„ალიას“ დაუკავშირდა ქალბატონი მადონა ხარონია, რომელიც დაუჯერებელ ამბავს გვიყვება, ბიძაშვილზე, ინდირა ხარონიაზე, 53 წლის ქალზე, რომელმაც ბოლო 8 წლის მანძილზე მილიონები დახარჯა და დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რომელსაც ამ 8 წლის მანძილზე 64, დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, ქიმიოთერაპიის 64 კურსი ჩაუტარეს.
მადონა ხარონია:
ჩემი ბიძაშვილი ინდირა ხარონია ახლაც აფხაზეთში ცხოვრობს. 8 წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, ამ 8 წლის მანძილზე მოიარა აფხაზეთის და რუსეთის კლინიკები, მილიონები დახარჯა, ზოგან ეუბნებოდნენ ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს და ზოგან საერთოდ ვერ უსვამდნენ დიაგნოზს. ჩასული ვიყავი აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ და საავადმყოფოდან ახალ გამოსული იყო რომ ვნახე. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, შევთავაზე თბილისში წამოსულიყო და ქართველ ექიმებთან ემკურნალა, უარი მითხრა, მეშინიაო. აღარაფერი მითქვამს.
გავიდა დრო და მისი შვილი მირეკავს, გვიშველეთ, დედა უკვე სისხლს აღებინებს და ქართველი ექიმები ჩვენი ბოლო იმედიაო. დავხვდი. მივიყვანე ერთ თბილისის ერთ კლინიკაში და აუღეს ანალიზები. ანალიზების პასუხი რომ იქნება, მერე დაგიბარებთო და პასუხებამდე პირადად ვესაუბრე ექიმს. ანალიზების პასუხი რომ მოვიდა, ცუდი მდგომარეობაა, აქ ოპერაციის გაკეთებას აზრი არა აქვს, მაგრამ მოიყვანე, ცოტა ხანს სიცოცხლეს გავუხანგრძლივებო, მითხრა. დავრეკე აფხაზეთში, წამოვიდა, დავხვდი ენგურის ხიდთან, კარანტინში გადაიყვანეს, ზუგდიდში. იქ დამძიმდა მისი მდგომარეობა და ორი კლინიკა შეუცვალეს ზუგდიდში.
დავრეკე იმ კლინიკაში, სადაც ანალიზები ავიღეთ. ექიმმა რომ გაიგო, მდგომარეობა დამძიმდა, სასტიკი უარი გვითხრა, აქ არ მოიყვანოთ, მაგას აღარაფერი ეშველება და აზრი არა აქვსო. როგორ არ ვთხოვეთ და უარით გამოგვისტუმრა, ვეღარაფრით ვუშველიო.
წამოვიყვანეთ სახლში, უკვე მართლა ძალიან ცუდად იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცნობილმა ექიმმა გვითხრა, რომ აღარაფერი ეშველებოდა ინდირას, ნათესავებმა ხელი არ ჩავიქნიეთ და გადავწყვიტეთ, კიდევ გვესინჯა ბედი სხვაგანაც. მივედით, „ნიუ ჰოსპიტალსში“, დაგვხვდა ბატონი დავით გიორგაძე, რომელიც თორაკალური ქირურგიის სამსახურის და ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ. სასწრაფოდ გაუკეთა ანალიზები და გვკითხა, ვინ გადაუწურა ინდირას ჯანმრთელობას წყალი… რომ გაიგო, რამდენ კლინიკაში ვიყავით, რა მედიკამენტები აქვს ნაკეთები და რომ ქიმიოთერაპიის 64 კურსი აქვს ჩატარებული და არც ერთი ოპერაცია – აღშფოთება ვეღარ დამალა.
აღმოჩნდა, რომ ინდირას კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს და ამოკვეთა ბატონმა დავითმა მარჯვენა ფილტვი. ახლა ინდირა უკვე აფხაზეთშია და თავს კარგად გრძნობს. ვესაუბრე, ძალიან მადლიერია, ბატონი დავითის. ამბობს, სულ ხაზზეა, მირეკავს, მკითხულობს ოპერაციის შემდეგაცო.
აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვამ სრულად დააფინანსა ოპერაციის თანხა.
ე.წ. საზღვარზე რომ გადადიოდა ინდირა, ჯარისკაცებს უკითხავთ, რატომ გადახვედი ასე ზედიზედ რამდენჯერმე იქეთ მხარესო. უპასუხია, რომ არა ქართველი ექიმები, მკვდარი ვიქნებოდიო!
ახლა მთავარია ცუდზე აღარ ვფიქრობთ. ჩემ ბიძაშვილს სიცოცხლე აჩუქა ბატონმა დავითმა და არ ვიცით, მადლიერების რა სიტყვები შეიძლება ვთქვათ, ექიმისთვის რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რომ სასიკვდილოდ განწირული ქალი გადაარჩინა.
ბატონი დავითის წყალობით, ინდირა დაუბრუნდა ორ შვილს და სამ შვილიშვილს და კიდევ დიდხანს დატკბება მათი ცქერით და მათი მოფერებით, კიდევ დიდხანს დატკბება სიცოცხლით. ის კოშმარული 8 წელი კი, რომლის მანძილზე 64 ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, როცა თმა არ ჰქონდა, მუდმივად ცუდად იყო და ყველა ექიმი სიკვდილს უწინასწარმეტყველებდა – წარსულს ჩავაბარეთ. ახალი ათვლა დავიწყეთ მისი სიცოცხლის და ამ ეტაპს დავარქვით, სიცოცხლე დავით გიორგაძის გაცნობის შემდეგ.
კომენტარები