან არის 20 000 სასტუმრო , 80 000 რესტორანი და ტურიზმის განსავითარებლად საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მცირე მაღაზიებიც. ყველაფერი გაჩერდა და დაიკეტა გარდა დიდი სუპერმარკეტებისა, როგორებიცაა: – „კარფური“ და „ოშანი“, – ამბობს გიორგი ფოფხაძე.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორის გარდა, ძალიან იზარალეს სხვა სექტორის საწარმოებმაც. რამდენიმე დღის წინ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართეს, რათა საწარმოების ამოქმედების ნებართვა 1 ივლისიდან განახლდეს, რომ პროდუქციის გაყიდვა ზაფხულში მაინც მოახერხონ.
ჟურნალისტი მძიმე პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ თუ პანდემია დიდხანს გაგრძელდა, საფრანგეთში მცირე და საშუალო ბიზნესი, ფაქტობრივად, მოკვდება.
„საფრანგთის ხელისუფლებამ ახლა შემოირტყა თავში ხელები და თქვა, მცირე და საშუალო ბიზნესებსა და ფერმერებს უნდა მივხედოთ, ვუშველოთო, ამ სფეროს დასახმარებლად, მთავრობამ 3 მილიარდი ევრო გამოყო, მაგრამ ეს რამდენად წაადგება ქვეყანას, არავინ იცის.
გარდა ამისა, ევროკავშირი გამოყოფს ტრილიონნახევარ ევროს, წევრი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ორგანიზაციაში 27 ქვეყანა ერთიანდება და ამ გაერთიანებაში 540 მილიონი მოსახლე შედის.
ევროკავშირის გამოყოფილი ტრილიონებიც კი ვერ ეყოფა ამდენ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს! საფრანგეთის ეკონომიკამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოფლის მეურნობის დარგში. აქაც გაჩერდა საგაზაფხულო სამუშაოები.
თანაც ევროკავშირში გაერთიანებული ქვეყნები სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებდნენ. ყველაფერს ხომ ერთი ქვეყანა არ აწარმოებდა?! საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია ის, რომ ეს ყველაფერი გაჩერდა. საწარმოებს თანამშრომლები აღარ ჰყავთ. ყველანი დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასულები. საფრანგეთში ეკონომისტები ძალიან ცუდ პროგნოზებს აკეთებენ.
სამომხმარებლო კალათა 3%-ით შემცირდება. კალათის ასე შემცირება კოლოსალურ თანხებს ეხება და ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს.
ეს სიტუაცია როდის დამთავრდება, არავინ იცის. მაგალითად, საქართველოში ამბობენ, რომ ნიღბების პრობლემა არისო, მაგრამ აქ მარტო ნიღბების პრობლემა კი არა, ყველაფრის პრობლემა გაჩნდა.“, – ამბობს ჟურნალისტი. მისი მონათხრობი კი, ალბათ, ნიშანდობლივი იქნება მუდმივად უკმაყოფილო „ფეისებისთვის“ საქართველოში.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ავიაბილეთების მაფია
გიორგი ფოფხაძე: ,,პანდემიის გამო, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს პირადი კონტაქტები აღარ გვაქვს. ვინც დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ, იმათ კი. მე საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან ყოველდღიური და ყოველწუთიერი კომუნიკაცია მაქვს.
როგორც ასეთი, თვითონ ემიგრანტები, რომლებსაც აქ ოჯახი ჰყავთ, სახლი აქვთ და საფრანგეთის მოქალაქეობა, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავენ.
წამოსვლას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ტურისტად იმყოფებოდნენ და 3-თვიანი ვადა გაუვიდათ, ან არალეგალები არიან და აქ არალეგალურად მუშაობდნენ. მათ არაფერი აქვთ არც სახლი, არც სამსახური და ისინი ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული.
ამ ხალხს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დაბრუნება სურს. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ, მაგრამ საფრანგეთში საქართველოს საელჩოც და საკონსულოც ძალიან კარგად მუშაობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ რუსუდან დიდებულიძეს, ჩვენ კონსულსაც და ჩვენს დესპანსაც.
24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ძალიან ბევრ საქმეს ასრულებენ. არის მჭიდრო კოორდინაცია, სოციალურ ქსელში რამოდენიმე ჯგუფია შექმნილი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფომ, ჯერჯერობით, ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების საქართველოში დაბრუნება.
პრობლემები, ძირითადად, „აირზენას“ ბილეთების შესყიდვასთან არის დაკავშირებული.
10 აპრილს საქართველოს მიმართულებით დანიშნულია ფრენა. ყველა იმას ტირის, რომ ბილეთებს ვერ შოულობს. ამ ყოველივეს უკვე ბილეთების მაფია დაარქვეს.
საელჩო ცდილობს, ყველას მოუძებნოს თავშესაფარი. აქ მარტივი არ არის თავისუფალი ბინების მოძებნა. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე. საფრანგეთს თავისი პრობლემები აქვს. 110 ათასი ადამიანი ჰყავს უცხოეთში ჩარჩენილი ამიტომაც ქართველი ემიგრანების სიტუაცია მარტივი არ არის“.
ფრანგული მედია და COVID-19 -ის ჟურნალისტური სტანდარტები
და ბოლოს მედია და პანდემია. როგორც რადიო „ფრანსის“ ჟურნალისტი აცხადებს, კორონავირუსის გამო, დაწესებული შეზღუდვები მედიაზეც ვრცელდება.
„მედიას გვაქვს ჩვენი სტანდარტები. ჩვენ არასოდეს შევრბივართ საავადმყოფოებში, არ ვიღებთ და არ ვაწუხებთ ექიმებს კომენტარებისთვის. არ დავრბივართ მიკროფონმომარჯვებულები. ინფორმაციის წყარო არის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის. აგრეთვე არის სტატისტიკის სამმართველო, რომელიც ამ ყველაფერს აღრიცხავს.
სპეციალური რეკომენდაციები და გაიდლაინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან არ გვაქვს, მაგრამ თვითონ ფრანგი ჟურნალისტების სოცქსელების შიდა ჯგუფებში, სადაც ერთმანეთს ვეკონტაქტებით, იქ გვაქვს ასეთი აზრი, რომ შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ უნდა დავძაბოთ. პირიქით, უფრო რბილად წარმოვაჩინოთ, რათა მოსახლეობას შიშის ფაქტორი არ გავუღვივოთ.
ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ისეთი, როგორც არის, მაგრამ მიწოდების კონტექსტი უნდა იყოს უფრო რბილი და პანიკას არ უნდა თესავდეს.
ამდენი ხანია პანდემიას ვაშუქებთ და საავადმყოფოს ექიმებისათვის არცერთხელ მიგვიშვერია მიკოფონი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმები პირდაპირ ეთერებში გვერთევებიან ხოლმე.
ფრანგ ჟურნალისტებს გვაქვს დევიზი, რომ მთავარი ის კი არ არის, რას მიაწოდებ, არამედ – როგორ მიაწოდებ.
ჩვენ უნდა ვთქვათ ის ციფრები, რა რაოდენობითაც ხდება მოსახლეობის ინფიცირება. თუმცა, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ეს ყოველივე შედარებით რბილად, დადებით კონტექსტში, რადგან ჩვენ მსმენელსა და მაყურებელში პანიკა არ გამოვიწვიოთ“, – აცხადებს ჟურნალისტი.
ფაქტია, ამ შემთხვევაში, საქართველოში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და ექიმებიც ხშირად ხდებიან ქართული მიკროფონების მსხვერპლნი.
2020ნიუსი
კომენტარები